1. საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში – ეროვნული ბანკი) მიერ ბაზრის ანალიზისა და კონცენტრაციის შესახებ შეტყობინების წარდგენისა და  განხილვის  წესის (შემდგომში – წესი) მიზანია ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებად სფეროში კონკურენციის პოლიტიკის ეფექტური განხორციელება, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასება და შენარჩუნება. ეს წესი ადგენს ბაზრის ანალიზის მეთოდურ მითითებებს, შეფასების კრიტერიუმებსა და პარამეტრებს, ასევე, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების წარდგენისა და განხილვის შესაბამის პროცედურულ წესებს.

2. ეს წესი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავდა და   ეროვნული ბანკის მიერ კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვის, საქმის მოკვლევის, ბაზრის მონიტორინგის და სხვა სახის წარმოების პროცესებში გამოიყენება.

3. ამ წესის მოქმედება ვრცელდება საფინანსო სექტორის შემდეგ წარმომადგენლებზე: კომერციული ბანკები, არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებები, საბროკერო კომპანიები, დამოუკიდებელი ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორები, ცენტრალური დეპოზიტარი, სპეციალიზირებული დეპოზიტარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდი, აქტივების მმართველი კომპანია, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი, საგადახდო სისტემის ოპერატორი, საგადახდო მომსახურების პროვაიდერი, ვალუტის გადამცვლელი პუნქტი, აგრეთვე სესხის გამცემი სუბიექტი და საკრედიტო ინფორმაციის ბიურო (შემდგომში – ეკონომიკური აგენტი).

4. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება ანგარიშვალდებულ საწარმოებზე, გარდა იმ ანგარიშვალდებული საწარმოებისა, რომლებიც წარმოადგენენ ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებულ სუბიექტებს.

5. ეროვნული ბანკი ბაზრის ანალიზის ყველა ეტაპზე, მათ შორის, გადაწყვეტილების მიღებისას, ხელმძღვანელობს ობიექტურობისა და პროპორციულობის პრინციპით.

6. ბაზრის ანალიზის, მათ შორის, კონცენტრაციის თაობაზე შეტყობინების განხილვისას, ეროვნული ბანკი, საჭიროების შემთხვევაში, თანამშრომლობს სსიპ – საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოსთან (შემდგომში – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო) და სხვა შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან.

7. თუ ეს წესი არ აწესრიგებს ბაზრის ანალიზის კრიტერიუმებთან, კონცენტრაციის შეფასებასთან და პროცედურებთან დაკავშირებულ გარკვეულ საკითხს, ეროვნული ბანკი ხელმძღვანელობს ამ კუთხით არსებული საუკეთესო მოწინავე პრაქტიკით, რომელიც მოიცავს ევროპის საბჭოს 2004 წლის 20 იანვრის (EC) 139/2004 რეგულაციას საწარმოთა კონცენტრაციის კონტროლის შესახებ და აღნიშნული რეგულაციის (სახელმძღვანელოს ჰორიზონტალური შერწყმის შეფასების შესახებ 2004/C 31/03).

8. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, კონკურენციის პოლიტიკის განხორციელებასა და ხელშეწყობასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებთან, სამართლებრივ ინიციატივებთან და აქტებთან მიმართებით განახორციელოს რეგულირების ზეგავლენის შეფასება გადაწყვეტილებების, სამართლებრივი ინიციატივებისა და აქტების დადებითი ან/და უარყოფითი ეფექტების შეფასებისა და უპირატესი ალტერნატივების გამოსავლენად. რეგულირების ზეგავლენის შეფასებისას ეროვნული ბანკი ითვალისწინებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონს, ამ წესის 27-ე მუხლს, ამავე წესის VI თავს და „რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის  2020 წლის 17 იანვრის N35 დადგენილება