1. უნავმისადგომო ჩამოსასხმელი (CBM) შედგება გემის მისაბმელი 5 (ხუთი) მოტივტივე მნათი კასრის კონსტრუქციისგან, რომელიც მდებარეობს სანავსადგურე ერთეული შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ შიდა რეიდის აკვატორიაში ნავთობტერმინალის მოლის ჩრდილოეთით, სადაც ხორციელდება მინიმუმ 182 (ას ოთხმოცდაორი) და მაქსიმუმ 250 (ორას ორმოცდაათი) მეტრი სიგრძის და 140000 (ას ორმოცი ათასი) ტონამდე წყალწყვის მქონე ტანკერების დაყენება. ტანკერს დგომის დროს მუდმივად უნდა გააჩნდეს ბორტზე მისი ოფიციალური საზაფხულო დედვეიტის არანაკლებ 30%-ის ეკვივალენტი სეგრეგირებული ბალასტი ან ტვირთი. ტანკერის ნავსადგურში შემოსვლისა და უნავმისადგომო ჩამოსახმელთან მიყენების ოპერაციების დროს მამოძრავებელი ხრახნი (პროპელერი) მთლიანად უნდა იყოს წყლით დაფარული, რათა საზღვაო უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხრახნის მუშაობა იძლეოდეს სრულფასოვან და სასურველ ეფექტს ტანკერის მანევრირების დროს.
2. უნავმისადგომო ჩამოსასხმელზე ტანკერის დაყენება ხორციელდება კარგი ხედვისა და არაუმეტეს ბოფორტის შკალით 4 (ოთხი)-ბალიანი ქარის (6-8 მ/წმ სიჩქარის) და საშუალოდ დუგლასის შკალით 3 (სამი) ბალამდე ზღვის ღელვის (0,6 მ ტალღის სიმაღლის) პირობებში.
3. ტანკერის მიბმა და დაფიქსირება ყოველთვის ხორციელდება შემდეგი სქემით: „გემის ქიმით ღია ზღვისკენ“, მარცხენა ღუზის ჩაშვებით ღუზა-ჯაჭვზე 8-9 ხემით, გემის ქიმით 1 (ერთ) კასრზე და კიჩოთი 3 (სამი) კასრზე. თითოეულ კასრზე მიწოდებული და დამაგრებული უნდა იყოს სამ-სამი მისაბმელი ბაგირი. ტანკერის მისაბმელი ბაგირები უნდა იყოს დამზადებული მხოლოდ მოტივტივე სინთეტიკური მასალისაგან.
4. თუ ქარის სიჩქარე 8 მ/წმ-ს (ბოფორტის შკალით 5 ბალი) და ზღვის ღელვა 0,8 მ-ს (დუგლასის შკალით 3 ბალი) აღემატება და პროგნოზით მოსალოდნელია ამინდის უფრო გაუარესება, ამ შემთხვევაში სატვირთო ოპერაციები დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და:
ა) სატვირთო დრეკადი მილები გადაიხსნას და სათანადოდ დახუფულ მდგომარეობაში ჩაშვებულ იქნეს ზღვის ფსკერზე (საწყის მდგომარეობაში);
ბ) გაფრთხილებულ იქნეს გემის კაპიტანი, მზადყოფნაში მოიყვანოს გემის მთავარი ძრავა და დამხმარე მექანიზმები, რათა საჭიროების შემთხვევაში ლოცმანის დახმარებით გემმა დაუყოვნებლივ დატოვოს უნავმისადგომო ჩამოსასხმელი.
5. თუ ქარის სიჩქარე 11 (თერთმეტი) მ/წმ-ს და ტალღის სიმაღლე აღემატება 0,9 მეტრს, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მზადყოფნაში მყოფმა გემმა, გემის კაპიტნის ხელმძღვანელობითა და ლოცმანის რეკომენდაციებით, დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს უნავმისადგომო ჩამოსასხმელი და გავიდეს ღია ზღვაში ამინდის გაუმჯობესებამდე.
6. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურიდან ოფიციალური პროგნოზის მიღებიდან მომდევნო 12 საათის შემდეგ მოსალოდნელია არსებული ამინდის მდგომარეობის გაუარესება, რომელიც გაუსწორდება და/ან გადააჭარბებს ამ მუხლის მე-4 პუნქტში მოცემულ ლიმიტის ზღვარს, მაშინ საერთო უსაფრთხოებიდან გამომდინარე ტანკერის უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დაყენება არ ხორციელდება ამინდის მდგომარეობის სრულ გაუმჯობესებამდე.
7. ტანკერი უნდა დადგეს და დაფიქსირდეს ისე, რომ მისი დიამეტრალური სიბრტყის ხაზი მკაცრად უნდა განთავსდეს უნავმისადგომო ჩამოსასხმელის მნათი საგდულის (166,30-346,30) ღერძულ ხაზზე და გემის კიჩოდან ნავთობტერმინალის მოლის გარეთა კედლამდე 170 (ას სამოცდათი) მეტრის დაშორებით.
8. ხელსაყრელი ამინდის დროს ტანკერის უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დაყენება/დგომა/გამოყვანა შეიძლება განხორციელდეს 24 საათის განმავლობაში. დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან შემოყვანისა და დაფიქსირების ოპერაციების ჩატარება დასაშვებია იმ შემთხვევში, თუ მე-7 პუნქტში ხსენებული საგდულის ხაზის ორთავე ნიშნის შუქი (ლურჯი ფერის მუდმივი ნათება) იქნება სათანადოდ გამართულ და კარგად ამოსაცნობ მდგომარეობაში.
9. ტანკერის, უნავმისადგომო ჩამოსასხმელთან დღე-ღამის ბნელ მონაკვეთში შემოყვანის, სათანადოდ დაფიქსირების და/ან ნავსადგურიდან გაყვანის ოპერაციების ჩატარება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ ამ ოპერაციაში მონაწილე ყველა სანავიგაციო ნიშნების, ტივტივების, საგდულებისა და კვეთების აღმნიშვნელი სამუშაო შუქები (საშტატო სექტორული თუ წრიული ნათება) არის სათანადოდ გამართულ მდგომარეობაში და კარგად ხილვადი ყოველგვარი გადაფარვისა და შეფერხებების გარეშე.
10. CBM კომპლექსის ცენტრიდან (φ-41°39,16'N. λ- 041°38,99'Ε.) 100 მეტრის რადიუსის აკვატორიაში და საჰაერო სივრცეში, ნებისმიერი ტიპის მცურავი საშუალებების, მათ შორის სწრაფმავალი კატარღების, სკუტერების, პარაპლანების, დელტაპლანების, მცირე თუ საშუალო ზომის სასეირნო გემების, იალქნიანი, მოტონავებისა და სხვა ერთეულების გადაადგილება აკრძალულია, გარდა შესაძლო წყალზედა სამაშველო ოპერაციაში მონაწილე მცურავი საშუალებისა. CBM კომპლექსის აღჭურვილობის შემადგენლობაში არსებულ მცურავ კასრებსა და ტივტივებზე აკრძალულია ნებისმიერი დანიშნულების მცირე ზომის მცურავი საშუალებების (ნავი, კატარღა, იახტა და ა.შ.) მიბმა/დგომა.
11. ამ მუხლი მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ეხება ნავსადგურის მისადგომებთან გაბატონებული სამხრეთ-დასავლეთის/დასავლეთის და ჩრდილო-დასავლეთის ქარების მოქმედების შედეგად გამოწვეული შტორმული ამინდის დროს ნავთობტერმინალის სპეცდანიშნულების მცურავი საშუალების გადაადგილებას და ნავსადგურში დაგეგმილ შემომსვლელ/გამსვლელ მცურავ სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა