1. თავისუფალი აეროსტატის პილოტის მოწმობის გაცემისას, კანდიდატს წაეყენება შემდეგი მოთხოვნები:

ა) ასაკი – არანაკლებ 18 წელი;

ბ) ცოდნა – კანდიდატმა გამოავლინა „თავისუფალი აეროსტატის პილოტის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნა, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

საჰაერო სამართალი

ბ.ა) „თავისუფალი აეროსტატის პილოტის მოწმობის“ მფლობელის კვალიფიკაციის შესაბამისი წესები და დებულებები; ფრენის წესები; სმმ-ის შესაბამისი წესები და პრაქტიკა;

საჰაერო ხომალდების ექსპლუატაცია

ბ.ბ) თავისუფალი აეროსტატის, მისი სისტემებისა და სახელსაწყო აღჭურვილობის მუშაობის პრინციპები; საექსპლუატაციო შეზღუდვები; შესაბამისი საექსპლუატაციო მონაცემები სეს-იდან;

ბ.გ) თავისუფალ აეროსტატში გამოყენებული აირების მახასიათებლები და პრაქტიკული მოხმარება;

საფრენოსნო მახასიათებლები, დაგეგმვა და დატვირთვა

ბ.დ) საფრენოსნო მახასიათებლებზე დატვირთვის გავლენა; მასის გამოთვლა;

ბ.ე) სასტარტო, დასაფრენი და სხვა მახასიათებლების პრაქტიკული გამოყენება, ტემპერატურის გავლენის ჩათვლით;

ბ.ვ) სამარშრუტო ფრენის გაფრენისწინა დაგეგმვა; სმმ-ის შესაბამისი წესები; სიმაღლსაზომის დაყენების წესი; დაძაბული მოძრაობის რაიონში ფრენა;

ადამიანის შესაძლებლობები

ბ.ზ) ადამიანის შესაძლებლობები თავისუფალი აეროსტატის პილოტთან შეფარდებით, საშიშროებისა და შეცდომების წარმომშობი ფაქტორების კონტროლის პრინციპების ჩათვლით (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემა: DOC 9683);

მეტეოროლოგია

ბ.თ) საავიაციო მეტეოროლოგიის საფუძვლების ცოდნა; მეტეოინფორმაციის მიღების წესი; სიმაღლის გაზომვა;

ნაოსნობა

ბ.ი) აერნაოსნობის პრაქტიკული ასპექტები და გზის გამოთვლის ხერხები; სააერნაოსნო რუკებით სარგებლობა;

საექსპლუატაციო წესები

ბ.კ) AIP, NOTAM და სააერნაოსნო ინფორმაციით სარგებლობა, საავიაციო კოდები და შემოკლებები;

ბ.ლ) სიფრთხილის ზომები და ავარიულ ვითარებაში მოქმედება, სახიფათო მეტეოპირობების, ტურბულენტური კვალისა და სხვა სახიფათო მოვლენების შემოვლის მიზნით მოქმედებათა ჩათვლით;

ფრენის საფუძვლები

ბ.მ) თავისუფალი აეროსტატის ფრენის საფუძვლები;

სარადიოტელეფონო კავშირი

ბ.ნ) კავშირის წარმართვის წესები და ფრაზეოლოგია; კავშირის დაკარგვისას საჭირო ქმედებები; საერთაშორისო ფრენების შესრულებისას სარადიოტელეფონო კავშირის ენის – ინგლისურის ცოდნა არანაკლებ მე-4 დონეზე (იკაოს შეფასებათა სკალის მიხედვით).

სულ ცოტა, მე-4 დონეზე.

2. გამოცდილება:

ა) კანდიდატმა თავისუფალი აეროსტატის პილოტის რანგში, უფლებამოსილ ინსტრუქტორთან ერთად, იფრინა არანაკლებ 16 სთ., რის განმავლობაშიც შეასრულა არანაკლებ 8 გაშვება და აწევა, საიდანაც ერთი მაინც უნდა იყოს დამოუკიდებელი. თუ კანდიდატი აპირებს კომერციული მგზავრების გადაყვანას, მას უნდა ჰქონდეს არანაკლებ 35 სთ. ნაფრენი, საიდანაც 20 სთ. უნდა იყოს თავისუფალი აეროსტატის პილოტის რანგში;

ბ) კანდიდატმა, სათანადო ზედამხედველობით, შეიძინა თავისუფალი აეროსტატების ექსპლუატაციის გამოცდილება, სულ ცოტა, შემდეგი მოცულობით:

ბ.ა) გაფრენისწინა მომზადება, აეროსტატის აწყობის, აღჭურვის, გავსების, სადგომზე დამაგრებისა და დათვალიერების ჩათვლით;

ბ.ბ) გაშვებისა და აწევისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები და წესები, შესაბამისი შეზღუდვები, ავარიულ ვითარებაში ქმედებები და გამოყენებული სიგნალები;

ბ.გ) შეჯახების თავიდან აცილების ზომები და ხერხები;

ბ.დ) აეროსტატის მართვა ხილული ორიენტირების მეშვეობით;

ბ.ე) სწრაფი დაშვების რეჟიმის ამოცნობა და იქიდან გამოსვლა;

ბ.ვ) ხილული ორიენტირების მეშვეობით და გზის გამოთვლის ხერხებით მარშრუტზე ფრენა;

ბ.ზ) დასაფრენად შესვლა და დაფრენა; მიწაზე აეროსტატთან მოპყრობის წესები;

ბ.თ) ავარიულ ვითარებაში ქმედებათა წესები;

გ) თუკი მოწმობით მინიჭებული უფლებები უნდა განხორციელდეს ღამითაც, კანდიდატი, სათანადო ზედამხედველობით, იღებს აეროსტატით ღამით ფრენის გამოცდილებას.

3. უნარი – კანდიდატმა, თავისუფალი აეროსტატის მეთაურის რანგში, უჩვენა ფრენისა და მანევრების შესრულების შესაძლებლობა, აგრეთვე უნარი:

ა) ამოიცნოს და აკონტროლოს საშიშროების წარმომშობი ფაქტორები და შეცდომები (იხ. იკაოს ოფიციალური გამოცემები: DOC 9868, 9683);

ბ) თავისუფალი აეროსტატი მართოს მისი შეზღუდვების ფარგლებში;

გ) ნარნარად და ზუსტად შეასრულოს ნებისმიერი მანევრი;

დ) მიიღოს სწორი გადაწყვეტილებები და ფრენისას განახორციელოს სათანადო მეთვალყურეობა;

ე) გამოიყენოს აერნაოსნობის დარგის ცოდნა;

ვ) თავისუფალი აეროსტატი მართოს ისე, რომ არ აღიძრას ფრენის სქემისა თუ მანევრის წარმატებით დასრულების ეჭვი.

4. ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით, კანდიდატი უნდა ფლობდეს II კლასის სამედიცინო სერტიფიკატს.

5. ამ წესებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემთხვევაში, „თავისუფალი აეროსტატის მოწმობის“ მფლობელს უფლება ეძლევა მეთაურის დანიშნულება შეასრულოს ნებისმიერ ცხელ ჰაერზე ან აირზე მოქმედ აეროსტატზე, თუ მას აქვს ამგვარ აეროსტატზე ფრენის გამოცდილებ