1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აკრძალონ დამახასიათებელი არომატის მქონე თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე განთავსება.
წევრმა სახელმწიფოებმა არ უნდა აკრძალონ იმ დანამატების გამოყენება, რომლებიც მნიშვნელოვანია თამბაქოს ნაწარმის წარმოებისთვის, მაგალითად, შაქარი, რომლითაც ანაცვლებენ ტექნოლოგიური დამუშავების პროცესში დაკარგულ შაქარს, იმ პირობით, თუ ასეთი დანამატები არ აძლევს ნაწარმს დამახასიათებელ არომატს და თუ მნიშნელოვნად ან გაზომვად დონეზე არ ზრდის შეჩვევას თამბაქოს ნაწარმზე, მის ტოქსიკურობას ან კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის მახასიათებლებს.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ ევროკომისიას ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ.
2. წევრი სახელმწიფოს თხოვნის შემთხვევაში ევროკომისიამ უნდა განსაზღვროს, ან შესაძლოა საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს, განმახორციელებელი აქტების მეშვეობით, განეკუთვნება თუ არა თამბაქოს ნაწარმი 1-ლი პუნქტის მოქმედების სფეროს. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 25(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
3. ევროკომისიამ უნდა მიიღოს განმახორციელებელი აქტები, რომლებიც ადგენს ერთიან წესებს პროცედურებისთვის, რომლებიც განსაზღვრავს განეკუთვნება თუ არა თამბაქოს ნაწარმი 1-ლი პუნქტის მოქმედების სფეროს. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 25(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
4. ევროკავშირის დონეზე უნდა შეიქმნას დამოუკიდებელი საკონსულტაციო საბჭო. წევრ სახელმწიფოებს და ევროკომისიას შეუძლიათ კონსულტაცია გაიარონ ამ საბჭოსთან ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული ზომების მიღებამდე. ევროკომისიამ უნდა მიიღოს განმახორციელებელი აქტები, რომლებიც ადგენს ამ საბჭოს შექმნისა და მუშაობის პროცედურებს.
ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 25(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული დანამატების შემცველობის დონე ან კონცენტრაცია ან მათი კომბინაცია იწვევს აკრძალვების დაწესებას მინიმუმ სამ წევრ სახელმწიფოში ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ევროკომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, რათა დაადგინოს იმ დანამატების ან დანამატების კომბინაციის მაქსიმალური შემცველობის დონეები, რომლებიც წარმოქმნიან დამახასიათებელ არომატს.
6. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აკრძალონ შემდეგი დანამატების შემცველი თამბაქოს ნაწარმის ბაზარზე განთავსება:
ვიტამინები ან სხვა დანამატები, რომლებიც ქმნიან ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს თამბაქოს ნაწარმი ჯანმრთელობისთვის სარგებლის მომტანია ან ნაკლებ საფრთხეს უქმნის ჯანმრთელობას;
კოფეინი ან ტაურინი ან სხვა დანამატები და სტიმულატორი ნაერთები, რომლებიც ასოცირდება ენერგიულობასა და სიცოცხლისუნარიანობასთან;
გამოფრქვეული ნივთიერებების შემფერავი მახასიათებლების მქონე დანამატები;
მოსაწევი თამბაქოს ნაწარმის შემთხვევაში ის დანამატები, რომლებიც ხელს უწყობენ ნიკოტინის შესუნთქვას ან შეწოვას; და
დანამატები, რომლებსაც დაუწვავ მდგომარეობაში გააჩნიათ კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის მახასიათებლები.
7. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აკრძალონ ბაზარზე ისეთი თამბაქოს ნაწარმის განთავსება, რომელთა რომელიმე კომპონენტი, როგორიცაა: ფილტრი, ქაღალდი, შეფუთვა, კაფსულა ან ნებისმიერი სხვა ტექნიკური კომპონენტი, შეიცავს არომატიზატორებს, რომლებიც ცვლის თამბაქოს ნაწარმის სუნს ან გემოს ან კვამლის ინტენსივობას. ფილტრები, ქაღალდები და კაფსულები არ უნდა შეიცავდნეს თამბაქოს ან ნიკოტინს.
8. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ რეგულაციით (EC) No 1907/2006 დადგენილი დებულებები და პირობები, თუ მიზანშეწონილია, ვრცელდებოდეს თამბაქოს ნაწარმზე.
9. მეცნიერული მონაცემების საფუძველზე წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აკრძალონ ბაზარზე ისეთი თამბაქოს ნაწარმის განთავსება, რომელიც შეიცავს დანამატებს ისეთი რაოდენობით, რომელიც მნიშვნელოვნად ან გაზომვად დონეზე ზრდის თამბაქოს ნაწარმის ტოქსიკურ ან შეჩვევის გამომწვევ ზემოქმედებას ან მის კანცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის მახასიათებლებს.
წევრმა სახელმწიფოებმა უნდა აცნობონ ევროკომისიას ამ პუნქტის შესაბამისად მიღებული ზომების შესახებ.
10. წევრი სახელმწიფოს თხოვნის შემთხვევაში, ევროკომისიამ უნდა განსაზღვროს, ან შესაძლოა საკუთარი ინიციატივით განსაზღვროს, განმახორციელებელი აქტის მეშვეობით, განეკუთვნება თუ არა თამბაქოს ნაწარმი მე-9 პუნქტის მოქმედების სფეროს. ეს განმახორციელებელი აქტები მიღებულ უნდა იქნეს 25(2)-ე მუხლში მითითებული შესწავლის პროცედურის შესაბამისად და უნდა ემყარებოდეს უახლეს მეცნიერულ მონაცემებს.
11. თუ დადასტურდება, რომ დანამატი ან მისი გარკვეული რაოდენობა ზრდის თამბაქოს ნაწარმის ტოქსიკურ ან შეჩვევის გამომწვევ ზემოქმედებას და თუ ეს გამოიწვევს აკრძალვების დაწესებას მინიმუმ სამ წევრ სახელმწიფოში ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ევროკომისია უფლებამოსილია მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად, რათა განსაზღვროს ამ დანამატების მაქსიმალური შემცველობის დონეები. ამ შემთხვევაში, მაქსიმალური შემცველობის დონედ შერჩეულ უნდა იქნეს ყველაზე დაბალი მაქსიმალური მნიშვნელობა, რომელმაც გამოიწვია ამ პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი აკრძალვის დაწესება შიდასახელმწიფოებრივ დონეზე.
12. თამბაქოს ნაწარმი, სიგარეტისა და შესახვევი თუთუნის გარდა, უნდა გათავისუფლდეს 1-ლი და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული აკრძალვებისგან. ევროკომისიამ უნდა მიიღოს დელეგირებული აქტები 27-ე მუხლის შესაბამისად კონკრეტული პროდუქტის კატეგორიის ზემოთაღნიშნული მოთხოვნისგან განთავისუფლების გაუქმების მიზნით, თუ ევროკომისიის ანგარიშით დადგინდება, რომ სახეზეა გარემოებათა არსებითი ცვლილება.
13. წევრმა სახელმწიფოებმა და ევროკომისიამ შესაძლოა დააკისრონ თანაზომიერი გადასახადი თამბაქოს ნაწარმის მწარმოებლებსა და იმპორტიორებს იმის შეფასებისთვის, აქვს თუ არა თამბაქოს ნაწარმს დამახასიათებელი არომატი, გამოყენებულია თუ არა მასში აკრძალული დანამატები ან არომატიზატორები და შეიცავს თუ არა თამბაქოს ნაწარმი იმ რაოდენობის დანამატს, რომელიც მნიშნელოვნად და გაზომვად დონეზე ზრდის ამ თამბაქოს ნაწარმის ტოქსიკურ ან შეჩვევის გამომწვევ ზემოქმედებას ან მის კანცეროგენულ, მუტაგენურ ან რეპროდუქციული ტოქსიკურობის მახასიათებლებს.
14. დამახასიათებელი არომატის მქონე თამბაქოს ნაწარმზე, რომელთა ევროკავშირის ფარგლებში გაყიდვების მოცულობა შეადგენს 3%-ს ან მეტს კონკრეტული პროდუქტის კატეგორიაში, ამ მუხლის დებულებები ვრცელდება 2020 წლის 20 მაისიდან.
15. ეს მუხლი არ ვრცელდება საწუწნ თამბაქოზე.
ეტიკეტირება და შეფუთ