1. შახტის განიავება ისე უნდა განხორციელდეს, რომ მოქმედ გვირაბებში ჰაერის შედგენილობა, სიჩქარე, რაოდენობა და ტემპერატურა შეესაბამებოდეს  რეგლამენტისა და სტანდარტის  მოთხოვნათა გათვალისწინებით შემუშავებულ პროექტს.

2. შახტში მომუშავეთა უსაფრთხოების  და აფეთქებაუსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით გვირაბების ჰაერში, სადაც იმყოფებიან ან შეიძლება იმყოფებოდნენ ადამიანები, ჟანგბადის პროცენტული შემცველობა (მოცულობით), მეთანის, ნახშირორჟანგის, წყალბადის, სხვა მავნე აირებისა და მტვრის კონცენტრაცია  უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტით  დადგენილ ნორმებს.

3. გვირაბებში საამფეთქებლო სამუშაოების შემდეგ სანგრევში ადამიანების დაშვებამდე, მავნე აირების (ნახშირჟანგი, აზოტის ჟანგი და სხვა) შემცველობა  პირობით ნახშირჟანგზე გადაანგარიშებით არ უნდა აღემატებოდეს 0,008 %-ს მოცულობაში. ჰაერში მავნე აირების  ასეთი განზავება მიიღწეულ  უნდა იქნას სულ ცოტა 30 წთ-ის განმავლობაში.

4. უაირო შახტში მთავარი და დამხმარე ვენტილატორების დადგენილ ნორმაზე მეტი დროით გაჩერებისას ადამიანები გამოყვანილ უნდა იქნენ სუფთა ჭავლიან გვირაბებში.

5. მეთანის და ნახშირორჟანგის მიხედვით შახტის აირსიუხვე უნდა განისაზღვროს სტანდარტით  განსაზღვრული ჰაერის სინჯის აღების, აირსიუხვის განსაზღვრის და შახტის კატეგორიის დადგენის ინსტრუქციის შესაბამისად.

6. გვირაბებში ჰაერის მოძრაობის სიჩქარეები და შახტის გასანიავებელი ჰაერის მოცულობები უნდა განისაზღვროს შესაბამისი სტანდარტით.

7. ჰაერის მოძრაობის სიჩქარის დასაშვები ნორმის  გადამეტებისას,  გვირაბებში მუშაობა უნდა ჩატარდეს შახტის ტექნიკური ხელმძღვანელის მიერ შემუშავებული სპეციალური ღონისძიებების შესაბამისად.

8. დამოუკიდებელი განიავების მქონე შახტების ერთი სავენტილაციო სისტემით განიავება ნებადართულია მხოლოდ მოწვეული სპეციალისტის/სპეციალისტების  მიერ შესრულებული პროექტით.  ავარიის შემთხვევაში შახტების სავენტილაციო მომსახურება უნდა აწარმოოს ვენტილაციისა და უსაფრთხოების უბანმა სათანადოდ შედგენილი ერთიანი ავარიის ლიკვიდაციის გეგმით.

9. გვირაბებში, რომლებიც აერთიანებს დამოუკიდებელი განიავების მქონე  შახტებს და არ არის გაერთიანებული ერთიან სავენტილაციო სისტემად, საჭიროა მოეწყოს ყრუ აფეთქებამედეგი და ცეცხლგამძლე გამმიჯნავი ზღუდარები,  რომელთა დაყენების ადგილი და კონსტრუქცია უნდა დადგინდეს პროექტით.

10. დროებით გაჩერებული საექსპლუატაციო უბნები და გამოუყენებელი გვირაბები უნდა იყოს იზოლირებული. ასეთი გვირაბების ზღუდარების გახსნა და მავნე აირებისგან გაწმენდა უნდა მოხდეს მოწვეული და/ან შახტის სპეციალური სამაშველო სამსახურის მიერ, პროექტის შესაბამისად.

11. აკრძალულია შახტის ერთი და იმავე ჭაურის ან შტოლნის გამოყენება სუფთა და გამომავალი ჭავლის ერთდროული გატარებისათვის.

12. აკრძალულია ჩიხურ და საწმენდ გვირაბებში,  მოქმედ კამერებში, სუფთა ჰაერის მიწოდება და  , მათგან ნამუშევარი ჰაერის მოცილება ჩამოქცევებისა და  ჩამოწოლის ზონის გავლით. აკრძალვა არ ვრცელდება გვირაბის გაუქმების სამუშაოზე და ნამუშევარი სივრციდან მეთანის იზოლირებული არინების (მოცილების) შემთხვევაზე. თუ გვირაბების გაუქმებისას შეუძლებელია ჰაერის მიწოდება საერთო-საშახტო დეპრესიით, გამოყენებული უნდა იყოს ადგილობრივი განიავების ვენტილატორი.

13. საწმენდი სანგრევი, მასთან მომიჯნავე ჩიხურ გვირაბთან ერთად უნდა განიავდეს სუფთა ჰაერის ჭავლით. აირგამოყოფის მიხედვით III და ზეკატეგორიის შახტებში ლავების მიმდევრობითი განიავება, როგორც გამონაკლისი, დასაშვებია ტექნიკური რეგლამენტის და შესაბამისი სტანდარტის გათვალისწინებით შედგენილი პროექტის მიხედვით.

14. ბატარეების დასამუხტი კამერები და ფეთქებადი მასალების საწყობები უნდა განიავდეს სუფთა ჰაერის  დამოუკიდებელი ჭავლი