1. დაგაზიანებულ გარემოში სამუშაოს წარმოებისას გამოყენებული უნდა იქნეს ფერადი ლითონისგან დამზადებული ინსტრუმენტები, რომლებიც გამორიცხავენ ნაპერწკლის წარმოქმნის შესაძლებლობას. დაგაზიანებულ გარემოში აკრძალულია იმ ელექტროინსტრუმენტების გამოყენება, რომლებმაც შეიძლება წარმოქმნან ნაპერწკალი.
2. მუშებისა და სპეციალისტების ფეხსაცმელებს გაზსაშიში სამუშაოს შესრულების დროს აკუმულატორებში, ჭებში, ბუნკერებში, გაზმარეგულირებელი სადგურისა და პუნქტის, გაზსავსები სადგურის სათავსებში, აგრეთვე გაზგასაწყობ სვეტებთან არ უნდა ჰქონდეს ფოლადის ნალები და ლურსმნები.
3. გაზსაშიში სამუშაოს შესრულების დროს გამოყენებულ გადასატან სანათებს უნდა ჰქონდეს აფეთქებადაცული შესრულება.
4. მუშების ჩასასვლელად აკუმულატორებში, ჭებში, ბუნკერებსა და ქვაბულებში გამოყენებული უნდა იქნეს სამარჯვებიანი ლითონის კიბეები, რომლებიც მაგრდება აკუმულატორის, ჭის, ბუნკერის, ქვაბულის კიდეზე, აგრეთვე, რეზინის ბუნიკები (თუ კიბე ეყრდნობა ფსკერს) დაცურების და ნაპერწკლის წარმოქმნის თავიდან ასაცილებლად.
5. პასუხისმგებლობა მუშების უზრუნველყოფაზე დაცვის ინდივიდუალური საშუალებებით, მათ გამართულობასა და გამოყენებაზე ეკისრება სამუშაოს ხელმძღვანელს, ხოლო თუ სამუშაო სრულდება ტექნიკური ხელმძღვანელის გარეშე – დავალების გამცემ პირს. აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების არსებობა და გამართულობა მოწმდება გაზსაშიში სამუშაოს განწეს-დაშვების გაცემისას. სამუშაოს მომზადებისას ხელმძღვანელი ვალდებულია გაითვალისწინოს სახიფათო ზონიდან მუშების სწრაფი გამოყვანის შესაძლებლობა.
6. გაზსაშიშ სამუშაოში ყველა მონაწილეს უნდა ჰქონდეს სამუშაოდ მომზადებული შლანგიანი ან ჟანგბადმამხოლოებელი აირწინაღი. მფილტრავი აირწინაღების გამოყენება დაუშვებელია.
7. ნებართვას ჟანგბადმამხოლოებელი აირწინაღის ჩართვაზე იძლევა სამუშაოს ხელმძღვანელი.
8. ჟანგბადმამხოლოებელი აირწინაღით მუშაობისას საჭიროა თვალყურის დევნება აირწინაღის ბალონში ჟანგბადის ნარჩენ წნევაზე, რათა შესაძლებელი იყოს მომუშავის დაბრუნება დაუგაზიანებელ ზონაში.
9. აირწინაღით მუშაობის ხანგრძლივობა შესვენების გარეშე არ უნდა აღემატებოდეს 30 წუთს. ჟანგბადმამხოლოებელი აირწინაღით მუშაობის ხანგრძლივობა უნდა ჩაიწეროს აირწინაღის პასპორტში.
10. შლანგიანი აირწინაღების ჰაერის ასაღები მილყელები უნდა განლაგდეს ქარპირა მხრიდან და დამაგრდეს. თუ არ არის ჰაერის იძულებითი მიწოდება, შლანგის სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 15 მ-ს. შლანგს არ უნდა ჰქონდეს გადაღუნვები და ჩაჭყლეტილი ადგილები.
11. სამუშაოს დაწყების წინ აირწინაღები მოწმდება ჰერმეტულობაზე. თუ გოფრირებული მილყელის ბოლოს მოჭერისას სუნთქვა შეუძლებელია – აირწინაღი ვარგისია.
12. აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში, ქვაბულში ერთდროულად უნდა იმყოფებოდეს არაუმეტეს ორი მუშისა მაშველი ქამრებით და აირწინაღებით. ამ დროს მიწის ზედაპირზე ქარპირა მხრიდან ორ კაცს უნდა ეკავოს აკუმულატორში, ჭაში, ბუნკერში, ქვაბულში მყოფი მუშების მაშველი ქამრების თოკების ბოლოები. ისინი მუდმივ მეთვალყურეობას უწევენ მუშებს და შლანგიანი აირწინაღების ჰაერის ასაღებ მილყელებს, აგრეთვე, არ უშვებენ სამუშაო ადგილზე გარეშე პირებს.
13. აკუმულატორის, ჭის, ბუნკერის, ქვაბულის შიგნით ორი ან მეტი ადამიანის მუშაობისას საჰაერო შლანგები და მაშველი თოკები უნდა განლაგდეს დიამეტრულად საწინააღმდეგო მიმართულებით, ამასთან უნდა გამოირიცხოს შლანგების გადაჯვარედინება და გადაღუნვა.
14. აკუმულატორის, ჭის, ბუნკერის, ქვაბულის მუშების ჩასასვლელი და ამოსასვლელი კიბეები უნდა გამოიცადოს დადგენილი წესით. კიბეების წესივრულობა, მდგრადობა და დამაგრების საიმედოობა მოწმდება სამუშაოს წარმოებაზე პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით.
15. კარაბინების რგოლებიანი მაშველი ქამრები გამოიცდება დაკიდებულ მდგომარეობაში 5 წუთის განმავლობაში ორივე შესაკრავით შეკრული 200 კგ მასის ტვირთით. ტვირთის მოხსნის შემდეგ ქამარზე დაზიანების კვალი არ უნდა დარჩეს.
16. კარაბინები გამოიცდება 200 კგ მასის დატვირთვით ღია საკეტებით 5 წუთის განმავლობაში. ტვირთის მოხსნის შემდეგ განთავისუფლებული საკეტი უნდა დაუბრუნდეს საწყის მდგომარეობას.
17. მაშველ ქამრებს უნდა ჰქონდეს რგოლებიანი სამხრე თასმები თოკის დასამაგრებლად ბეჭების (ზურგის) დონეზე. სამხრე თასმების გარეშე ქამრების გამოყენება დაუშვებელია.
18. მაშველი თოკები გამოიცდება 200 კგ მასით 15 წუთის განმავლობაში. დატვირთვის მოხსნის შემდეგ თოკი მთლიანად და ცალკეული ძაფები დაზიანებული არ უნდა იყოს.
19. თოკებიანი მაშველი ქამრებისა და კარაბინების გამოცდა ტარდება 6 თვეში ერთხელ მაინც. გამოცდის შედეგები ფორმდება აქტით ან შეიტანება სპეციალურ ჟურნალში. ქამრების, კარაბინებისა და თოკების გაცემის წინ ხდება მათი გარე დათვალიერება. ყოველ ქამარსა და თოკს უნდა ჰქონდეს ინვენტარული ნომერი.