1. ადგილზე შემოწმების დროს ჯგუფის წევრებს უფლება აქვთ შეამოწმონ შესაბამისი საწარმოს:
ა) ინფორმაციული ტექნოლოგიების სისტემა, მათ შორის, სერვერები, პერსონალური კომპიუტერები, ლეპტოპები, ტაბლეტები და სხვა ელექტრონული მოწყობილობები;
ბ) ინფორმაციის შესანახი საშუალებები, მათ შორის, კომპაქტ-დისკები (CD-ROM), ინფორმაციის მატარებელი ციფრული ოპტიკური დისკები (DVD), უნივერსალური სერიული სალტეები (USB), გარე მყარი დისკები (external hard disks), სარეზერვო ასლები (backup tapes) და მონაცემთა “ღრუბლები” (clouds);
გ) საწარმოს თანამშრომლების ან/და წარმომადგენლების პირადი ტექნიკა, მოწყობილობა და საშუალებები, რომელიც გამოიყენება სამსახურებრივი მიზნებისათვის, იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ადგილზე შემოწმების მიზნებისთვის.
2. ამ წესების მე-6 მუხლის “დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული კომისიის უფლებამოსილება მოიცავს ადგილზე შემოწმების ჯგუფის წევრის უფლებას, ადგილზე შემოწმების დროს გამოიყენოს არამხოლოდ საინფორმაციო სისტემაში ჩაშენებული/ინტეგრირებული საძიებო სისტემები, არამედ სხვა რელევანტური საშუალებები (Forensic IT tools).
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციის შესანახ საშუალებათაგან შესამოწმებლად შერჩეული საშუალება უსაფრთხოების კონტროლის მიზნით, ადგილზე შემოწმების დასრულებამდე, შესაძლებელია გადავიდეს ადგილზე შემოწმების ჯგუფის დროებით მფლობელობაში, რასთან დაკავშირებითაც დგება ოქმი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის შესანახი საშუალება საწარმოს უბრუნდება ადგილზე შემოწმების დასრულების ან საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ასლის (forensic copy) გაკეთების შემდეგ. ასეთი ასლი ითვლება ინფორმაციის შესანახ ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის ავთენტურ დუბლიკატად. ავთენტური დუბლიკატის შემოწმება უტოლდება ინფორმაციის შესანახი ორიგინალ საშუალებაზე არსებული ინფორმაციის შემოწმება