1. მატერიალური მარაგების მიღება წარმოებს თვითღირებულებით, რომელიც მოიცავს მათი შესყიდვის, ტრანსპორტირების და სხვა პირდაპირ დანახარჯებს. თვითღირებულებას არ მიეკუთვნება დაბრუნებადი გადასახადები და შენახვის ხარჯები.
2. მატერიალური მარაგების მიღების ძირითად წყაროს წარმოადგენს გაცვლითი ოპერაციები როგორც საბიუჯეტო, ასევე არასაბიუჯეტო (საკუთარი) საქმიანობიდან, რომელიც რეგულირდება სსბასს 9-ით, „შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებიდან“.
მატერიალური მარაგების მიღება აღრიცხვაში აისახება ბუღალტრული გატარებით:
დ – 1-14-1100 – „ნედლეული და მასალები“, საკუთარი სახსრებით აქტივების (კაპიტალის) შესაქმნელად შესყიდვის შემთხვევაში.
დ – 1-14-1420 – „სხვა დანარჩენი მასალები და მარაგები“, საკუთარი მოხმარებისათვის შესყიდვის შემთხვევაში.
დ – 1-14-1410 – „მცირეფასიანი აქტივები“, ერთ წელზე მეტი ხნის ექსპლუატაციის ვადის მქონე 500 ლარზე ნაკლები ღირებულების მქონე აქტივების შესყიდვის შემთხვევაში.
კ – 2-13-4100 – „საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“ (თუ შესყიდვის ხელშეკრულება სცილდება საბიუჯეტო წელს, მაშინ დაკრედიტდება ანგარიში №2-13-4200 – „საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებს გარეთ“.
ვალდებულებების დაფარვა იწვევს აღნიშნული ანგარიშების დებეტში ჩაწერას, ფულადი სახსრების ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
კ – 1-13-1210 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, საბიუჯეტო სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“.
კ – 1-13-1230 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით ეროვნულ ვალუტაში“.
3. არაგაცვლითი ოპერაციებით მატერიალური მარაგების მიღება, როდესაც შესაძლებელია მათი სამართლიანი (რეალური) ღირებულების დადგენა, რეგულირდება სსბასს 23-ით – „შემოსავლები არაგაცვლითი ოპერაციებიდან (გადასახადები და ტრანსფერები)“. უსასყიდლოდ მიღებული მატერიალური მარაგები სხვადასხვა საბიუჯეტო ერთეულებიდან, მატერიალური ფორმით, აღიარდება, როგორც „სასაქონლო ფორმით მიღებული მიმდინარე გრანტები“ და მიეკუთვნება – №4-32-1000 ნომინალური ანგარიშის შესაბამის ქვეანგარიშების კრედიტს. მეტერიალური მარაგების შესაძენად სხვადასხვა საბიუჯეტო ერთეულებიდან ფულადი სახსრების მიღება აღიარდება, როგორც „ფულადი ფორმით მიღებული მიმდინარე გრანტები“ და მიეკუთვნება – №4-31-1000 ნომინალური
ანგარიშის ქვეანგარიშების კრედიტს, „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, მიზნობრივი დაფინანსებით და გრანტებით ეროვნულ ვალუტაში“ – №1-13-1220 ანგარიშის დებეტთან კორესპონდენციით. მატერიალური მარაგების მიღება სხვა ერთეულებიდან ან ფიზიკური პირებიდან მატერიალური ფორმით, აღიარდება ნებაყოფლობით ტრანსფერად და მიეკუთვნება „შემოსავლები მიმდინარე ტრანსფერებით, რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“ – №4-45-1000 ნომინალური ანგარიშის კრედიტს, მატერიალური მარაგების ამსახველი შესაბამისი ანგარიშების დებეტთან კორესპონდენციით, ხოლო ფულადი ფორმით მიღების დროს მიეკუთვნება – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ, მიზნობრივი დაფინანსებით და გრანტებით ეროვნულ ვალუტაში“ – №1-13-2220 ანგარიშის დებეტს.
4. ცალკეულ შემთხვევებში, დევნილი და სოციალურად დაუცველი პირებისათვის, სხვადასხვა სახის საჩუქრების და პირადი მოხმარების ნივთების მიღება წარმოებს ნულოვანი ღირებულებით. აღნიშნული მარაგების გადაცემა ბენეფიციარებისათვის ასევე წარმოებს ნულოვანი ღირებულებით, ხოლო გაწეული ტრანსპორტირების ხარჯები მიეკუთვნება „სხვა დანარჩენი საქონლისა და მომსახურების ხარჯების“ – №5-20-9000 ანგარიშის დებეტს, „საქონლისა და მომსახურების მოწოდების შედეგად წარმოქმნილი მოკლევადიანი (მიმდინარე) კრედიტორული დავალიანებები საბიუჯეტო წლის ფარგლებში“ – №2-13-4100 ანგარიშის კრედიტთან კორესპონდენციით.
5. საანგარიშო პერიოდის ბოლოს ნომინალური
ანგარიშები დებეტის ჩანაწერებით ექვემდებარება დახურვას:
დ – 4-32-1000 – „სასაქონლო ფორმით მიღებული მიმდინარე გრანტები“.
დ – 4-31-1000 – „ფულადი ფორმით მიღებული მიმდინარე გრანტები“.
დ – 4-45-1000 – „შემოსავლები მიმდინარე ტრანსფერებით,რომლებიც სხვაგან არ არის კლასიფიცირებული“.
კ – 3-23-1000 – „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“, ან
კ – 3-23-2000 – „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“.
საანგარიშო პერიოდის ბოლოს დახურვას ექვემდებარება საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ნომინალური ანგარიშები, გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის მთავარ ანგარიშებზე:
ა) დ – 3-23-1000 – „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“.
კ – 3-21-1000 – „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტი საბიუჯეტო სახსრებით საქმიანობისათვის“.
ბ) დ – 3-23-2000 – „საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტი არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“.
კ – 3-21-2000 – „გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტი არასაბიუჯეტო (საკუთარი) სახსრებით საქმიანობისათვის“.
6. მატერიალური მარაგების ექსპლოატაციაში გადაცემა წარმოებს მოთხოვნების შესაბამისად, მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მიერ შედგენილი გასავლის ზედდებულებით:
დ – 5-20-3000 – „ოფისის ხარჯები“.
კ – 1-14-1420 – „სხვა დანარჩენი მასალები და მარაგები“.
კ – 1-14-1410 – „მცირეფასიანი აქტივები“.
7. 100 ლარამდე ღირებულების მარაგები და მცირეფასიანი საგნები, გარდა ავეჯისა, ხარჯებში ჩამოიწერება პირდაპირ, ხოლო მნიშვნელოვანი ეკონომიკური ღირებულების მქონე ავეჯი და სხვა მცირეფასიანი აქტივები თანხობრივად და რაოდენობრივად, სახეების მიხედვით, მათ სრულ ამოწურვამდე აისახება ბალანსის საცნობარო მუხლში – „ხარჯებში ჩამოწერილი მატერიალური მარაგები და მცირეფასიანი აქტივები“.
8.საცნობარო მუხლიდან მცირეფასიანი აქტივების ჩამოწერა წარმოებს საინვენტარიზაციო კომისიის აქტით და შესაბამისი უფლებამოსილი პირების
ბრძანებებით,მატერიალურად პასუხისმგებელი პირების მოხსენებითი ბარათების საფუძველზე.
9. ოფისის ხარჯების ამსახველი ანგარიში ექვემდებარება დახურვას და მიეკუთვნება საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშს, რომელიც საანგარიშო პერიოდის ბოლოს შეამცირებს გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიშს.
10. არაგაცვლითი ოპერაციების შედეგად მატერიალური მარაგების გასვლა, როდესაც შესაძლებელია მათი სამართლიანი (რეალური) ღირებულების დადგენა, მატერიალური ფორმით აღიარდება, როგორც „სასაქონლო ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტების“ ხარჯები და მიეკუთვნება №5-32-1000 ნომინალური ანგარიშის შესაბამისი ქვეანგარიშების დებეტს, მატერიალური მარაგების შესაბამისი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით.
11. ფულადი ფორმით თანხების გადაცემა დაქვემდებარებული ერთეულებისათვის, ერთეულის მიერ განიხილება, როგორც „ფულადი ფორმით გაცემული მიმდინარე გრანტების“ ხარჯები და მიეკუთვნება №5-31-1000 ნომინალური ანგარიშის ქვეანგარიშების დებეტს, შესაბამისი ფულადი სახსრების ამსახველი ანგარიშების (საქმიანობის სახეების მიხედვით) დებეტთან კორესპონდენციით.
12. სხვა ერთეულებისათვის და ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ მარაგების გადაცემა აღიარდება, როგორც მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები და მიეკუთვნება „მიმდინარე ტრანსფერები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები არაგაცვლითი ოპერაციებით“ – №5-73-1200 ნომინალური ანგარიშის დებეტს, მატერიალური ფორმით გადაცემის დროს შესაბამისი მარაგების ამსახველი ანგარიშების კრედიტთან კორესპონდენციით, ხოლო ფულადი ფორმით გადაცემის დროს კრედიტდება შესაბამისი ფულადი ფორმის ამსახველი (საქმიანობის სახეების მიხედვით) ანგარიში, კ – №1-13-1220 – „საბიუჯეტო ორგანიზაციების მოკლევადიანი (მიმდინარე) დებიტორული დავალიანებები ხაზინის მიმართ მიზნობრივი დაფინანსებით და გრანტებით ეროვნულ ვალუტაში“.
13. მარაგების გადაცემა წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტით, რომელიც ფორმდება კანონმდებლობით დადგენილი ფორმით (მიღება-ჩაბარების აქტი, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ სათანადო მოხსენებით ბარათთან ერთად, დაუყოვნებლივ ექვემდებარება ატვირთვას ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში და გადაეცემა საფინანსო სამსახურს. მარაგების გამცემი ორგანიზაციის საფინანსო სამსახურს ევალება დოკუმენტებში ასახული მონაცემების რეალურობის დადასტურება).
