1. მარეგულირებელი ორგანო ასრულებს შემდეგ მოვალეობებს:
(a) გამჭვირვალე კრიტერიუმების შესაბამისად გადაცემის ან განაწილების ტარიფების ან მათი მეთოდოლოგიების განსაზღვრა ან დამტკიცება;
(b) გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების და მფლობელების, ასეთის არსებობისას, ისევე როგორც ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ დირექტივით და გაერთიანების სხვა შესაბამისი კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების დაცვის უზრუნველყოფა, მათ შორის ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით;
(c) შესაბამისი წევრი სახელმწიფოების მარეგულირებელ ორგანოსთან ან ორგანოებთან და სააგენტოსთან თანამშრომლობა ტრანსსასაზღვრო საკითხებთან დაკავშირებით;
(d) სააგენტოსა და კომისიის შესაბამისი, შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებების შესრულება და მათი იმპლემენტაცია;
(e) წევრი სახელმწიფოს შესაბამისი ორგანოებისთვის, სააგენტოსთვის და კომისიისთვის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენა თავის საქმიანობასთან დაკავშირებით და მათ წინაშე თავისი მოვალეობების შესრულება. აღნიშნული ანგარიში უნდა მოიცავდეს ამ მუხლით გათვალისწინებულ თითოეულ ფუნქციასთან დაკავშირებით გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღებულ შედეგებს;
(f) გადაცემის, განაწილებისა და მიწოდების საქმიანობებს შორის ჯვარედინი სუბსიდირების არარსებობის უზრუნველყოფა;
(g) გადამცემი სისტემის ოპერატორების საინვესტიციო გეგმების მონიტორინგი და თავის ანგარიშში გადამცემი სისტემის ოპერატორების საინვესტიციო გეგმების შეფასება რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-8(3) მუხლის (b) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გაერთიანების ქსელის განვითარების გეგმასთან მათი შესაბამისობის თვალსაზრისით; შეფასება უნდა ითვალისწინებდეს რეკომენდაციებს აღნიშნულ საინვესტიციო გეგმებში შესწორებების შეტანის თაობაზე;
(h) ქსელის უსაფრთხოებისა და საიმედოობის წესებთან შესაბამისობის მონიტორინგი და წარსულში მათი შესრულების მიმოხილვა, მომსახურების და მიწოდების ხარისხის სტანდარტისა და მოთხოვნების დადგენა ან დამტკიცება ან მისთვის ხელის შეწყობა სხვა კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად;
(i) გამჭვირვალობის, მათ შორის საბითუმო ფასების გამჭვირვალობის დონის მონიტორინგი და ელექტროენერგეტიკული საწარმოების მიერ გამჭვირვალობის მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფა;
(j) საბითუმო და საცალო გაყიდვის დონეზე ბაზრის ღიაობის დონისა და ეფექტურობის და კონკურენციის მონიტორინგი, მათ შორის ელექტროენერგიის გაცვლის, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის განკუთვნილი ფასების, მათ შორის წინასწარ გადახდის სისტემების, გადართვის ტარიფების, გამორთვის ტარიფების, ტექნიკური უზრუნველყოფის გადასახადების და ასეთი მომსახურების განხორციელების, საყოფაცხოვრებო მომხმარებლების პრეტენზიების, ასევე კონკურენციის დარღვევის ან აკრძალვის ნებისმიერი შემთხვევის, აუცილებელი ინფორმაციისა და კონკრეტული შემთხვევების შესაბამისი საკონკურსო ორგანოებისთვის შეტყობინების ჩათვლით;
(k) შემზღუდავი სახელშეკრულებო ურთიერთობების პრაქტიკის მონიტორინგი, ექსკლუზიურობის პირობების ჩათვლით, რამაც შესაძლოა მსხვილ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელს ხელი შეუშალოს ან შეუზღუდოს არჩევანის უფლება ერთდროულად ერთზე მეტ მიმწოდებელთან ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით და, სადაც მიზანშეწონილია სახელმწიფო საკონკურსო ორგანოებისთვის ასეთი პრაქტიკის შესახებ შეტყობინება;
(l) წყვეტილი მიწოდების ხელშეკრულებებთან და გრძელვადიან ხელშეკრულებებთან მიმართებაში სახელშეკრულებო ურთიერთობების თავისუფლების პრინციპის დაცვა, იმ პირობით თუ აღნიშნული ხელშეკრულებებით დაცულია გაერთიანების კანონმდებლობისა და გაერთიანების პოლიტიკის მოთხოვნები;
(m) გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ მიერთებასა და შეკეთებაზე დახარჯული დროის მონიტორინგი;
(n) სხვა შესაბამის ორგანოებთან ერთად მომხმარებელთა დაცვის ღონისძიებების, მათ შორის I დანართით დადგენილი ღონისძიებების ეფექტურობისა და მათი განხორციელების უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება;
(o) მინიმუმ წელიწადში ერთხელ მიწოდების ფასების მე-3 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობაზე რეკომენდაციების გამოქვეყნება და, სადაც მიზანშეწონილია, მათი საკონკურსო ორგანოსთვის მიწოდება;
(p) მომხმარებელთა მოხმარების მონაცემებზე დაშვების, სახელმწიფო დონეზე მარტივად გასაგები მოხმარების მონაცემების ფორმატის და I დანართის (h) ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მონაცემებზე მომხმარებელთა სწრაფი დაშვების უზრუნველყოფა არასავალდებულო გამოყენებისთვის;
(q) გადამცემი სისტემის ოპერატორების, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების, მიმწოდებლების, მომხმარებლების და რეგულაციით (EC) N 714/2009 გათვალისწინებული ბაზრის სხვა მონაწილეების ფუნქციებთან და ვალდებულებებთან დაკავშირებული წესების შესრულების მონიტორინგი;
(r) მიწოდების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გენერაციის სიმძლავრეებში ინვესტირების მონიტორინგი;
(s) გაერთიანებისა და მესამე მსოფლიოს ქვეყნების გადამცემი სისტემის ოპერატორებს შორის ტექნიკური თანამშრომლობის მონიტორინგი;
(t) 42-ე მუხლით გათვალისწინებული უსაფრთხოების ზომების განხორციელების მონიტორინგი; და
(u) რეგიონალურ დონეზე ყველაზე მნიშვნელოვანი საბაზრო პროცესებისთვის მონაცემთა გაცვლის პროცესების თავსებადობის ხელშეწყობა.
2. წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილებით პირველი აბზაცით გათვალისწინებული მონიტორინგის ფუნქცია შესაძლოა შეასრულოს მარეგულირებელი ორგანოს გარდა სხვა ორგანომ. ასეთ შემთხვევაში, მონიტორინგის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიეწოდებოდეს მაქსიმალურად მოკლე დროში.
დამოუკიდებლობის შენარჩუნების ფონზე, მისი კონკრეტული კომპეტენციების შეუზღუდავად და უკეთესი რეგულირების პრინციპების შესაბამისად, სიტუაციიდან გამომდინარე მარეგულირებელმა ორგანომ კონსულტაცია უნდა გაუწიოს გადამცემი სისტემის ოპერატორებს და, სიტუაციიდან გამომდინარე, მჭიდროდ ითანამშრომლოს სხვა შესაბამის სახელმწიფო ორგანოებთან პირველი აბზაცით დადგენილი მოვალეობების შესრულებისას.
მარეგულირებელი ორგანოს ან სააგენტოს მიერ ამ დირექტივის შესაბამისად გაცემული თანხმობა არ ზღუდავს მარეგულირებელი ორგანოს მიერ მომავალში სათანადო საფუძვლის არსებობისას ამ მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილებების გამოყენებას ან სხვა შესაბამისი ორგანოების ან კომისიის მიერ დაწესებულ სანქციებს.
3. ამ მუხლის პირველი აბზაცით დაკისრებული მოვალეობების გარდა, მე-13 მუხლის თანახმად დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის დანიშვნის შემთხვევაში მარეგულირებელი ორგანო:
(a) ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს გადამცემი სისტემის მფლობელისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას და შეუსაბამობის შემთხვევაში დააწესოს სანქციები მე-4(d) აბზაცის თანახმად;
(b) ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს ურთიერთობასა და კომუნიკაციას დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის მფლობელს შორის, რათა უზრუნველყოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ვალდებულებების შესრულება, კერძოდ დაადასტუროს ხელშეკრულებები და იმოქმედოს დავების მომრიგებელი ორგანოს სახით დამოუკიდებელ სისტემის ოპერატორსა და გადამცემი სისტემის მფლობელს შორის ნებისმიერი პრეტენზიის შემთხვევაში, რომელიც წამოჭრილი იქნება რომელიმე მხარის მიერ მე-11 აბზაცის თანახმად;
(c) ვალდებულია მე-13(2) მუხლის (c) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროცედურის შეუზღუდავად, ქსელის განვითარების პირველი ათწლიანი გეგმისთვის დაამტკიცოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ ყოველწლიურად წარმოდგენილი საინვესტიციო დაგეგმვა და ქსელის განვითარების მრავალწლიანი გეგმა;
(d) ვალდებულია უზრუნველყოს, რომ დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ აკრეფილი ქსელზე დაშვების ტარიფები მოიცავდეს ქსელის მფლობელის ან მფლობელების ანაზღაურებას, რაც უზრუნველყოფს ადეკვატურ ანაზღაურებას ქსელის აქტივებისა და ნებისმიერი ახალი ინვესტიციისთვის ამ მიმართულებით, მათი ეკონომიურად და ეფექტურად განხორციელების შემთხვევაში;
(e) უფლებამოსილია განახორციელოს შემოწმება, მათ შორის არაგეგმიური შემოწმება, გადამცემი სისტემის მფლობელისა და დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის ობიექტებზე; და
(f) ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს გადატვირთვის გადასახადის გამოყენებას, რომლის აკრეფაც მოხდა დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორის მიერ რეგულაციის (EC) N 714/2009 მე-16(6) მუხლის თანახმად.
4. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ მარეგულირებელი ორგანოებისთვის ისეთი უფლებამოსილების მინიჭება, რაც საშუალებას მისცემთ მათ ეფექტიანად და დაჩქარებული წესით შეასრულონ პირველი, მე-3 და მე-6 აბზაცებით გათვალისწინებული ფუნქციები. ამ მიზნით მარეგულირებელ ორგანოს უნდა ჰქონდეს მინიმუმ შემდეგი უფლებამოსილებები:
(a) მიიღოს შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებები ელექტროენერგეტიკულ საწარმოებთან დაკავშირებით;
(b) ჩაატაროს კვლევა ელექტროენერგიის ბაზრის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, და გადაწყვეტილება მიიღოს და დააწესოს აუცილებელი და ადეკვატური ღონისძიებები ეფექტური კონკურენციის ხელშეწყობისა და ბაზრის გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით. სადაც მიზანშეწონილია, მარეგულირებელ ორგანოს ასევე უნდა ჰქონდეს უფლება, კონკურენციის კანონმდებლობასთან დაკავშირებული კვლევის ჩატარებისას ითანამშრომლოს სახელმწიფო საკონკურსო ორგანოსთან და ფინანსური ბაზრის მარეგულირებლებთან ან კომისიასთან;
(c) ელექტროენერგეტიკული საწარმოებისგან მოითხოვოს მისი ამოცანების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის მესამე მხარის დაშვებაზე უარის თქმის საფუძვლებთან დაკავშირებით, ასევე ნებისმიერი ინფორმაცია ქსელის გაძლიერებისთვის საჭირო ღონისძიებებზე;
(d) დააკისროს ეფექტური, თანაზომიერი და გადამწყვეტი სანქციები იმ ელექტროენერგეტიკულ საწარმოებს, რომლებიც არ ასრულებენ ამ დირექტივით გათვალისწინებულ ვალდებულებებს ან მარეგულირებელი ორგანოს ან სააგენტოს მიერ მიღებულ შესასრულებლად სავალდებულო გადაწყვეტილებებს, ან შესთავაზოს კომპეტენტური სასამართლოს მიერ ასეთი სახის სანქციების დაწესება. აღნიშნული უნდა გულისხმობდეს გადამცემი სისტემის ოპერატორზე სანქციის დაკისრების შეთავაზების ან სანქციის დაკისრების უფლებამოსილებას გადამცემი სისტემის ოპერატორის წლიური ბრუნვის 10%-მდე ოდენობით, ხოლო ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოზე ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს წლიური ბრუნვის 10%-მდე ოდენობით, გარემოებებიდან გამომდინარე, ამ დირექტივით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობისთვის; და
(e) მოკვლევის შესაბამისი უფლებები და მითითებების გაცემის სათანადო უფლებამოსილება დავების მოგვარების მიზნით მე-11 და მე-12 აბზაცების თანახმად.
