1. კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის მუშაობის ორგანიზება და მართვა ხორციელდება დასახლებული პუნქტების ადმინისტრაციული ტერიტორიის ფარგლებში, მოსახლეობის სამგზავრო ტრანსპორტზე მოთხოვნათა, ადამიანთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის, ქონების, გარემოს და სახელმწიფო ინტერესების დაცვის უზრუნველსაყოფად, სათანადო სატრანსპორტო პოლიტიკის განხორციელების გზით.
2. ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოები ქალაქების, რაიონების ადმინისტრაციული ტერიტორიის ზღვრებში ადგენენ კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტის სამარშრუტო სქემას: მოსახლეობის შრომითი, სასწავლო, კულტურული, ყოფითი თუ სხვა მიზნებით მიმოსვლაზე მოთხოვნათა დასაკმაყოფილებლად; მგზავრთნაკადების მაქსიმალური ათვისებისათვის; მატერიალურ-ტექნიკური, ეკონომიკურ-ფინანსური თუ სხვა შესაძლებლობების ოპტიმალური გამოყენებისა და სახელმწიფო წესრიგის დამყარების მიზნით.
3. მმართველი სუბიექტები, კომუნალური მიწისზედა ტრანსპორტით მგზავრთა გადაზიდვების ორგანიზაციის, კონტროლის, ტრანსპორტის მუშაობის მართვის, ოპერატიული რეგულირების, აღრიცხვის, კოორდინაციისა თუ სხვა მიზნით, საჭიროების და რეალური შესაძლებლობების არსებობის შემთხვევაში, ქმნიან სპეციალურ მუნიციპალურ საწარმოებს კანონით დადგენილი წესით.
4. სამარშრუტო ქსელის ფორმირება, მარშრუტებზე მოძრავი შემადგენლობის მოძრაობის ორგანიზება თუ სატრანსპორტო პროცესის სრულმყოფი ღონისძიებანი ხორციელდება ნორმატიულ-ტექნოლოგიური დოკუმენტების დებულებათა მოთხოვნების საფუძველზე.
5. იმ მარშრუტებზე, რომლებსაც ვერ ემსახურება მუნიციპალური საწარმო, ან როდესაც ასეთი არ არსებობს, სამგზავრო გადაზიდვებს, შესაბამისი წესით დადგენილი რეგლამენტაციის პირობების დაცვით განახორციელებს ნებისმიერი გადამზიდავი.
6. მუნიციპალურ მარშრუტზე სატრანსპორტო საშუალებათა მიმოსვლა ხორციელდება განრიგის (გრაფიკის) შესაბამისად, რომლის შედგენასა და დაცვაზე კონტროლის წესს თუ პასუხისმგებლობის ფორმებს განსაზღვრავენ მმართველი სუბიექტები.
7. ადგილობრივი რეგულარული მარშრუტის ტრასაზე, შესაბამის მუნიციპალურ სუბიექტებთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, დაუშვებელია ისეთი სამუშაოების ჩატარება, რომლებიც არსებით წინააღმდეგობას შეუქმნიან ან შეუძლებელს გახდიან ამ მარშრუტზე ტრანსპორტის მოძრაობას. გამონაკლისი დასაშვებია დროის იმ პერიოდში და იმ ხანგრძლივობით, როდესაც მარშრუტზე ტრანსპორტის მიმოსვლა განრიგით არ არის გათვალისწინებული