14. გრანტების ხარჯების ამსახველი ანგარიშები ექვემდებარება დახურვას და მიეკუთვნება საანგარიშო პერიოდის ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებს, რომელიც საანგარიშო პერიოდის ბოლოს შეამცირებს გაუნაწილებელი ნამეტი/დეფიციტის ანგარიშებს.
15. მატერიალური მარაგების შეფასება წარმოებს თვითღირებულებასა და ნეტო სარეალიზაციო ღირებულებას შორის უმცირესი თანხით. ვინაიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მხარჯავი დაწესებულებები და მათ კონტროლს დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციები არ ახორციელებენ საკუთარი წარმოების მარაგების რეალიზაციას, ჩვეულებრივი საქმიანობის პროცესში, მარაგების თვითღირებულება და ნეტო სარეალიზაციო ღირებულება ერთმანეთის ტოლია.
16. მარაგების თვითღირებულების შეფასება წარმოებს „საშუალო შეწონილი ღირებულების“ მეთოდით, რომელიც გამოიყენება მსგავსი ეკონომიკური ბუნებისა და გამოყენების მარაგებისათვის. განსაკუთრებულ შემთხვევებში, განსხვავებული ეკონომიკური ბუნების მქონე მარაგების თვითღირებულების გაანგარიშების მიზნით შესაძლებელია „ფიფო“ მეთოდის გამოყენება.
17. მატერიალური მარაგების ანალიზური აღრიცხვა წარმოებს მარაგების ჯგუფების მიხედვით, რომელიც მოიცავს მათ დასახელებას, რაოდენობას, ერთეულის ფასს და მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ვინაობას.
18. მატერიალური მარაგების შემოსავალში აღება წარმოებს მიღება-ჩაბარების აქტით, ან მიღების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტის საფუძველზე. რომელიც არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, უნდა ჩაბარდეს
საფინანსო სამსახურებს.
19. ბალანსზე და ბალანსის საცნობარო მუხლებზე რიცხული მატერიალური მარაგები ექვემდებარება სავალდებულო ინვენტარიზაციას შენახვისა და ექსპლოატაციის ადგილებში, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის №364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების
სსბასს-ების საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის შესაბამისად.
20. ინვენტარიზაციის ჩატარების ფორმა (მატერიალური და ელექტრონული), პერიოდულობა და ვადები, განისაზღვრება შესაბამისი უფლებამოსილი ხელმძღვანელი პირის
ბრძანებით.
21. ინვენტარიზაციის შედეგად გამოვლენილი ზედმეტობა მიეკუთვნება „მიმდინარე აქტივები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები გაცვლითი ოპერაციებით“ – №4-45-1100, ან „მიმდინარე აქტივები და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები არაგაცვლითი ოპერაციებით“ – №4-45-1200 ანგარიშების კრედიტს, ხოლო დანაკლისი მიეკუთვნება „მიმდინარე აქტივები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები გაცვლითი ოპერაციებით“ – №5-73-1100, ან „მიმდინარე აქტივები და სხვა არაკლასიფიცირებული ხარჯები არაგაცვლითი ოპერაციებით“ – №5-73-1200 ანგარიშების დებეტს.
22. მატერიალური მარაგების სამომხმარებლო თვისების არსებითი დაკარგვა, გადაფასების შედეგად მათი ღირებულების შემცირება, სსბასს 21-ის „ფულადი სახსრების არწარმომქმნელი აქტივების გაუფასურების“ შესაბამისად, მიეკუთვნება „მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების ხარჯების“ – №5-92-0000 ანგარიშის დებეტს და დაკრედიტდება შემდეგი მარეგულირებელი (კონტრაქტიური) ანგარიშები:
ა) ანგარიში №1-19-3110 – „ნედლეულისა და მასალების აკუმულირებული ღირებულების შემცირება“;
ბ) ანგარიში №1-19-3141 – „მცირეფასიანი აქტივების აკუმულირებული ღირებულების შემცირება“;
გ) ანგარიში №1-19-3142 – „სხვა დანარჩენი მასალებისა და მარაგების აკუმულირებული ღირებულების შემცირება“.
23. აკუმულირებული ღირებულების ზრდა მიეკუთვნება – „მატერიალური მარაგების ღირებულების შემცირების უკუგატარებით წარმოქმნილი შემოსავლების“ – №4-92-0000 ანგარიშის კრედიტს და დებეტდება მარაგების აკუმულირებული ღირებულების შემცირების ზემოთ აღნიშნული ანგარიშები – ღირებულების შემცირებით აღიარებული ზარალის მოცულობის ფარგლებში.
24. მატერიალური მარაგებით განხორციელებული ოპერაციების არსებითი მონაცემები ექვემდებარება გამჟღავნებას ფინანსური ანგარიშგების განმარტებით შენიშვნებში.