1. მინის ხარშვის, გამომუშავების, შემოჭრის, მოტეხვის, მოქიმვის და გამოჭრის პროცესები უნდა იყოს მექანიზებული და ავტომატიზებული, ხოლო მართვა და კონტროლი, როგორც წესი, ხორციელდებოდეს დისტანციურად.
2. ერთ სათავსში ღუმელების ორ რიგად განლაგება არ დაიშვება.
3. მინის მასის ხარშვის და სხვა პროცესებზე დაკვირვებისათვის ღუმელების ღიობები აღჭურვილი უნდა იყოს საფარებით.
4. საღუმელე განყოფილება უნდა იყოს იზოლირებული სამანქანოსაგან და აღჭურვილი იყოს არაგასაღვივებელი კონსტრუქციის აერაციული ფარნებით, რომლებიც თავსდება ღუმელების თავზე მთელ მის სიგრძეზე. სამანქანო-სააბაზანო საამქროების განთავსება უფარნო შენობებში არ დაიშვება.
5. მინის გამომუშავების განყოფილებიდან ჭარბი სითბოს მოცილებისათვის გათვალისწინებული უნდა იყოს შუალედური ბაქნიდან გაყვანილი მოცილებული ჰაერის რაოდენობის მარეგულირებელი აერაციული შახტები.
6. მინის ვერტიკალური გაჭიმვის მანქანების მომსახურების ბაქანზე სითბოს მოხვედრის შემცირების მიზნით საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს ბაქნის ლითონის კონსტრუქციების წყლით გაცივება.
7. მინის ნალეწის და “ქვების” დამუშავება უნდა ხდებოდეს სპეციალური აირის სანთურებით.
8. მინის მიწოდება მანქანებიდან დაჭრის მაგიდებზე უნდა ხორციელდებოდეს ტრანსპორტიორებით, როლგანგებით.
9. ჭრაზე მისაწოდებელი მინა უნდა ექვემდებარებოდეს წინასწარ გაცივებას 35ºC ტემპერატურამდე.
10. მომდენი ჰაერის მიწოდება ადგილებზე, რომლებიც მოშორებულია აერაციული ღიობებიდან (მექიმის, მომტეხის, მჭრელის და სხვა სამუშაო ადგილები) უნდა ხორციელდებოდეს აერაციული არხებით ჰაერის გამოშვებით მომდენი ტუმბებიდან (იატაკიდან არანაკლებ 0,5 მ. სიმაღლეზე) ან მექანიკური სავენტილაციო დანადგარებით.
11. მინის მოტეხვის ავტომატიზებული სისტემისას გამოყოფილი უნდა იყოს ადგილი ავტომატური მინამსხვრეველის მუშაობაზე დაკვირვებისათვის. სამუშაო ადგილი უნდა განლაგდეს მინამსხვრეველის მოძრაობის ბაქნის გარეთ და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მომდენი ვენტილაციით.
12. მინის უწყვეტი გლინვის საამქროებში ტრანსპორტიორის უბნებზე მინის მასის აბაზანის ღუმელიდან გამოსვლისა და მინის ლენტის დაყალიბების ადგილები უნდა იყოს ეკრანირებული.
13. მინის ნალეწის ტრანსპორტირება (მომტვრევის, მოქიმვის ბაქნებიდან, საჭრელი მაგიდებიდან და სხვ.) უნდა წარმოებდეს დახურული ლენტური ტრანსპორტიორებით, რომლებიც განლაგებულია სპეციალურ იზოლირებულ გალერეებში.
14. მზა პროდუქციის შეფუთვა და ტარაში მოთავსება უნდა იყოს მექანიზებული.
15. მანქანების, მანქანების ქვედა კამერების, აბაზანის ღუმელების კამარების და სანათურების გაწმენდა უნდა წარმოებდეს ვაკუუმური დანადგარების დახმარებით. ამ მიზნით შეკუმშული ჰაერის გამოყენება არ დაიშვება.
16. სამანქანო-სააბაზანო საამქროებში გათვალისწინებული უნდა იყოს გათბობა სათავსებში ჰაერის გაანგარიშებული ტემპერატურით +10ºC.
17. ორსტადიური დაყალიბების მეთოდით მინის წარმოება მთლიანად ავტომატიზებული უნდა იყოს, რათა გამოირიცხოს ფლოატ-აბაზანის მომსახურების ყველა სამუშაო ადგილის საჭიროება. ჩამოსხმის, აბაზანის გამოსასვლელი ბოლოს, ბორტსაყალიბებელი მანქანების ოპერატორის სამუშაო ადგილები საჭიროა განლაგდეს იზოლირებულ სათავსებში და მათი მუშაობა ხორციელდებოდეს მართვის პულტებით.
18. გაპრიალებული მინის უწყვეტი წარმოების საამქროებში აერაციული სარკმლები საჭიროა განლაგდეს მინასახარში ღუმელების, ფლოატ-აბაზანების და გამოწვის ღუმელების მთელ სიგრძეზე.
19. ფლოატ-აბაზანის სახურავი უნდა იყოს ჰერმეტული და გამორიცხავდეს ტოქსიკური ნივთიერებების (აზოტის და ტყვიის ოქსიდების, დარიშხანოვანი ანჰიდრიდის, გოგირდოვანი ანჰიდრიდის და სხვ.) აბაზანებიდან სამუშაო ზონაში მოხვედრის შესაძლებლობას.
20. მინასაყალიბებელი მანქანებიდან (წნეხები, წნეხ-გამომბერი, ვაკუუმ-გამომბერი და სხვ.) მავნე ნივთიერებების გამოყოფის ადგილებზე მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
21. მინის მასის მიწოდება მანქანებსა და წნეხებში, ასევე გამომუშავებული ნაკეთობების ტრანსპორტირება კონვეიერებთან და გამოწვის ღუმელებთან უნდა იყოს მექანიზებული.
22. ნაკეთობების ხელით დამზადებისას ღუმელების გამოსამუშავებელი ფანჯრები აღჭურვილი უნდა იყოს ადვილად მოძრავი საფარებით.
23. ნაკეთობების გამომუშავება უნდა წარმოებდეს ხელის პნევმომილებით. არ დაიშვება პირით გამობერვა.
24. ცხელი ნაკეთობების ტრანსპორტირება დაზგიდან გამოწვის ღუმელებში უნდა ხორციელდებოდეს დახურული თბოსაიზოლაციო ტრანსპორტიორებით.
25. გამომუშავებული ნაკეთობების დამატებითი გაცხელების ღუმელები უნდა იყოს ეკრანირებული.
26. გამომბერ-გამომყვანის სამუშაო ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს მოხერხებული საზურგიანი დასაჯდომით და საიდაყვით, რომელიც ისე უნდა განლაგდეს, რომ მომუშავისათვის მოხერხებული იყოს გამომუშავებული ნაკეთობების ტრანსპორტიორზე მიწოდება.
27. გამოწვის ღუმელების ჩასატვირთი ღიობები უნდა შეესაბამებოდეს გამომუშავებული ნაკეთობების ზომებს. გამოწვის ღუმელების საფარების გაღება უნდა იყოს ბლოკირებული ნაკეთობების ჩატვირთვასთან.
28. ამწყობების, მეღუმელეების, გამომბერების, გამომყვანების სამუშაო ადგილებზე დაზგებთან მოწყობილი უნდა იყოს მომდენი სავენტილაციო სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მომდენი ჰაერის თანაბარ განაწილებას.
29. წნეხები და მინასაყალიბებელი მანქანები იმგვარად უნდა განლაგდეს, რომ მათ შორის მანძილი იყოს არანაკლებ 2 მეტრი.
30. წინასწარი დამუშავების პროცესები (ნაკეთობების ხეხვა, გაპრიალება, მილესვა), ალმასით ხეხვა, ნაკეთობების მოკაზმვა გამოყოფილი უნდა იყოს მომდენ-გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ იზოლირებულ ცალკე სათავსებში.
31. ნაკეთობების დამუშავების ოპერაციები (რეცხვა, ქიმიური გაპრიალება) უნდა იყოს მექანიზებული.
32. მინის ნაკეთობათა ხეხვის, გაპრიალების, მილესვის მოწყობილობები (კიდეების მოპირვის და ძირის სახეხი მანქანები, სახეხი საყელურები, მილესვის დაზგები), ასევე ალმასის წახნაგების დადების მოწყობილობები უნდა იყოს აღჭურვილი ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით.
33. ალმასის წახნაგების დადებისას ხელებზე გადაცემული ვიბრაციის დონის შესამცირებლად საჭიროა სრიალა საყრდენიანი ჰიდროდინამიკური და აეროდინამიკური დაზგების გამოყენება.
34. ნაკეთობების ტექნოლოგიური დამუშავების (ხუფის ჩამოჭრა, ნაპირების უკუწნევა) მოწყობილობები უნდა განლაგდეს თბოიზოლაციურ კარადა-შესაფარში, რომლებიც უზრუნველყოფილია გამოყოფილი სითბოს და წვის პროდუქტების გამწოვი ვენტილაციით.
35. ნაკეთობების მოკაზმვის სამუშაოები უნდა სრულდებოდეს ადგილობრივი გამწოვებით აღჭურვილ შემინულ კარადა-შესაფარში, რომლის ღია სამუშაო ღიობებში ჰაერის მოძრაობის სიჩქარე უნდა იყოს არანაკლებ 1,5 მ/წმ-ისა.
36. ქიმიური გაპრიალების დანადგარები უნდა იყოს აღჭურვილი ეფექტური გამწოვი ვენტილაციით და მოთავსებული შესაფარში (კარებიანი კარადები).
