1. განაცხადის შეტანის თარიღის დადასტურებიდან 2 კვირის ვადაში საქპატენტი იწყებს ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზას.

2. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე საქპატენტი ამოწმებს:

ა) განმცხადებლის და გამომგონებლის იდენტიფიცირების შესაძლებლობას;

ბ) განმცხადებლის ან წარმომადგენლის ხელმოწერას;

გ) წარმომადგენლობის ან/და უფლებამონაცვლეობის დამადასტურებელ საბუთს (საჭიროების შემთხვევაში);

დ) მონაცემებს განმცხადებლის მოქალაქეობასა და ადგილსამყოფელთან დაკავშირებით (სამრეწველო საკუთრების დაცვის პარიზის კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლების პირობების გათვალისწინებით);

ე) საპრიორიტეტო მონაცემების შევსების სისწორეს;

ვ) განმცხადებლის მიერ მითითებული დამატებითი საგანაცხადო მასალების სისწორეს;

ზ) ეგზემპლარების რაოდენობას;

თ) სრულად არის თუ არა გადახდილი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზისთვის დადგენილი საფასური;

ი) საფასურის შემცირების ან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლების წარდგენის შემთხვევაში მათ სისწორეს (საპენსიო წიგნაკის ასლი ან სხვა);

კ) წარმოდგენილია თუ არა გამოგონების ფორმულა;

ლ) წარმოდგენილია თუ არა ნახაზები სათანადო ფორმით, თუ ისინი მითითებულია აღწერილობაში;

მ) წარმოდგენილია თუ არა რეფერატი;

ნ) საგანაცხადო მასალების უცხო ენაზე წარდგენის შემთხვევაში წარმოდგენილია თუ არა მათი ქართული თარგმანი;

ო) იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი ეხება მიკროორგანიზმთა შტამს, შტამების კონსორციუმს, უჯრედს, უჯრედულ კულტურას, მონოკლონურ ანტისხეულს და სხვა მსგავს ობიექტებს, წარმოდგენილია თუ არა დეპონირების საბუთი;

პ) იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი შეიცავს ნუკლეოტიდურ ან ამინომჟავურ თანმიმდევრობას, წარმოდგენილია თუ არა შესაბამისი თანმიმდევრობის ნუსხა;

ჟ) განაცხადის გაფორმების სისრულესა და გაფორმების სისწორესთან დაკავშირებულ სხვა მონაცემებს.

3. იმ შემთხვევაში, თუ განაცხადი საქპატენტში შეტანილია საპატენტო კოოპერაციის ხელშეკრულების შესაბამისად, როგორც აღნიშნულ ან არჩეულ უწყებაში, საქპატენტი ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის ეტაპზე არ ამოწმებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საბუთს.

4. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს დადგინდა, რომ არ არის წარმოდგენილი ამ ინსტრუქციის მე-4 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული საბუთი, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ. განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან ორი კვირის ვადაში შეავსოს ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში განმცხადებელი ვალდებულია გადაიხადოს საფასური შეღავათის გარეშე. აღნიშნული ვალდებულება ძალაშია იმ შემთხვევაშიც, თუ განმცხადებელს უკვე გადახდილი აქვს საფასური შეღავათით. ასეთ შემთხვევაში განმცხადებელს გადახდილი საფასური უკან უბრუნდება.

5. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს დადგინდა, რომ განაცხადის მასალების გვერდების რაოდენობა აღემატება 30 გვერდს, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის და განაცხადის გამოქვეყნების დამატებითი საფასურის გადახდის შესახებ და საფასურის გადასახდელად განესაზღვრება 1-თვიანი ვადა შეტყობინების მიღებიდან. საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში განაცხადზე საქმის წარმოება შეწყდება.

6. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს დადგინდა, რომ განაცხადი აკმაყოფილებს კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, განმცხადებელს ეგზავნება გადაწყვეტილება ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დასრულების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილება განმცხადებელს შეიძლება გაეგზავნოს თარიღის დადასტურების შესახებ გადაწყვეტილებასთან ერთად.

7. თუ ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის დროს დადგინდა, რომ განაცხადი არ აკმაყოფილებს კანონისა და ამ ინსტრუქციის მოთხოვნებს, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით და მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, განმცხადებელს ეგზავნება შეტყობინება ხარვეზის დადგენის შესახებ. განმცხადებელი ვალდებულია შეტყობინების მიღებიდან ორი თვის ვადაში შეავსოს ხარვეზი, წინააღმდეგ შემთხვევაში საქპატენტი იღებს გადაწყვეტილებას განაცხადზე საქმისწარმოების შეწყვეტის შესახე