1. კეთილსაიმედო ზონაში გეგმურად უნდა განხორციელდეს პროფილაქტიკური ღონისძიებები. ბრუცელოზზე კეთილსაიმედოობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს  ცხოველთა  ჯანმრთელობაზე, გადაჯგუფებაზე, გადაადგილებაზე  ვეტერინარულ-სანიტარიული წესების შესრულებაზე შესაბამისი მონიტორინგისა და ვეტერინარული ზედამხედვლობის განხორციელებით.

2. დაავადების თავიდან აცილების მიზნით, ცხოველის მფლობელი ვალდებულია:

ა) არ დაუშვან დაავადებული ან/და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების შემოყვანა სხვა ცხოველის სადგომიდან, ფერმიდან;

ბ) ფერმაში, დასახლებულ პუნქტში შემოყვანილი ცხოველები ამყოფონ კარანტინში 30 დღის განმავლობაში;

გ) კარანტინში ყოფნის დროს ცხოველები უნდა გამოიკვლიონ ბრუცელოზზე სეროლოგიურად (როზბენგალის სინჯით, აგლუტინაციის რეაქციით, კომპლემენტის ხანგრძლივი ფიქსაციის რეაქციით). წვრილფეხა პირუტყვი გამოკვლეული უნდა იქნეს დამატებით ალერგიულად, ხოლო ერკემლები და მომსახურე პერსონალი უნდა შემოწმდნენ აგრეთვე ინფექციურ ეპიდიდიმიტზე;

დ) ცხოველები საერთო ჯგუფში შეიყვანონ მხოლოდ მათი ბრუცელოზზე კეთილსაიმედოობის დადგენის შემდეგ;

ე) იმ შემთხვევაში, თუ კარანტინის პერიოდში ცხოველები აღმოჩნდნენ ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირენი, უნდა განხორციელდეს ღონისძიებები დიაგნოზის დასაზუსტებლად. ბრუცელოზის დადგენის შემთხვევაში, ჯგუფის მთელი სულადობა უნდა დაიკლას ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით;

ვ) არ დაუშვან ცხოველების კონტაქტი ბრუცელოზის მხრივ არაკეთილსაიმედო ზონის ცხოველებთან;

ზ) სახელმწიფო ვეტერინარის მოთხოვნისთანავე, წარუდგინონ ცხოველები კლინიკური შემოწმებისა და დიაგნოსტიკური გამოკვლევისათვის, ასევე საპროფილაქტიკო აცრების ჩასატარებლად;

თ) ბრუცელოზის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნების (აბორტი, ადრეული მშობიარობა და ა.შ.) აღმოჩენისთანავე, ასეთი ცხოველები გამოაცალკეონ საერთო ჯგუფიდან, მოათავსონ ცალკე სადგომში და აცნობონ სახელმწიფო ვეტერინარს.

3. სახელმწიფო ვეტერინარი, ცხოველებში ბრუცელოზზე საეჭვო ნიშნების გამოჩენისთანავე, ვალდებულია დაავადებაზე ეჭვის შემთხვევაში   დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს და მიიღოს ზომები დიაგნოზის დასადგენად.

4. ბრუცელოზით ცხოველების დაავადების დროულად აღმოჩენის მიზნით, კეთილსაიმედო ზონაში უნდა ჩატარდეს გეგმური პროფილაქტიკური  დიაგნოსტიკური გამოკვლევები.

5. პროფილაქტიკის მიზნით კეთილსაიმედო ზონაში მყოფი ცხოველები ბრუცელოზზე გამოკვლევას ექვემდებარებიან წელიწადში ერთხელ.

6. გამოკვლევას ექვემდებარება მომთაბარე მეცხვარეობის ცხოველები და მოზარდი სულადობა 6 თვის ასაკიდან, ასევე კეთილსაიმედო ზონებში არსებული ცხვარი (თხა), რომელიც ტერიტორიულად ესაზღვრება ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ზონას.

7. ერთმანეთის მოსაზღვრე ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ზონებში არსებული წვრილფეხა პირუტყვი ექვემდებარება გამოკვლევას წელიწადში ორჯერ.

