მუხლი 22. მოსაწევი მცენარეული პროდუქტების ინგრედიენტების შესახებ ანგარიშგება
კარი III — ელექტრონული სიგარეტი და მოსაწევი მცენარეული პროდუქტები
1. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა მოსთხოვონ მოსაწევი მცენარეული პროდუქტების მწარმოებლებსა და იმპორტიორებს წარუდგინონ ამ წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილ ორგანოებს ყველა იმ ინგრედიენტის ჩამონათვალი, რაოდენობათა მითითებით, რომლებიც გამოიყენება ამ პროდუქტების წარმოებისას, საფირმო სახელწოდებებისა და სახეობების მიხედვით. მწარმოებლებმა ან იმპორტიორებმა ასევე უნდა აცნობონ შესაბამის წევრ სახელმწიფოთა უფლებამოსილ ორგანოებს პროდუქტის შემადგენლობის ისეთი ცვლილების შესახებ, რომელიც ცვლის ამ მუხლის თანახმად მიწოდებულ ინფორმაციას. ამ მუხლით გათვალისწინებული ინფორმაცია წარდგენილ უნდა იქნეს ახალი ან მოდიფიცირებული მოსაწევი მცენარეული პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე.
2. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ 1-ლი პუნქტის შესაბამისად წარდგენილი ინფორმაციის საჯაროდ ხელმისაწვდომობა ვებგვერდის მეშვეობით. ასეთი ინფორმაციის გასაჯაროებისას, წევრმა სახელმწიფოებმა სათანადოდ უნდა გაითვალისწინონ კომერციული საიდუმლოების დაცვის საჭიროება. ეკონომიკურმა ოპერატორებმა უნდა განსაზღვრონ, თუ კონკრეტულად რა სახის ინფორმაციას მიიჩნევენ ისინი სავაჭრო საიდუმლოებად.
დირექტივები „ევროპარლამენტისა და საბჭოს 2014 წლის 3 აპრილის დირექტივა 2014/40/EU
თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებასთან, გამოშვების ფორმასა და გაყიდვასთან დაკავშირებით წევრი სახელმწიფოების კანონმდებლობის, რეგულაციებისა და ადმინისტრაციული სამართლის ნორმების დაახლოების შესახებ, რომლითაც უქმდება დირექტივა 2001/37/EC“, მუხლი 22, №2001/37/EC, 03.04.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4544273/muxli-22/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია