1. ბურღვითი სამუშაოების ტექნოლოგია უნდა ითვალისწინებდეს:
ა) ბურღვის პროცესების მაქსიმალურ მექანიზაციას და ავტომატიზაციას დაზგების, თვითმავალი ურიკების, საბურღი მოწყობილობების გამოყენებით;
ბ) წვრილშპურული ბურღვის მოცულობის შემცირებას;
გ) მტვრის გამოყოფის, ხმაურის და ვიბრაციის გენერაციის მაქსიმალურად შემამცირებელი საშუალებების გამოყენებას.
2. იკრძალება შპურების და ჭაბურღილების წინაბურღვის და ბურღვის წარმოება მტვერდამჭერი და მტვერჩამხშობი საშუალებების გარეშე, რომლებიც უზრუნველყოფს ჰიგიენური ნორმატივების დაცვას.
3. ისეთ ვიბროხელსაწყოებთან და მოწყობილობებთან მუშაობის ჯამური ხანგრძლივობა, რომელთა მიერ წარმოქმნილი ლოკალური ვიბრაცია აღემატება დასაშვებ დონეებს, დგინდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2001 წლის 16 აგვისტოს №297/ნ ბრძანებით „გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ნორმების დამტკიცების შესახებ“ დამტკიცებული სანიტარიული წესებისა და ნორმების „საწარმოო ვიბრაცია, ვიბრაცია საცხოვრებელი და საზოგადოებრივი შენობების სათავსებში“ შესაბამისად.
4. ბურღვითი სამუშაოებისას ეფექტური მტვერჩახშობისათვის უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარეცხვის ოპტიმალური რეჟიმი და საბურღი მანქანის ტიპის შესაბამისად წყლის ხარჯი უნდა შეადგენდეს:
ა) ხელის პერფორატორებისათვის – არანაკლებ 4,0 ლ/წთ;
ბ) სვეტური პერფორატორებისათვის – არანაკლებ 10,0 ლ/წთ;
გ) ტელესკოპური პერფორატორებისათვის – არანაკლებ 6,0 ლ/წთ;
დ) სვეტური და ტელესკოპური პერფორატორებისათვის ღრმა ჭაბურღილების ბურღვისას – არანაკლებ 10,0 ლ/წთ;
ე) საბურღი დაზგებისათვის ღრმა ჭაბურღილების ბურღვისას – არანაკლებ 15,0 ლ/წთ;
ვ) აღმავალი გვირაბების გაყვანისას გარეცხვისათვის სითხის ხარჯვა უნდა შეადგენდეს 25,0ლ/წთ, 1500მმ აღმავალი დიამეტრის ბურღვისას.
5. შპურების და ჭაბურღილების გაწმენდა ბურღვის შლამებისაგან უნდა წარმოებდეს წყლით ჩარეცხვით ან გამორეცხვით და შემდგომი შეკუმშული ჰაერით გაქრევით.
6. პერფორატორების ექსპლუატაცია დაიშვება მხოლოდ გამონაბოლქვის ეფექტური მაყუჩების, ვიბრირებულ საბურღ სადგარზე ხმაურის და ვიბრაციის შემამცირებელი მოწყობილობების არსებობისას. თვითმავალ საბურღ ურიკებს და დანადგარებს უნდა ჰქონდეთ ჩამქრობი ბაქნები. ტელესკოპური პერფორატორებით მუშაობისას გათვალისწინებულ უნდა იქნეს ზოგადი ვიბრაციის ზემოქმედებისაგან მომუშავეთა დაცვის ღონისძიებები.
7. ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების წინ გვირაბი უნდა დაინამოს (მოირწყას) სანგრევიდან 10-15მ მანძილზე.
8. შპურების და ჭაბურღილების დამუხტვისას ასაფეთქებელი ნივთიერებები საჭიროა გამოყენებულ იქნეს მხოლოდ გრანულირებული სახით, მყარ ტომრებში შეფუთული. ასეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების მიწოდება ჯუთის ტომრებით მკვრივი გარსის გარეშე დაუშვებელია.
9. მგრგვინავი ვერცხლისწყლის ან ტყვიის აზიდის შემცველი კაფსულ-დეტონატორების გამოყენება უნდა ხორციელდებოდეს ჰაერში ვერცხლისწყლის და ტყვიის ორთქლის შემცველობის კონტროლით.
10. ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარებისას უნდა მოხდეს მტვრის გამოყოფის ჩაქრობის და ტოქსიკური აირების ნეიტრალიზაციის უზრუნველყოფა