8. კეთილსაიმედო ფერმერულ მეურნეობაში, რომელიც განლაგებულია არაკეთილსაიმედო ზონაში, ბრუცელოზზე გამოკვლევას ექვემდებარებიან ცხოველები წელიწადში არანაკლებ ორჯერ, დეკეულები დათესვლის წინ და მის შემდეგ.

9. ბრუცელოზის სალიკვიდაციო ღონისძიებებს ახორციელებენ თითოეული არაკეთილსაიმედო კერისათვის შემუშავებული ღონისძიებათა გეგმის მიხედვით.

10. გამაჯანსაღებელი ღონისძიებების (დაავადების ლიკვიდაციის) გეგმაში ასახული უნდა იქნეს: ფერმის, დასახლებული პუნქტის ბრუცელოზის ეპიზოოტიური მდგომარეობა (დაავადების მიმდინარეობა, გავრცელების ხარისხი, ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინებით აცრილი ცხოველების რაოდენობა და სხვა),ბრუცელოზის საწინააღმდეგო იმუნიზაციის, დეზინფექციის, დერატიზაციის ჩატარების ვადები და თანმიმდევრობა, დაავადების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარების ვადები და მოცულობა, ცხოველების სეროლოგიური გამოკვლევით გამოვლენილი დაავადებული ცხოველების დაკვლის ვადები და თანმიმდევრობა, გასაჯანსაღებელ ფერმაში არაკეთილსაიმედო სულადობის ჯანმრთელი ცხოველებით შეცვლის ვადები და წყაროები, რძის გადამუშავების მეთოდები და საშუალებები.

11. უნდა განისაზღვროს არაკეთილსაიმედო ფერმის, დასახლებული პუნქტის გაჯანსაღების (დაავადების ლიკვიდაციის) მეთოდები და ვადები, მითითებულ იქნეს გეგმით გათვალისწინებული ცალკეული სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირები.

12. არაკეთილსაიმედო ზონაში აკრძალულია:

ა) კურო მწარმოებლების შეყვანა;

ბ) დროებითი სადგომის  (ჯგუფის) გადაადგილება სახელმწიფო ვეტერინართან შეთანხმების გარეშე;

გ) ფურებისგან მიღებული უმი რძის  სარეალიზაციო ქსელში გატანა. დაავადების კლინიკური ნიშნების მქონე (აბორტი და სხვ.) ცხოველებისგან მიღებული რძე უნდა განადგურდეს;

დ) საძოვრების გამოყენება, რომელზეც ძოვდა ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო დროებითი სადგომი ჯგუფი) 3 თვის განმავლობაში. ასეთი საძოვრებიდან აღებული თივა ექვემდებარება 2 თვით შენახვას, რის შემდეგაც ეძლევა ცხოველებს საკვებად იმავე დასახლებულ პუნქტში;

ე) ჯანმრთელი ცხოველების შეყვანა სადგომებში, რომლებშიც ადრე მოთავსებული იყვნენ დაავადებული ცხოველები მათი მექანიკური გაწმენდის, სასეირნო მოედნების და სხვა ობიექტების დეზინფექციისა და დერატიზაცის გარეშე;

ვ) ცხვრისა და თხის წველა, არადეზინფიცირებული სამაჟდაკე ტყავის დამუშავება (გაშრობა-გაწმენდა და სხვა), ბატკნებისაგან მიღებული სამაჟდაკე ტყავები ტანხორციდან მოცილებისთანავე ექვემდებარებიან დეზინფექციასა და დაკონსერვებას;

ზ) ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე ყველა სახის, ასევე აბორტირებული ცხოველები, დაუყოვნებლივ გამოყოფილი უნდა იქნეს საერთო ჯოგიდან და  დაიკლას ვეტერინარულ-სანიტარიული წესების დაცვით;

