1.ლაბორატორიაში აუცილებელია შემდეგი პროცედურების დაცვა:

ა) პოტენციურად საშიშ მასალაზე მუშაობის დამთავრებისთანავე,  თანამშრომლებმა უნდა დაიბანონ ხელები ლაბორატორიის ოთახში;

ბ) ლაბორატორიის ოთახში აკრძალულია ჭამა, დალევა, თამბაქოს მოწევა, კონტაქტურ ლინზებთან შეხება, კოსმეტიკის გამოყენება და საჭმლის შენახვა. საჭმელი უნდა ინახებოდეს ლაბორატორიის გარეთ, შესაბამის კარადებსა და მაცივრებში;

გ) პირით პიპეტირება აკრძალულია. გამოყენებულ უნდა იქნეს მექანიკური პიპეტები;       დ) დანერგილი უნდა იქნეს ბასრ საგნებთან (ნემსები, სკალპელები, პიპეტები და გატეხილი მინის ჭურჭელი) მუშაობის სტანდარტული პროცედურები. საჭიროების შემთხვევაში, ლაბორატორიის ხელმძღვანელმა პირმა უნდა დანერგოს გაუმჯობესებული საინჟინრო კონტროლი და სამუშაო პრაქტიკა, რომელიც შეამცირებს ბასრი საგნებით დაზიანების რისკს;

ე) შხეფების და/ან აეროზოლების გამომწვევი ყველა პროცედურა მინიმუმადე უნდა იქნეს დაყვანილი;

ვ) მუშაობის დამთავრების შემდეგ, სამუშაო ზედაპირი უნდა დამუშავდეს და დეზინფიცირდეს;

ზ) პოტენციურად ინფექციური მასალის დაღვრის ან გაშხეფების შემთხვევაში, გამოყენებული უნდა იყოს  შესაბამის სტანდარტულ ოპერაციულ პროცედურაში გაწერილი წესები;

თ) ყოველგვარი კულტურის და პოტენციურად ინფექციური მასალის ეფექტიანი გაუვნებელყოფა უნდა მოხდეს განადგურებამდე;

ი) ბიოსაფრთხის უნივერსალური სიმბოლო  უნდა იქნეს გაკრული იმ ლაბორატორიის შესასვლელთან, სადაც ინფექციური აგენტებია. სიმბოლოსთან ერთად მოცემული უნდა იყოს გამოყენებული ბიოლოგიური აგენტების ჩამონათვალი, ლაბორატორიის ხელმძღვანელის ან სხვა პასუხისმგებელი პირის  სახელი და ტელეფონის ნომერი. ინფორმაცია ბიოლოგიური აგენტის შესახებ მოცემული უნდა იყოს დაწესებულებაში მიღებული წესის შესაბამისად;

კ) სავალდებულოა მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო ეფექტიანი პროგრამის დანერგვა.

2. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა უნდა უზრუნველყოს პერსონალის შესაბამისი პროფესიული სწავლება ბიოუსაფრთხოების კუთხით, რათა მოხდეს ექსპოზიციის პრევენცია. პერსონალმა უნდა გაიაროს ყოველწლიური გადამზადება ან დამატებითი სწავლება, პროცედურების ან განაწესის ცვლილებების შემთხვევაში. ლაბორატორიის პერსონალს, განსაკუთრებით კი რეპროდუქციული ასაკის ქალებს, უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა წინაპირობას წარმოადგენს მათი იმუნური სისტემის მდგომარეობა ინფიცირებისათვის. აღნიშნულ ინდივიდებს უნდა გაეწიოთ დახმარება, რათა  მიმართონ ჯანმრთელობის შესაბამის სამსახურს საჭირო კონსულტაციებისა და რეკომენდაციებისათვის.

3. ინფექციური მასალის შეფუთვა და ტრანსპორტირება უნდა მოხდეს შესაბამისი საერთაშორისო და/ან ეროვნული რეგულაციების შესაბამისა