1. მოსაწევი თამბაქოს ნაწარმის თითოეულ კოლოფზე ან გარე შეფუთვაზე დატანილი უნდა იყოს კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილებები. კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილება:

უნდა შეიცავდეს I დანართში ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთ ტექსტურ გაფრთხილებას და შესაბამის ფერად სურათს II დანართში მოცემული სურათების კატალოგიდან;

უნდა შეიცავდეს მოწევის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, მაგალითად, ტელეფონის ნომერს, ელ.ფოსტის მისამართს ან ვებ-გვერდს, რომელთა მიზანია მომხმარებელთა ინფორმირება იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც ხელმისაწვდომია მათთვის, ვისაც სურს თავი დაანებოს მოწევას;

უნდა ფარავდეს კოლოფის და ნებისმიერი გარე შეფუთვის წინა და უკანა გარე ზედაპირის 65%-ს. ცილინდრული ფორმის კოლოფებზე დატანილი უნდა იყოს ორი, ერთმანეთისგან თანაბრად დაშორებული კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელთაგან თითოეული უნდა ფარავდეს მათი შესაბამისი ნახევრის მრუდე ზედაპირის 65%-ს;

კოლოფის და ნებისმიერი გარე შეფუთვის ორივე მხარეს უნდა შედგებოდეს ერთი და იგივე ტექსტური გაფრთხილებისა და შესაბამისი ფერადი სურათისგან;

განთავსებული უნდა იყოს კოლოფისა და ნებისმიერი გარე შეფუთვის ზედა კიდესთან იმავე მიმართულებით, როგორც შეფუთვის ამ ზედაპირზე განთავსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია. კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილების ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული დროებითი გამონაკლისები შეიძლება გავრცელდეს იმ წევრ სახელმწიფოებზე, სადაც სავალდებულო რჩება აქციზური მარკების ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნების გამოყენება ფისკალური მიზნებისთვის, კერძოდ:

იმ შემთხვევაში, როდესაც ფისკალური მიზნებისთვის გამოყენებული აქციზური მარკა ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშანი დატანილია მუყაოს მასალისგან დამზადებული კოლოფის ზედა კიდესთან, კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილება, რომელიც უნდა იყოს უკანა გვერდზე, შეიძლება განთავსდეს უშუალოდ აქციზური მარკის ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნის ქვევით;

იმ შემთხვევაში, როდესაც კოლოფი დამზადებულია რბილი მასალისგან, წევრმა სახელმწიფომ შესაძლოა დაუშვას მართკუთხა ფართის გამოყოფა ფისკალური მიზნით გამოყენებული აქციზური მარკის ან ეროვნული საიდენტიფიკაციო ნიშნისთვის, რომლის სიმაღლეც არ უნდა აღემატებოდეს 13 მმ-ს კოლოფის ზედა კიდესა და კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილების ზედა კიდეს შორის.

(i) და (ii) ქვექვეპუნქტებში მითითებული გამონაკლისები მოქმედებს 2016 წლის 20 მაისიდან სამი წლის ვადით. საფირმო სახელწოდებები ან ლოგოები არ უნდა განთავსდეს სამედიცინო გაფრთხილების ზევით;

უნდა შეიქმნას ევროკომისიის მიერ მე-3 პუნქტის მიხედვით განსაზღვრული ფორმატის, განთავსების, დიზაინისა და პროპორციების შესაბამისად;

სიგარეტის კოლოფების შემთხვევაში, დაცული უნდა იქნეს შემდეგი ზომები:

სიმაღლე: არანაკლებ 44 მმ;

სიგანე: არანაკლებ 52 მმ.

2. კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილებები დაყოფილია სამ ჯგუფად, რომლებიც მოცემულია II დანართში, და თითოეული ჯგუფი გამოყენებულ უნდა იქნეს მოცემულ წელს, ყოველწლიური როტაციის პრინციპით. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ მოცემულ წელს გამოსაყენებელი თითოეული კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილება შეძლებისდაგვარად თანაბარი რაოდენობით განთავსდეს თითოეული ბრენდის თამბაქოს ნაწარმზე.

3. ევროკომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, რათა:

მოახდინოს I დანართში ჩამოთვლილი ტექსტური გაფრთხილებების ადაპტირება სამეცნიერო თვალსაზრისით და ბაზარზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით;

შექმნას და მოახდინოს ამ მუხლის 1-ლი პუნქტის (a) ქვეპუნქტში მითითებული სურათების კატალოგის ადაპტირება სამეცნიერო თვალსაზრისით და ბაზარზე განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით.

4. ევროკომისიამ განმახორციელებელი აქტების მეშვეობით უნდა განსაზღვროს კომბინირებული სამედიცინო გაფრთხილების განთავსების, დიზაინისა და ფორმის ტექნიკური მახასიათებლები, კოლოფების განსხვავებული ფორმების გათვალისწინებით.

ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 25(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისა