1. განმცხადებელი უფლებამოსილია მოითხოვოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტი კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად.

2. თუ განმცხადებელმა კანონის 30-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებულ ვადაში საპატიო მიზეზით ვერ შეძლო განაცხადის საქპატენტში შეტანა, მას შეუძლია განაცხადის შემდგომი ორი თვის ვადაში წარდგენის შემთხვევაშიც ისარგებლოს საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტით. განაცხადს თან უნდა ერთოდეს მოთხოვნა პრიორიტეტის უფლების აღდგენის შესახებ. განაცხადს, ასევე, უნდა ერთოდეს, შესაბამისი დოკუმენტები და მასალები, რომლებიც ადასტურებენ, რომ განმცხადებელმა საქპატენტის მიერ დადგენილი ვადა გაუშვა არაბრალეულად – დაუძლეველი ძალის, ავადმყოფობის, ადმინისტრაციული ორგანოს მიზეზით ან სხვა საპატიო მიზეზით. საქპატენტი შეისწავლის განმცხადებლის მიერ წარმოდგენილ ვადის გაშვების მიზეზ(ებ)ს და აღადგენს ვადას, თუ განმცხადებლის მიერ დასახელებულ ვადის გაშვების მიზეზ(ებ)ს მიიჩნევს საპატიოდ.

3. მოთხოვნილი საკონვენციო პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტში წარადგინოს პირველი განაცხადის ასლი. განაცხადის ასლი დამოწმებული უნდა იყოს შესაბამისი ქვეყნის საპატენტო უწყების მიერ.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული დოკუმენტის წარდგენა შესაძლებელია, ასევე, „DAS“ სისტემის მეშვეობით.

5. მოთხოვნილი საგამოფენო პრიორიტეტის თარიღიდან 16 თვის ვადაში განმცხადებელი ვალდებულია საქპატენტში წარადგინოს გამოფენაზე გამოგონების ექსპონირების დამადასტურებელი საბუთი, რომელსაც თან უნდა ერთოდეს სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანი.

6. საკონვენციო ან საგამოფენო პრიორიტეტის მოთხოვნის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი არ წარადგენს ამ მუხლით გათვალისწინებულ შესაბამის საბუთებს, განაცხადს პრიორიტეტი დაუდგინდება განაცხადის საქპატენტში შეტანის თარიღით.

თავი III

გამოგონების განაცხადის ექსპერტი