თ) ბრუცელოზზე დადებითად მორეაგირე ყველა სახის, ასევე აბორტირებული ცხოველების ყოფნა საერთო ჯგუფში. აღნიშნული ცხოველები ექვემდებარებიან დაუყოვნებლივ იზოლირებას საერთო ჯგუფიდან და კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით დაკვლას;

ი) რძის გასაფილტრი ქსოვილის, პირადი ჰიგიენის საგნების და სპეცტანსაცმლის სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების ან დუღილით გაუვნებელყოფის გარეშე გამოყენება. სადეზინფექციოდ შეიძლება გამოყენებული იქნეს კალციუმის ჰიპოქლორიდი, ქლორიანი კირი, ქლორიან სარეცხ საშუალებებთან ერთად;

კ) ცხოველთა სადგომების გამოყენება დასუფთავებისა და სადეზინფექციო საშუალებებით დამუშავების, სასანაციო ღონისძიებების ჩატარების გარეშე. ასეთ სადგომებში ჯანმრთელი ცხოველების შეყვანა შეიძლება სახელმწიფო ვეტერინართან შეთანხმებით.

13. ბრუცელოზიანი ცხოველების დაკვლა ხდება ცხოველთა სასაკლაოზე სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვით. ასეთი ცხოველების დაკვლის შედეგად მიღებული ხორცისა და სხვა პროდუქტების გამოყენება ხდება კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების დაცვით.

14. არაკეთილსაიმედო პუნქტში ცხოველთა სადგომებში და ირგვლივ ტერიტორიაზე უნდა ჩატარდეს სათანადო ღონისძიებები დეზინფექციის, დეზინვაზიის, დეზინსექციის და დერატიზაციის ინსტრუქციების შესაბამისად.

15. ნაკელი ექვემდებარება ბიოთერმულ გაუვნებლებას.

16.     ცხოველთა  მფლობელები ვალდებულნი არიან:

ა) უზრუნველყონ ბრუცელოზთან ბრძოლის საკითხებზე სახელმწიფო ვეტერინარის მითითებების შესრულება;

ბ) მეცხოველეობის საკუთარ მეურნეობებში გაატარონ დაავადების პროფილაქტიკისა და გაჯანსაღების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები;

გ) უზრუნველყონ ჯანმრთელი  და დაავადებაზე საეჭვო ცხოველთა ჯგუფების ცალ-ცალკე ძოვება და დაწყურება, რომ გამოირიცხოს ბრუცელოზის დაავადების გავრცელება;

დ) ზუსტად დაიცვან ვეტერინარულ-საკარანტინო წესები დაავადების აცილების მიზნით;

ე) გაუწიონ სისტემატური დახმარება სახელმწიფო ვეტერინარებს ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, ბრუცელოზის საწინააღმდეგო აცრების, დეზინფექციის, დერატიზაციის ჩატარებაში, ასევე უზრუნველყონ გამოსაკვლევი პათმასალის მიტანა ვეტერინარიულ ლაბორატორიაში.

17. ადამიანის ბრუცელოზისაგან დაცვის ღონისძიებებია:

ა) ყველა პირი, რომელიც უშუალოდ ემსახურება ბრუცელოზზე არაკეთილსაიმედო ცხოველებს, ვალდებულია მკაცრად დაიცვას პირადი ჰიგიენა და სახელმწიფო ვეტერინარის მითითებები;

ბ) მეცხოველეობის ყველა მუშაკი უზრუნველყოფილი უნდა იყოს პირადი ჰიგიენის საგნებითა და სპეცტანსაცმლით.

18. დასახლებული პუნქტი, ცხოველთა სადგომი ითვლება ბრუცელოზზე კეთლსაიმედოდ, თუ მათში აღარ იმყოფებიან დაავადებული ცხოველები და თუ გატარებულია დაავადებასთან ბრძოლის ამ წესით გათვალისწინებული ღონისძიებები,  სააგენტო მიმართავს სახელმწიფო რწმუნებულს - გუბერნატორს  კარანტინის მოხსნის თაობაზე.

დანართი №4

ცხოველების  ტუბერკულოზთან ბრძოლის

პროფილაქტიკურ-საკარანტინო წე