1. მოწყობილობების განლაგება უნდა შეესაბამებოდეს ტექნოლოგიური პროცესების თანმიმდევრობას, ნაკადურობას, უწყვეტობას და უზრუნველყოფდეს მოქმედი ნორმებისა და წესების დაცვას.
2. იატაკის ზედაპირიდან 1,5 მეტრ სიმაღლეზე განლაგებულ საწარმოო მოწყობილობებს უნდა ჰქონდეს სტაციონარული კიბეებიანი ბაქნები, რომლებიც არ კონტაქტირებს ვიბრაციის წარმომქმნელ საწარმოო მოწყობილობებთან.
3. მტვერწარმომქმნელი ტვირთის (ცემენტი, თაბაშირი, კირი, ღორღი, ქვიშა და სხვ.) ჩატვირთვა-გადმოტვირთვის ოპერაციები უნდა ჩატარდეს პნევმოტრანსპორტით, რომელიც გამორიცხავს სამუშაო ზონისა და გარემოს ჰაერის დაბინძურებას.
4. შესაფუთი განყოფილებები და მზა პროდუქციის საწყობები აღჭურვილი უნდა იყოს ტვირთამწე და სატრანსპორტო მანქანებით და მექანიზმებით (ტელფერები, ელექტროსატვირთავები, კონვეიერები, ტალები და სხვ.), რომლებიც გამორიცხავენ ხელით შრომას.
5. ამწეს კაბინები უნდა აკმაყოფილებდეს სათანადო ჰიგიენურ და ერგონომიულ მოთხოვნებს:
ა) ამწეს კაბინის და მართვის პოსტების თბოდაცვა უნდა უზრუნველყოფდეს მომუშავეთა სითბურ დასხივებას არა უმეტეს 35 ვტ/მ²– სხეულის ზედაპირის 50%-ის და მეტი დასხივებისას. 70 ვტ/მ² – 25-დან 50%-მდე დასხივებისას და 100 ვტ/მ²– სხეულის ზედაპირის არა უმეტეს 25% დასხივებისას;
ბ) ღია მოედნებზე ამწეების მუშაობისას საჭიროა გათვალისწინებულ იქნეს მომუშავეთა მაღალი და დაბალი ტემპერატურისაგან დაცვის ღონისძიებები.
6. ჩამტვირთავი მოწყობილობები და კონვეიერები უნდა გამორიცხავდეს ჩატვირთვისას კვანძებში ნაზღვლევის და ყრილების წარმოქმნას.
7. ფხვიერი მასალების ტრანსპორტირებისას აუცილებელია ისეთი მექანიზმების (პნევმატური ხრახნული ელევატორი, კამერული ტუმბო, აეროღარი, დახურული ლენტური კონვეიერი) გამოყენება, რომლებიც გამორიცხავს საწარმოო სათავსებში მტვრის გამოყოფას.
8. კონვეიერები ისეთი მასალების ტრანსპორტირებისათვის, რომლებსაც შეუძლიათ გარემოში მავნე ქიმიური ნივთიერებების გამოყოფა, უნდა იყოს დახურული და ორგანიზებული ჰქონდეს ჰაერის ასპირაცია. ასპირირებული ჰაერი ატმოსფეროში გაფრქვევამდე უნდა ექვემდებარებოდეს გაწმენდას.
9. მტვერწარმომქმნელი მასალების გადატვირთვის ადგილებზე არსებულ კონვეიერებზე გათვალისწინებული უნდა იყოს გამწოვები და მორწყვა. ასპირირებული ჰაერი ატმოსფეროში გაფრქვევამდე უნდა ექვემდებარებოდეს მტვრისაგან გაწმენდას.
10. კონვეიერის ქვემოთ გამწმენდებით დაგროვილი მასალების და განაბნევების მოსაცილებლად საჭიროა გამოყენებული იყოს სპეციალური სამარჯვები (დახრილი ღარები, შნეკები, ჰიდროჩამორეცხვა და სხვა საშუალებები).
11. საკონვეიერო გალერეებში მტვრის აღება უნდა ჩატარდეს პნევმატური მეთოდით, ტრანსპორტირებული მასალის გათვალისწინებით:
ა) არადაქუცმაცებული მასალების ტრანსპორტირებისას, რომლებიც არ წარმოადგენს მტვერწარმოქმნის მნიშვნელოვან წყაროს, გამოიყენება საწარმოო მტვერსასრუტები;
ბ) მტვერწარმომქმნელი მასალების გადმოყრის ადგილებში (სადაც ტექნოლოგია საშუალებას იძლევა) აუცილებელია პნევმო ან ჰიდროგაუმტვრიანების გათვალისწინება;
გ) აკრძალულია სათავსებში შეკუმშული ჰაერით დასუფთავების ჩატარება.
12. საწარმოო სათავსებში ნედლეულის გაბნევის და მტვრის გამოყოფის თავიდან ასაცილებლად, ელევატორის შახტებს არ უნდა ჰქონდეს ხვრელები და ღიობები, ხოლო ელევატორის შახტებთან შემაერთებელი წერტილები, ლიუკები და კვანძები უნდა იყოს ჰერმეტიზებული.
13. სილოსების და ბუნკერების ჩატვირთვის და გადმოტვირთვის დროს უნდა გამოირიცხოს სამუშაო ზონაში მტვრის მოხვედრა.
14. სამსხვრეველები და წისქვილები უნდა დაიდგას სხვა უბნებიდან იზოლირებულ სათავსებში, ვიბრო და ხმაურმაიზოლირებელ საძირკველზე.
15. ცხავების მუშაობის შედეგად წარმოქმნილი ხმაურის და ვიბრაციის დონის შესამცირებლად დამჭერ საყრდენსა და მზიდ კონსტრუქციებს შორის გათვალისწინებულ უნდა იქნეს ვიბროჩამხშობი მოწყობილობა.
16. სამსხვრევ-სახარისხებელი მანქანები და მათთან დაკავშირებული მოწყობილობები და მექანიზმები (მკვებავები, ბუნკერები, დოლური გრანულატორების ტორსები, სასწორები და დოზატორები, მშრალი დაფქვის რბიის სატკეპნები) უნდა იყოს დახურული, ხოლო მტვრის გამოყოფის ადგილები – აღჭურვილი გამწოვი ვენტილაციით, გაწოვილი ჰაერის გაწმენდით.
17. სამსხვრევი დანადგარებიდან, საშრობი დოლებიდან, წისქვილებიდან, თერმული მომზადების ღუმელებიდან, დალექვის სისტემებიდან ასპირირებული ჰაერი ატმოსფეროში გამოფრქვევამდე უნდა დაექვემდებაროს ორსაფეხურიან გაწმენდას.
18. ღუმელების, ქურების ჩასატვირთი მოწყობილობები უნდა გამორიცხავდეს კვანძებში ნაზღვლევების და ყრილების წარმოქმნას.
19. მჟავეების, ტუტეების ხსნარების დოზატორებიდან მოწყობილობებში მიწოდება და გამოშვება უნდა ხდებოდეს მხოლოდ სტაციონარული კომუნიკაციებით, რომლებიც სისტემატურად კონტროლდება ჰერმეტულობაზე.
20. მავნე ნივთიერებების შემცველი სითხის, პულპის, ხსნარების და ნარევების ტრანსპორტირების ტუმბოები უნდა იყოს ჰერმეტული.
21, ავტოკლავების სახურავები უნდა მაგრდებოდეს მექანიკურად და ჰერმეტულად.
22. ნედლეულიანი ვაგონეტების მოხუფვა და მათი გადმოტვირთვა ავტოკლავებიდან, აგრეთვე, ნედლეულის ჩატვირთვის, პულპის ხსნარების მომზადების, სალექარიდან შლამების მოცილების პროცესები უნდა იყოს მექანიზებული.
23. აპარატურის, ავტოკლავების და სხვა ტექნიკური დანადგარების გაწმენდის სამუშაოები უნდა იყოს მექანიზებული და ტარდებოდეს მომუშავე ვენტილაციის რეჟიმში, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენებით.
24. საშრობი დოლებიდან, გამოწვის და საშრობი ღუმელებიდან ცხელი კვამლ-აირსარინი მილსადენები გასასვლელების მხრიდან შემოსაზღვრული უნდა იყოს დამცავი ეკრანებით, რომლის გარე ზედაპირის ტემპერატურა არ აღემატება 45ºC.
25. მზა პროდუქციის (ცემენტი, კირი, აფუებული პერლიტი, ვერმიკულიტი და სხვ.) ტემპერატურა ტომრებში და სხვა წვრილ ტარაში შეფუთვისას არ უნდა აღემატებოდეს 40ºC.
26. სადნობი ღუმელების, მტვერსალექი კამერების, საშრობი დოლების აირსავალების, მბრუნავი ღუმელების, თერმომომზადების ღუმელების, პერლიტის ასაფუებელი (ვერტიკალური) ღუმელების, წისქვილების, აგლომერაციული მანქანების და სხვა დანადგარების შიგა რემონტი და დასუფთავება უნდა ტარდებოდეს მათში ჰაერის არა უმეტეს 33ºC ტემპერატურისას. უფრო მაღალი ტემპერატურის პირობებში ერთჯერადი უწყვეტი სამუშაოს დასაშვები ხანგრძლივობა საჭიროა მივიღოთ დანართი 1-ის თანახმად