1. ტუბერკულოზის გამოვლინების შემთხვევაში ცხოველის მფლობელის ტერიტორია უნდა გამოცხადდეს ამ ინფექციის მიმართ არაკეთილსაიმედოდ.
2. ტუბერკულოზის პროფილაქტიკისა და ლიკვიდაციის ღონისძიებათა გეგმები უნდა შედგეს ცხოველის ცალკეული სახეობის, დასახლებული პუნქტისა და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის მიხედვით. ტუბერკულოზის ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესება და მოხსნა ხორციელდება სახელმწიფო რწმუნებულის - გუბერნატორის მიერ.
3. ცხოველების მფლობელები ვალდებულნი არიან:
ა) შეასრულონ სახელმწიფო ვეტერინარების მოთხოვნები ტუბერკულოზის ლიკვიდაციისთვის;
ბ) სწორად გამოიყენონ კეთილსაიმედო ცხოველების ჯგუფის საძოვარი სავარგულები, დასარწყულებელი ადგილები, უზრუნველყონ ჯანმრთელი პირუტყვის განთავსება ვეტერინარულ-საკარანტინო პირობების დაცვით;
გ) არაკეთილსაიმედო კერებში განახორციელონ რძის და რძის ნაწარმის საიმედო გაუვნებლობა;
დ) სახელმწიფო ვეტერინარებს გაუწიონ სათანადო დახმარება ტუბერკულოზის სადიაგნოსტიკო გამოკვლევების, დეზინფექციების და სხვა ღონისძიებების ჩატარებაში, არ დაუშვან უცხო პირთა შესვლა, ტრანსპორტის მოძრაობა და ცხოველთა გადაჯგუფება მისი თანხმობის გარეშე;
ე) დროულად უზრუნველყონ მომსახურე პერსონალის გამოკვლევა ტუბერკულოზზე და სამედიცინო შემოწმების გარეშე არ დაუშვან ისინი ცხოველებთან, უზრუნველყონ სპეცტანსაცმლით და ფეხსაცმლით.
4. აკრძალულია:
ა) ცხოველთა გადაადგილება არაკეთილსაიმედო ზონაში;
ბ) არაკეთილსაიმედო ზონიდან თივის, ნამჯის და სხვა უხეში საკვების გატანა;
გ) ბაზრობებისა და გამოფენების მოწყობა;
დ) დაავადებული, დაავადებაზე დადებითად მორეაგირე ცხოველების და მათგან მიღებული თაობის გამოყენება აღწარმოებისათვის;
ე) არაკეთილსაიმედო ზონიდან ცხოველების გაყიდვა გამოზრდისა და გასუქების მიზნით;
ვ) ცხოველთა სადგომებში ტუბერკულოზიანი პირუტყვის შენახვა;
ზ) არაკეთილსაიმედო კერიდან გაუვნებელყოფილი რძის გატანა სარეალიზაციოდ. ასეთი რძე დაავადების საბოლოო ლიკვიდაციამდე სისტემატიურად საჭიროებს ადგილზე თერმულ დამუშავებას;
თ) დაავადებაზე საეჭვო ცხოველთა ჯგუფის ძოვება, დარწყულება და სხვაგვარი კონტაქტი კეთილსაიმედო ჯგუფის ცხოველებთან ერთად;
ი) დაავადებაზე საეჭვო ცხოველების ჯგუფის გადარეკვა-გადაყვანა მომთაბარე საძოვარზე.
5. ტუბერკულოზზე დადებითად მორეაგირე და ავადმყოფი ცხოველი ნამატთან ერთად უნდა განცალკევდეს და დაიკლას მიუხედავად მისი კონდიციისა, ასაკისა, მაკეობისა და საწარმოო ღირებულებისა, სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობით. ხორცი და ხორცპროდუქტები გამოყენებულ უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად.
6. ტუბერკულოზიანი ცხოველის ლეში დაუყოვნებლივ უნდა განადგურდეს.
7. ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო სადგომებსა და ტერიტორიაზე დაცულ უნდა იქნეს სისუფთავე. ჩატარდეს დეზინფექცია, დერატიზაცია და სხვა ვეტერინარული ღონისძიებები.
8. ტუბერკულოზიანი ცხოველის მიერ გამოყოფილი ნაკელი, ქვეშსაფენი, საკვები და ნარჩენები უნდა მოისპოს ან გაუვნებლდეს ბიოლოგიური, ქიმიური ან ფიზიკური მეთოდით.
9. ყველა პირი, რომელიც უშუალოდ ემსახურება ტუბერკულოზზე არაკეთილსაიმედო ცხოველებს, ვალდებულია მკაცრად დაიცვას პირადი ჰიგიენა და ვეტერინარი სპეციალისტის მითითებები.
დანართი №5
ცხოველების ცოფთან ბრძოლის პროფილაქტიკურ-საკარანტინო
წე