1. ავიასაწარმოში უნდა დაინიშნოს უსაფრთხოების მენეჯერი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება უსაფრთხოების მართვის ეფექტური სისტემის დანერგვასა და ფუნქციონირებაზე.

შენიშვნა: ავიასაწარმოს ზომიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის პასუხისმგებლობები და ვალდებულებები შესაძლებელია გადანაწილებულ იქნეს ერთ ან რამდენ პირზე, რომლებიც შეასრულებენ უსაფრთხოების მენეჯერის როლს, ისე რომ მათი ძირითადი საქმიანობა და დამატებითი მოვალეობები არ გამოიწვევს ინტერესთა კონფლიქტს.

2. უსაფრთხოების მენეჯერს უნდა ჰქონდეს:

ა) უსაფრთხოების/ხარისხის მართვის სისტემაში მუშაობის გამოცდილება;

ბ) შესაბამისი ტექნიკური მიმართულების, უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული ეროვნული მოთხოვნებისა და  ავიასაწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკის ცოდნა;

გ) გავლილი უსაფრთხოების მართვის სისტემის სათანადო სწავლება;

დ) ანალიტიკური თვისებები და პრობლემების გადაჭრის უნარი;

ე) პროექტის და/ან პროცესის მართვის უნარი;

ვ) ზეპირი და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.

3. ავიასაწარმოში უსაფრთხოების მენეჯერად ინიშნება კომპეტენტური პირი, რომელიც პირდაპირ ექვემდებარება ანგარიშვალდებულ უმაღლეს ხელმძღვანელ პირს და მის წინაშე პასუხისმგებელია უსაფრთხოების მართვის სისტემის ფუნქციონირებაზე და ავიასაწარმოს სხვა დეპარტამენტებისათვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებაზე.

4. უსაფრთხოების მენეჯერის ფუნქციები, სულ მცირე, უნდა მოიცავდეს:

ა) უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის გეგმის განხორციელების მართვას, პასუხისმგებელი ხელმძღვანელის სახელით;

ბ) საფრთხის იდენტიფიცირებისა და უსაფრთხოების რისკების ანალიზის პროცესის განხორციელებას/ხელშეწყობას;

გ) მაკორექტირებელი  ქმედებების მონიტორინგს და მათი შედეგების შეფასებას;

დ) ავიასაწარმოს მიერ უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ პერიოდული ანგარიშების წარდგენას;

ე) უსაფრთხოების მართვის სისტემასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის და ჩანაწერების წარმოებას;

ვ) უსაფრთხოების კუთხით პერსონალის მომზადების დაგეგმვას და ხელშეწყობას;

ზ) უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით მიუკერძოებელი კონსულტაციების გაწევას;

თ) საავიაციო ინდუსტრიაში საფრთხის ფაქტორების და მათი ზეგავლენის მონიტორინგს  ავიასაწარმოს იმ საქმიანობაზე, რომელიც პროდუქტის და მომსახურების მიწოდებასთან არის დაკავშირებული;

ი) საჭიროების მიხედვით, სააგენტოსთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან მოქმედების კოორდინირებას და კომუნიკაციას (პასუხისმგებელი ხელმძღვანელის სახელით) უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით.

5. უსაფრთხოების მენეჯერი უნდა იცნობდეს ავიასაწარმოს ფუნქციონირების სპეციფიკას.

6. მენეჯერის დანიშვნის დროს გათვალისწინებული უნდა იყოს შესაძლო ინტერესთა კონფლიქტი სხვა ამოცანებთან და ფუნქციებთან მიმართებაში როგორც ავიასაწარმოს შიგნით, ასევე სხვა ავიასაწარმოში დასაქმების შემთხვევაში. ინტერესთა კონფლიქტები შეიძლება მოიცავდეს:

ა) ინტერესთა კონფლიქტს დაფინანსებისას (მაგ., თუ უსაფრთხოების მენეჯერი იმავდროულად ფინანსური მენეჯერია);

ბ) პრიორიტეტების კონფლიქტს რესურსების განაწილებისას;

გ) ისეთ ვითარებას, როდესაც უსაფრთხოების მენეჯერი ჩართულია საექსპლუატაციო საქმიანობაში და მას შესაძლებლობა აქვს, შეაფასოს იმ საექსპლუატაციო საქმიანობაში უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობა, რომელშიც იგი მონაწილეობს;

დ) ისეთი ავიასაწარმოების უსაფრთხოების მართვის სისტემაში მუშაობა, რომლებთანაც ავიასაწარმოს ურთიერთობა აქვს მომსახურების გაწევის დროს;

შენიშვნა: შესაძლებელია უსაფრთხოების მართვის სისტემის მენეჯერის ფუნქციების კომბინირება სხვა მოვალეობებთან, იმ პირობით, რომ იგი არ უნდა იყოს უშუალოდ ჩართული პროდუქტის ან მომსახურების მიწოდების პროცესში.

7. ავიასაწარმოს ზომიდან, მისი საქმიანობის ხასიათიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მენეჯერს შეიძლება ჰყავდეს დამხმარე პერსონალი.

შენიშვნა: დამხმარე პერსონალის კომპეტენცია, რომლებიც ჩართულნი არიან უსაფრთხოების მართვის სისტემის დანერგვის და მისი მუდმივ გაუმჯობესების პროცესში, უნდა შეესაბამებოდეს ავიასაწარმოს მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.

8. ავიასაწარმოს ზომიდან, მისი საქმიანობის ხასიათიდან და კომპლექსურობიდან გამომდინარე, ავიასაწარმო უფლებამოსილია შექმნას უსაფრთხოების კომიტეტი, განისაზღვროს კომიტეტის შემადგენლობა და კომიტეტის სხდომების ჩატარების წესი.

9. უსაფრთხოების კომიტეტმა უნდა განახორციელოს მონიტორინგი, სულ მცირე, შემდეგ საკითხებზე:

ა) უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობა;

ბ) უსაფრთხოების რისკის კონტროლისათვის საჭირო ღონისძიებების დროული ჩატარება;

გ) უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ავიასაწარმოს უსაფრთხოების პოლიტიკისა და მიზნებიდან გამომდინარე;

დ) უსაფრთხოების რისკის შემცირების სტრატეგიის საერთო ეფექტურობა;

ე) უსაფრთხოების მართვის კუთხით ავიასაწარმოს მიერ განცხადებული პრიორიტეტის მხარდაჭერასა და ავიასაწარმოში უსაფრთხოების უზრუნველყოფის ხელშეწყობისკენ მიმართული პროცესების ეფექტურობ