1. თითოეული მხარე ხელს შეუწყობს:
(a) სამეცნიერო, ტექნიკური, ეკონომიკური და სამართლებრივი ინფორმაციის გაცვლას, რომელიც ეხება ვერცხლისწყალს და ვერცხლისწყლის ნაერთებს, ასევე - ტოქსიკოლოგიური, ეკოტოქსიკოლოგიური და უსაფრთხოების შესახებ ინფორმაციის გაცვლას;
(b) ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების წარმოების, გამოყენების, ვაჭრობის, ემისიის და გაჟონვის შემცირების და აღმოფხვრის შესახებ ინფორმაციის გაცვლას;
(c) ტექნიკურად და ეკონომიკურად უსაფრთხო ალტერნატივების შესახებ ინფორმაციის გაცვლას:
(i) ვერცხლისწყლით გამდიდრებული პროდუქტების;
(ii) საწარმოო პროცესების, რომლებშიც გამოიყენება ვერცხლისწყალი ან ვერცხლისწყლის ნაერთები; და
(iii) საქმიანობის და პროცესების, რომელთა შედეგადაც ხდება ვერცხლისწყლის ან ვერცხლისწყლის ნაერთების ემისია ან გაჟონვა; მათ შორის, ინფორმაციის გაცვლას ასეთი ალტერნატივების ჯანმრთელობასა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ რისკებზე და სოციალურ და ეკონომიკურ ხარჯებზე და სარგებელზე;
(d) ეპიდემიოლოგიური ინფორმაციის გაცვლას, რომელიც დაკავშირებულია ვერცხლისწყლის და ვერცხლისწყლის ნაერთების ზემოქმედებით გამოწვეულ ჯანმრთელობაზე ზემოქმედებასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან და სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან, საჭიროების მიხედვით.
2. მხარეებმა შეიძლება გაცვალონ პირველი პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია პირდაპირ, სამდივნოს მეშვეობით ან სხვა შესაბამის ორგანიზაციებთან, მათ შორის, ქიმიური ნივთიერებების და ნარჩენების შესახებ კონვენციების სამდივნოებთან თანამშრომლობისას, საჭიროების მიხედვით.
3. სამდივნო ხელს შეუწყობს ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის გაცვლისას თანამშრომლობას, ასევე ინფორმაციის გაცვლას შესაბამის ორგანიზაციებთან, მათ შორის, მრავალმხრივი გარემოსდაცვითი შეთანხმებების და სხვა საერთაშორისო ინიციატივების სამდივნოებთან. მხარეებისგან მიღებული ინფორმაციის გარდა, ეს ინფორმაცია მოიცავს სამთავრობათაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ინფორმაციას, რომლებიც ფლობენ საექსპერტო ცოდნას ვერცხლისწყლის სფეროში და ასეთი საექსპერტო ცოდნის მქონე სახელმწიფო და საერთაშორისო ინსტიტუტების ინფორმაციას.
4. თითოეული მხარე დანიშნავს ძირითად ეროვნულ კოორდინატორს წინამდებარე კონვენციის მიხედვით ინფორმაციის გაცვლისთვის, მათ შორის, მე-3 მუხლით განსაზღვრული იმპორტიორი მხარეების თანხმობასთან დაკავშირებით.
5. წინამდებარე კონვენციის მიზნებისთვის ინფორმაცია ჯანმრთელობის და ადამიანების და გარემოს უსაფრთხობის შესახებ არ იქნება მიჩნეული კონფიდენციალურად. მხარეებმა, რომლებიც გაცვლიან სხვა ინფორმაციას წინამდებარე კონვენციის მიხედვით, უნდა დაიცვან ნებისმიერი კონფიდენციალური ინფორმაცია ორმხრივი შეთანხმების შესაბამისა