1. შესყიდვის ელექტრონულ პროცედურებსა და ფასთა გამოკითხვაში პრეტენდენტთა რიგითობა განისაზღვრება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის ან თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ხარისხისა და ფასის კრიტერიუმებს, ყველაზე მაღალი ჯამური ქულის მიხედვით.

2. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ხარისხისა და ფასის კრიტერიუმებს, იგი, პირველ ეტაპზე, პრეტენდენტებსა და მათ წინადადებებს აფასებს განსაზღვრულ მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობის კუთხით, ხოლო შემდგომ – ხარისხობრივი თვალსაზრისით და შესაბამის კრიტერიუმში ანიჭებს შესაბამის ქულას, ჯამური ქულის გამოთვლის მიზნით.

3. პრეტენდენტი ექვემდებარება დისკვალიფიკაციას, თუ:

ა) წინადადებას წარადგენს შესყიდვის ელექტრონული პროცედურების განცხადებაში (არსებობის შემთხვევაში, ასევე დოკუმენტაციაში) ან წერილობით მოწვევაში განსაზღვრული ვადის დარღვევით;

ბ) მისი წინადადება არ შეესაბამება შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ მოთხოვნებს;

გ) შემსყიდველი ორგანიზაციის მოთხოვნის შესაბამისად არ დააზუსტებს წინადადებას;

დ) დაზუსტების შედეგად არსებითად შეცვლის წინადადებას ან/და გაზრდის წინადადების ფასს;

ე) ხელშეკრულების დადების უფლების მოპოვების მიზნით ჩაიდენს არაკეთილსინდისიერ ქმედებას;

ვ) უარს იტყვის წინადადებაზე/ხელშეკრულების გაფორმებაზე.

4. შემსყიდველი ორგანიზაცია არ ახდენს პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას, თუ მისი წინადადება არ შეიცავს ისეთ მონაცემს ან/და შეიცავს ისეთ უზუსტობებს, რომელთა წარმოდგენა ან/და დაზუსტება არ გამოიწვევს წინადადების არსებით ცვლილებას ან/და არ გაზრდის წინადადების ფასს. თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ხარისხისა და ფასის კრიტერიუმებს, იგი პრეტენდენტებს დაზუსტების მოთხოვნით მიმართავს მათი წინადადებების ხარისხობრივ შეფასებამდე.

5. გამარჯვებულად ვლინდება ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე ის პრეტენდენტი, რომლის წინადადებაც სრულად შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს, ხოლო თუ შემსყიდველი ორგანიზაცია იყენებს ხარისხისა და ფასის კრიტერიუმებს – ყველაზე მაღალი ჯამური ქულის მქონე პრეტენდენტი, რომლის წინადადებაც სრულად შეესაბამება განსაზღვრულ მოთხოვნებს.

6. თუ ყველაზე დაბალი წინადადების ფასის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, პროცედურა გრძელდება რიგით მომდევნო პრეტენდენტის მიმართ. ამასთან, შემსყიდველ ორგანიზაციას უფლება აქვს, შეწყვიტოს პროცედურები, თუ მომდევნო პრეტენდენტის წინადადების ფასი ბაზარზე შეცვლილი გარემოებების შედეგად მნიშვნელოვნად აღემატება ამ შესყიდვის ობიექტის საბაზრო ღირებულებას.

7. თუ ყველაზე მაღალი ჯამური ქულის მქონე პრეტენდენტი მიიღებს დისკვალიფიკაციას, პროცედურა გრძელდება რიგით მომდევნო პრეტენდენტის მიმართ.

8. შერჩევა-შეფასებისა და გამარჯვებულის გამოვლენის საერთო ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს 3 თვე