37. ქიმიური გაპრიალებისათვის განკუთვნილი მჟავებიანი და ტუტეებიანი ჭურჭელი უნდა ინახებოდეს იზოლირებულ, ვენტილაციით აღჭურვილ სათავსებში.
38. ქიმიური გაპრიალების განყოფილების იატაკის, კედლების და მოწყობილობების საფარი უნდა იყოს ტენ-მჟავა- და ტუტეგამძლე.
39. სველი მეთოდით მომუშავე სახეხ, საპრიალებელ და საჭრელ დაზგებს უნდა ჰქონდეთ წყალსაკრებები და ღარაკები დაზგებიდან და საყელურებიდან წყლის სადენად, ხოლო მშრალი მეთოდით მუშაობისას დაზგები დახურული უნდა იყოს ასპირაციული სისტემით აღჭურვილი გარსაცმით.
40. აბრაზივების მომზადება და აბრაზიული წრეების გამოცდა დაიშვება მხოლოდ იზოლირებულ სათავსებში. მავნეობების გამოყოფის ადგილებზე მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია მოწყობილობების სპეციფიკის გათვალისწინებით.
41. ფტორწყალბადმჟავის მომზადება უნდა იყოს მექანიზებული, ტარდებოდეს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილ იზოლირებულ სათავსში სპეციალური აპარატურის გამოყენებით.
42. ცვილოვანი მასტიკის ხარშვა უნდა ჩატარდეს იზოლირებულ სათავსში. ცვილოვანი მასტიკის სახარში და გასაცხელებელი ქვაბები აღჭურვილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციით.
43. მინის ნაკეთობების ამოჭმა უნდა ჩატარდეს კასეტებში ადგილობრივი გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილი საფარის ქვეშ.
44. გაცვილვის დანადგარების თავზე მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
45. ამოჭმის სამუშაოების სათავსი უნდა იყოს იზოლირებული და უკავშირდებოდეს მეზობელ სათავსებს ორმაგკარიანი (რაბი) გადასასვლელებით.
46. ამოჭმის აბაზანები განთავსებული უნდა იყოს გამწოვ კარადებში. ამოჭმის დროს კარადის კარები უნდა იყოს დახურული.
47. ნაკეთობებიდან მასტიკის მოცილების პროცესები უნდა წარმოებდეს იზოლირებულ სათავსში. სარეცხი აპარატურიდან მოწყობილი უნდა იყოს ადგილობრივი გამწოვი ვენტილაცია.
48. მინის მილების მოჭრა, მოტეხვა, ტრანსპორტირება და ჩატვირთვა გამოსაწვავ ღუმელებში უნდა იყოს მექანიზებული.
49. გამოსაწვავი ღუმელების ჭიქების და ჩასატვირთი ფანჯრების თავზე მოწყობილი უნდა იყოს გამწოვი ვენტილაცია წვის პროდუქტების მოსაცილებლად.
50. კამერული გამოსაწვავი ღუმელებიდან მინის მილების გადმოტვირთვა უნდა იყოს მექანიზებული.
51. მილების სახეხი მანქანები დახურული უნდა იყოს გამწოვი ვენტილაციით აღჭურვილი ხმაურჩამხშობი გარსაცმით
,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ” · რედაქცია 14.04.2004
მუხლი 16. მინისა და მინის ნაკეთობათა წარმოება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 10. ხელოვნური მინერალური ბოჭკოს (მინერალური ბამბის, ბოჭკოვანი მინის, მინის ბამბის, ბაზალტის, სილიციუმშემცველი და სხვა ბოჭკოების და მათგან დამზადებულ ნაკეთობათა) წარმოება
- მუხლი 11. შემკვრელი მასალების (ცემენტი, თაბაშირი, ალებასტრი, კირი, გაჯი და სხვ.) წარმოება
- მუხლი 12. ბეტონის, რკინაბეტონის ნაკეთობების და კონსტრუქციების წარმოება
- მუხლი 13. აგურის და კრამიტის წარმოება
- მუხლი 14. აზბესტცემენტის ნაკეთობების და თაბაშირის ფილების წარმოება
- მუხლი 15. ფაიფურის, ქაშანურის და მაიოლიკის ნაკეთობათა წარმოება
- მუხლი 17. ხის გადამამუშავებელი საწარმოები
- მუხლი 18. ფანერის წარმოება
- მუხლი 19. მერქანბურბუშელას ფილების წარმოება
- მუხლი 20. რბილი სახურავის საფარის და მასტიკის წარმოება
- მუხლი 21. ასფალტბეტონის წარმოება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „,,მძიმე მრეწველობის ზოგიერთი ტიპის საწარმოს მოწყობის, აღჭურვისა და ექსპლუატაციის სანიტარული წესების დამტკიცების შესახებ”“, მუხლი 16, №78/ნ, 14.04.2004, სარეგისტრაციო კოდი 470.010.000.11.119.006.467 (კონსოლიდირებული რედაქცია 14.04.2004). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/57940/muxli-16/