1. მე-10 მუხლში მითითებული ფინანსური საშუალებები, უპირველეს ყოვლისა, გამოყენებული უნდა იქნეს მეანაბრეებისათვის ანაზღაურების მისაწოდებლად, წინამდებარე დირექტივის შესაბამისად.
2. ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ფინანსური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს საკრედიტო დაწესებულებების რეზოლუციის დასაფინანსებლად დირექტივის 2014/59/EU 109-ე მუხლის შესაბამისად. სარეზოლუციო ორგანომ, ანაბრების უზრუნველყოფის სქემასთან კონსულტირების შემდეგ, უნდა განსაზღვროს იმ თანხის ოდენობა, რომლის ანაზღაურების ვალდებულებაც ეკისრება ანაბრების უზრუნველყოფის სქემას.
3. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება ანაბრების უზრუნველყოფის სქემას საშუალება მისცენ, გამოიყენოს ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები ალტერნატიული ზომებისთვის, რათა თავიდან აიცილონ საკრედიტო დაწესებულებების წარუმატებლობა იმ პირობით, თუ:
(a) სარეზოლუციო მანდატის მქონე ორგანოს არ განუხორციელებია არანაირი სარეზოლუციო ქმედება დირექტივის 2014/59/EU 32-ე მუხლის შესაბამისად;
(b) ანაბრების უზრუნველყოფის სქემას გააჩნია სათანადო სისტემები და პროცედურები ალტერნატიული ზომების შესარჩევად, განსახორციელებლად და მათთან დაკავშირებული რისკების მონიტორინგისთვის;
(c) აღნიშნული ზომების ხარჯები არ აღემატება ანაბრების უზრუნველყოფის სქემის კანონით განსაზღვრული და სახელშეკრულებო მინდობილობის შესრულების ხარჯებს.
(d) ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ ალტერნატიული ზომების გამოყენება დაკავშირებულია მხარდაჭერილ საკრედიტო დაწესებულებებზე დაკისრებულ პირობებთან, რაც მოიცავს, სულ მცირე, რისკის უფრო მკაცრ მონიტორინგს და გადამოწმების მეტ უფლებებს ანაბრების უზრუნველყოფის სქემისათვის.
(e) ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ ალტერნატიული ზომების გამოყენება დაკავშირებულია მხარდაჭერილი საკრედიტო დაწესებულებების ვალდებულებებთან, რომლის მიზანია დაფარულ ანაბრებზე წვდომის დაცვა;
(f) აფილირებული საკრედიტო დაწესებულებების შესაძლებლობა გააკეთოს საგანგებო შენატანი წინამდებარე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, დასტურდება ხელისუფლების კომპეტენტური ორგანოს შეფასებაში.
ანაბრების უზრუნველყოფის სქემამ კონსულტაცია უნდა გაუწიოს სარეზოლუციო ორგანოს და ხელისუფლების კომპეტენტურ ორგანოს საკრედიტო დაწესებულებაზე დაკისრებული ღონისძიებებისა და პირობების შესახებ.
4. წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ალტერნატიული ზომები არ იქნება გამოყენებული, თუ ხელისუფლების კომპეტენტური ორგანო, სარეზოლუციო ორგანოსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, ჩათვლის, რომ დირექტივის 2014/59/EU 27(1) მუხლით გათვალისწინებული სარეზოლუციო ქმედებების პირობები დაკმაყოფილებულია.
5. თუ ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები გამოიყენება წინამდებარე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, აფილირებულმა საკრედიტო დაწესებულებებმა ანაბრების უზრუნველყოფის სქემებს მაშინვე უნდა მიაწოდონ ალტერნატიული ზომებისთვის გამოსაყენებელი საშუალებები, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, დაუგეგმავი შენატანების სახითაც, როცა:
(a) ჩნდება მეანაბრეთათვის ანაზღაურების მიწოდების საჭიროება და ანაბრების უზრუნველყოფის სქემის ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებების ოდენობა მიზნობრივი დონის 2/3-ზე ნაკლებია;
(b) ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები მინზობრივი დონის 25 %-ზე ნაკლებია.
6. წევრმა სახელმწიფოებმა შეიძლება გადაწყვიტონ, რომ ხელმისაწვდომი ფინანსური საშუალებები გამოყენებულიქნეს იმ ზომების დასაფინანსებლად, რომლებიც უზრუნველყოფს მეანაბრეების წვდომას დაფარულ ანაბრებზე, მათ შორის აქტივებისა და ვალდებულებების თუ სადეპოზიტო წიგნის გადატანას, სახელმწიფო გადახდისუუნარობის საქმისწარმოების პროცესის კონტექსტში, იმ პირობით, რომ ანაბრების უზრუნველყოფის სქემის მიერ გაწეულმა ხარჯებმა არ გადააჭარბოს შესაბამის საკრედიტო დაწესებულებაში დაფარული მეანაბრეების საკონპენსაციო თანხის სუფთა ოდენობა