5. ამ მუხლის პირველი და მეოთხე აბზაცების თანახმად მინიჭებული უფლება-მოვალეობების გარდა, თუ გადამცემი სისტემის ოპერატორი დანიშნულია V თავის შესაბამისად, მარეგულირებელ ორგანოს უნდა მიენიჭოს მინიმუმ შემდეგი უფლება-მოვალეობები:
(a) მე-4(d) აბზაცის თანახმად სანქციები დააწესოს ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს სასარგებლოდ განხორციელებული დისკრიმინაციული ქცევისთვის;
(b) მონიტორინგი გაუწიოს კომუნიკაციას გადამცემი სისტემის ოპერატორსა და ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოს შორის, რათა უზრუნველყოფილი იქნეს გადაცემის სისტემის ოპერატორის მიერ თავისი ვალდებულებების შესრულება;
(c) იმოქმედოს დავების მომგვარებელი ორგანოს სახით ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის, მე-11 აბზაცის თანახმად წარმოდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით;
(d) მონიტორინგი გაუწიოს კომერციულ და ფინანსურ ურთიერთობებს, მათ შორის სესხებს ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის;
(e) დაადასტუროს ყველა კომერციული და ფინანსური შეთანხმება ვერტიკალურად ინტეგრირებულ საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორს შორის იმ შემთხვევაში, თუ ისინი აკმაყოფილებენ ბაზრის პირობებს;
(f) მოითხოვოს დასაბუთება ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსაგან, როდესაც შესაბამისობის კონტროლის სპეციალისტისგან მიიღებს შეტყობინებას 21(4)-ე მუხლის შესაბამისად. კერძოდ, ეს დასაბუთება უნდა მოიცავდეს მტკიცებულებას იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი არ ჰქონია დისკრიმინაციულ ქცევას ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს სასარგებლოდ;
(g) ჩაატაროს შემოწმება, მათ შორის დაუგეგმავი შემოწმება, ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოსა და გადამცემი სისტემის ოპერატორის ობიექტებზე; და
(h) გადამცემი სისტემის ოპერატორის ყველა ან კონკრეტული ამოცანების შესრულება დაავალოს დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორს მე-13 მუხლის თანახმად, გადამცემი სისტემის ოპერატორის მხრიდან თავისი ვალდებულებების სისტემატური დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს სასარგებლოდ განმეორებით განხორციელებული დისკრიმინაციული ქმედების შემთხვევაში.
6. მარეგულირებელი ორგანოები პასუხისმგებელნი არიან მათ ძალაში შესვლამდე საკმარისად ადრე დაადგინონ ან დაამტკიცონ მინიმუმ ის მეთოდოლოგიები, რომლებიც გამოიყენება შემდეგი პირობების განსაზღვრის ან დადგენის მიზნით:
(a) სახელმწიფო ქსელზე მიერთებისა და დაშვების პირობები, მათ შორის გადაცემისა და განაწილების ტარიფები ან მათი მეთოდოლოგიები. ეს ტარიფები ან მეთოდოლოგიები უნდა იძლეოდეს ქსელში საჭირო ინვესტიციების განხორციელების საშუალებას ისე, რომ აღნიშნული ინვესტიციებით უზრუნველყოფილი იქნეს ქსელის რენტაბელურობა;
(b) დამბალანსებელი მომსახურების მიწოდების პირობები, რომლებიც გაწეული უნდა იქნეს ყველაზე ეკონომიური გზით და უნდა მოახდინოს ქსელის მომხმარებლების სტიმულირება, რათა დააბალანსონ თავიანთი დანახარჯები და წარმოება. დამბალანსებელი მომსახურების მიწოდება უნდა მოხდეს სამართლიანი და არადისკრიმინაციული გზით ობიექტური კრიტერიუმების საფუძველზე; და
(c) ტრანსსასაზღვრო ინფრასტრუქტურაზე დაშვების პირობები, მათ შორის სიმძლავრის განაწილებისა და გადატვირთვის მართვის პროცედურები.
7. მე-6 აბზაცით გათვალისწინებული მეთოდოლოგიები ან პირობები უნდა გამოქვეყნდეს.
8. ტარიფების ან მეთოდოლოგიების ან დამბალანსებელი მომსახურების დადგენისას ან დამტკიცებისას მარეგულირებელმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების სათანადო სტიმულირება გრძელვადიან და მოკლევადიან პერიოდში, ეფექტიანობის გაზრდის, ბაზრის ინტეგრაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერების და აღნიშნულთან დაკავშირებული კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით.
9. მარეგულირებელმა ორგანოებმა მონიტორინგი უნდა გაუწიონ სახელმწიფო ელექტროენერგეტიკული სისტემების, მათ შორის ურთიერთდამაკავშირებლების გადატვირთვის მართვას, და გადატვირთვის მართვის წესების დანერგვას. ამ მიზნით გადამცემი სისტემის ოპერატორებმა ან ბაზრის ოპერატორებმა ეროვნულ მარეგულირებელ ორგანოებს უნდა წარუდგინონ გადატვირთვის მართვის წესები, სიმძლავრის განაწილების ჩათვლით. ეროვნულმა მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაძლოა მოითხოვონ ამ წესებში შესწორებების შეტანა.
