1. გაზსავსები საკომპრესორო სადგურის გაზსადენები ექსპლუატაციის პროცესში ექვემდებარება რევიზიას, რომლის დროსაც მოწმდება გაზსადენების მდგომარეობა.
2. გაზსადენების პირველი რევიზია ტარდება არაუგვიანეს ორი წლისა სადგურის ექსპლუატაციაში შეყვანიდან, შემდგომში ყოველ ოთხ წელიწადში.
3. გაზსადენის უბნები, რომლებიც ექვემდებარება რევიზიას, შეირჩევა სადგურის მთავარი ინჟინრის (ტექნიკური დირექტორის), ან იმ პირის მიერ, რომელსაც ბრძანებით აქვს დავალებული ზედამხედველობა გაზსადენების მდგომარეობაზე. ამასთან, რევიზიას ექვემდებარება აგრეგატების შემოსაკრავი გაზსადენები, აგრეთვე, საამქროთაშორისი და შიგასაამქრო კოლექტორები.
4. რევიზიას დაქვემდებარებული უბნების რაოდენობა განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ გაზსადენის ყოველ 200 მ სიგრძეზე მოდიოდეს ერთი უბანი, მაგრამ, არანაკლებ ერთი უბნისა გაზსადენზე.
5. გაზსადენის შერჩეული უბნების რევიზიის დროს საჭიროა:
ა. ჩატარდეს გარე დათვალიერება;
ბ. რამდენიმე ადგილას გაიზომოს გაზსადენის კედლის სისქე ხელსაწყოთი;
გ. ჩატარდეს იმ შენადუღი პირაპირების ფიზიკური მეთოდებით შემოწმება, რომელთა ხარისხი იწვევს ეჭვს;
დ. ხელმძღვანელობის მითითებით დაიშალოს გაზსადენის სარევიზიო უბანზე კუთხვილიანი შეერთებები, ჩატარდეს მათი დათვალიერება და გაიზომოს კუთხვილიანი კალიბრებით;
ე. შემოწმდეს მილტუჩა შეერთებების, შუასადებების, სამაგრის, აგრეთვე, ფასონური ნაწილების და არმატურის მდგომარეობა.
6. იმ გაზსადენების რევიზიისას, რომლებიც მუშაობენ გაზის 9,8 მეგპა (100კგძ/სმ
2
)-ზე მეტ წნევაზე, მე-5 პუნქტში ჩამოთვლილის გარდა, რევიზიისათვის დემონტირებული უბნის დეტალები (მილები, მილტუჩები, სამაგრი ნაწარმი და ა.შ.) ექვემდებარება ყოველმხრივ გამოკვლევას, ამასთან:
ა. უნდა გაიზომოს კედლის სისქე მილის მთელ სიგრძეზე გათხელებული ადგილების გამოსავლენად;
ბ. ჩატარდეს მილტუჩა შეერთებების რევიზია;
გ. ამოიჭრას კედლის სისქის მიხედვით ან სხვა დეფექტის გამო დაწუნებული მილის ან დეტალებისაგან განივი ნიმუშები, განისაზღვროს ლითონის მექანიკური თვისებები, მიკრო- და მაკროსტრუქტურა.
7. მიწისქვეშა გაზსადენების რევიზიის დროს ცალკეულ უბნებზე უნდა ამოითხაროს მიწა, გაშიშვლდეს გაზსადენი, მოცილდეს იზოლაცია არანაკლებ 2 მ სიგრძეზე, შემოწმდეს იზოლაციის ხარისხი და ელექტროქიმიური დაცვა, გაიზომოს მილის სისქე. საჭიროებისას – ამოიჭრას ცალკეული ადგილები.
8. თუ რევიზიისას მოხდა გაზსადენის დაშლა, ჭრა და შედუღება, ჩართვამდე გაზსადენი უნდა გამოიცადოს სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე 1-ლი და მე-2 დანართების შესაბამისად, ხოლო შენადუღი შეერთებები შემოწმდეს კონტროლის ფიზიკური მეთოდებით.
9. გაზსადენის რევიზიის შედეგები შედარებულ უნდა იქნეს მონტაჟის შემდეგ მიღების ან წინა რევიზიის შედეგებთან და შედგეს აქტი (დანართი 6).
10. რევიზიის არადამაკმაყოფილებელი შედეგისას დამატებით ტარდება გაზსადენის ორი უბნის რევიზია, რომელთაგან ერთი უნდა იყოს პირველის გაგრძელება, ხოლო მეორე – შემოწმებული უბნის ანალოგიური, მაგრამ, სხვა აგრეგატზე (კოლექტორზე). დამატებითი უბნების რევიზიისას პირველ რიგში უნდა შემოწმდეს ის მაჩვენებელი, რომელზეც მიღებული იყო არადამაკმაყოფილებელი შედეგი.
11. დამატებითი უბნების რევიზიისას არადამაკმაყოფილებელი შედეგის მიღების შემთხვევაში ტარდება ამ გაზსადენის, აგრეთვე, ანალოგიურ პირობებში მომუშავე სხვა გაზსადენების სრული რევიზია.
12. სრული რევიზიის დროს უნდა დაიშალოს მთელი გაზსადენი და შემოწმდეს მილებისა და ყველა დეტალის, აგრეთვე, არმატურის მდგომარეობა.
13. გაზსადენების რევიზიის დროს გამოვლენილი დეფექტები უნდა აღმოიფხვრას, ხოლო მწყობრიდან გამოსული გაზსადენის უბნები და დეტალები – შეიცვალოს ახლით.
14. შემოწმებისა და აწყობის შემდეგ გაზსადენი უნდა გამოიცადოს სიმტკიცეზე და ჰერმეტულობაზე 1-ლი და მე-2 დანართების მოთხოვნების შესაბამისად.
15. გაზსადენის სრული რევიზიის შედეგები ფორმდება აქტით (დანართი 6