1. წევრმა სახელმწიფომ უნდა მოსთხოვოს მიწოდების განმახორციელებელ საწარმოებს სახელმწიფო ორგანოების, მათ შორის ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების, სახელმწიფო საკონკურსო ორგანოებისა და კომისიის მოთხოვნით, მათი მოვალეობების შესრულების მიზნით მინიმუმ 5 წლის მანძილზე შეინახონ ის შესაბამისი მონაცემები, რომლებიც უკავშირდება საბითუმო მომხმარებლებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ელექტროენერგიის მიწოდების ხელშეკრულებების ტრანზაქციებსა და ელექტროენერგეტიკულ დერივატივებს.
2. მონაცემებში დეტალურად უნდა იქნეს აღწერილი შესაბამისი ტრანზაქციების ისეთი მახასიათებლები როგორიცაა ხანგრძლივობა, მიწოდებისა და ანგარიშსწორების წესები, რაოდენობა, შესრულების თარიღი და დრო, ტრანზაქციების ღირებულება და საბითუმო მომხმარებელთა იდენტიფიცირების საშუალებები, ასევე ყველა დაურეგულირებელი ელექტროენერგიის მიწოდების კონტრაქტებისა და ელექტროენერგეტიკული დერივატივების განსაზღვრული დეტალური მახასიათებლები.
3. მარეგულირებელმა ორგანომ შეიძლება გადაწყვიტოს, რომ ბაზრის მონაწილეებისთვის ხელმისაწვდომი გახადოს ასეთი ინფორმაციის ზოგიერთი ელემენტი იმ პირობით, თუ არ მოხდება ბაზრის ინდივიდუალური მონაწილეების ან ინდივიდუალური ტრანზაქციების შესახებ კომერციულად სენსიტიური ინფორმაციის გამჟღავნება. ეს აბზაცი არ ეხება იმ ფინანსურ ინსტრუმენტებთან დაკავშირებულ ინფორმაციას, რომელზეც ვრცელდება დირექტივის 2004/39/EC მოქმედება.
4. ამ მუხლის ერთგვაროვანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, კომისიამ შეიძლება მიიღოს სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც განსაზღვრავს აღრიცხვის წარმოების მეთოდებსა და საშუალებებს და ასევე შესანახი მონაცემების ფორმასა და შინაარსს. ზომები, რომლებიც მიზნად ისახავს ამ დირექტივის არაარსებით ელემენტებში შესწორებების შეტანას მათში დამატებების შეტანის გზით, მიღებული უნდა იქნეს მარეგულირებელი პროცედურის შესაბამისად, გულდასმით გამოკვლევის საფუძველზე, 46(2)-ე მუხლის თანახმად.
5. მიწოდების განმახორციელებელი საწარმოების მიერ საბითუმო მომხმარებლებთან და გადამცემი სისტემის ოპერატორებთან ელექტროენერგეტიკული დერივატივებით ტრანზაქციებზე ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც კომისია მიიღებს მე-4 აბზაცით გათვალისწინებულ სახელმძღვანელო მითითებებს.
6. ამ მუხლის დებულებები არ ადგენს პირველი აბზაცით გათვალისწინებული ორგანოების დამატებით ვალდებულებებს იმ ერთეულებთან მიმართებაში, რომლებზეც ვრცელდება დირექტივის 2004/39/ EC მოქმედება.
7. იმ შემთხვევაში, თუ პირველი აბზაცით გათვალისწინებულ ორგანოებს ესაჭიროებათ დაშვება იმ ინფორმაციაზე, რომელსაც ინახავენ დირექტივით 2004/39/ EC გათვალისწინებული ერთეულები, დირექტივით გათვალისწინებულმა პასუხისმგებელმა ორგანოებმა უნდა უზრუნველყონ მათთვის მოთხოვნილი მონაცემების მიწოდება.
საცალო ვაჭრობის ბაზა