10. მარეგულირებელი ორგანოები უფლებამოსილნი არიან მოსთხოვონ გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებს საჭიროების შემთხვევაში პირობების, მათ შორის ამ მუხლით გათვალისწინებული ტარიფების ან მეთოდოლოგიების შეცვლა, რათა უზრუნველყოფილი იქნეს მათი თანაზომიერება და არადისკრიმინაციული ფორმით გამოყენება. გადაცემისა და განაწილების ტარიფების დადგენის დაყოვნების შემთხვევაში მარეგულირებელ ორგანოებს უფლება აქვთ დაადგინონ ან დაამტკიცონ გადაცემისა და განაწილების დროებითი ტარიფები ან მეთოდოლოგიები, და მიიღონ გადაწყვეტილება შესაბამის საკომპენსაციო ზომებთან დაკავშირებით, თუ გადაცემისა და განაწილების საბოლოო ტარიფები ან მეთოდოლოგიები განსხვავდება დროებითი ტარიფების ან მეთოდოლოგიებისგან.
11. ნებისმიერ მხარეს, რომელსაც პრეტენზია გააჩნია გადამცემი ან გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიმართ ამ დირექტივით გათვალისწინებულ მის ვალდებულებებთან დაკავშირებით, შეუძლია გადაამისამართოს პრეტენზია მარეგულირებელ ორგანოსთან, რომელიც მოქმედებს რა დავების მომრიგებელი ორგანოს სახით, მიიღებს გადაწყვეტილებას პრეტენზიის მიღებიდან ორი თვის ვადაში. ეს პერიოდი შეიძლება გახანგრძლივდეს კიდევ ორი თვით, თუ მარეგულირებელი ორგანო მოითხოვს დამატებით ინფორმაციას. გახანგრძლივებული პერიოდი შესაძლოა დამატებით გახანგრძლივდეს მომჩივანთან შეთანხმების საფუძველზე. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის სავალდებულო ხასიათის, თუ ან სანამ არ მოხდება მისი გაუქმება სააპელაციო ინსტანციის მიერ.
12. ნებისმიერ მხარეს, რომელიც დაზარალებულია და რომელსაც აქვს პრეტენზიის გამოთქმის უფლება ამ მუხლის თანახმად მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ან, თუ მარეგულირებელ ორგანოს ევალება კონსულტაციის გაწევა შეთავაზებულ ტარიფებთან ან მეთოდოლოგიებთან დაკავშირებით, შეუძლია პრეტენზია განსახილველად წარადგინოს გადაწყვეტილების წინადადების ან თვითონ გადაწყვეტილების გამოქვეყნებიდან მინიმუმ ორი თვის ან წევრი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ უფრო მოკლე ვადაში. ამ პრეტენზიას არ ექნება შემაჩერებელი მოქმედება.
13. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შექმნან რეგულირების, კონტროლისა და გამჭვირვალეობის სათანადო და ეფექტიანი მექანიზმები, რათა თავიდან იქნეს აცილებული დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენება, განსაკუთრებით მომხმარებლების საზიანოდ, და ნებისმიერი მტაცებლური ქცევა. ამ მექანიზმებში გათვალისწინებული უნდა იქნეს გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების დებულებები, კონკრეტულად კი ამ ხელშეკრულების 82-ე მუხლი.
14. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ შესაბამისი ზომების მიღება, მათ შორის მათი სახელმწიფო კანონმდებლობით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ქმედება და სისხლის სამართლის საქმის წარმოება, იმ ფიზიკური და იურიდიული პირების წინააღმდეგ, რომლებმაც დაარღვიეს ამ დირექტივით განსაზღვრული კონფიდენციალურობის წესები.
15. მე-11 და მე-12 აბზაცებით გათვალისწინებული პრეტენზიები არ უნდა ზღუდავდეს გაერთიანების ან სახელმწიფო კანონმდებლობის თანახმად აპელაციის უფლების გამოყენებას.
16. მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სრულად უნდა იქნეს დასაბუთებული და არგუმენტირებული, რათა იძლეოდეს სასამართლო განხილვის საშუალებას. გადაწყვეტილებები უნდა იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, თუმცა ამავე დროს შენარჩუნებული უნდა იქნეს კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის კონფიდენციალურობა.
17. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ სახელმწიფო დონეზე შესაბამისი მექანიზმების არსებობა, რომლითაც მარეგულირებელი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაზარალებულ მხარეს ექნება გასაჩივრების უფლება დაინტერესებული მხარეებისგან და მთავრობისგან დამოუკიდებელ ორგანოშ