1. კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც ატარებს ექსპერტიზას, ახდენს საგამომგონებლო დონის შეფასებას და შესაბამის შედეგს ასახავს ექსპერტიზის დასკვნაში. საგამომგონებლო დონის შეფასება მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების ანალიზს და იმის შეფასებას, გამოგონება დარგის სპეციალისტისათვის ცხადად გამომდინარეობს თუ არა ტექნიკის დონიდან.

2. თუ შეფასების საფუძველზე დადგინდა, რომ გამოგონება დარგის სპეციალისტისათვის ცხადად გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, ექსპერტიზა გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, ხოლო თუ დადგინდა, რომ გამოგონება დარგის  სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან, გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს.

3. საგამომგონებლო დონის შეფასებისას შესაძლებელია ძიების შედეგად გამოვლენილი ტექნიკის დონის რამდენიმე დოკუმენტის კომბინირებულად განხილვა.

4. გამოგონებას აქვს საგამომგონებლო დონე, თუ ის შესაბამისი დარგის სპეციალისტისათვის ცხადად არ გამომდინარეობს ტექნიკის დონიდან.

5. საკითხი ცხადად გამომდინარეობს თუ არა ტექნიკის დონიდან, გულისხმობს იმის გარკვევას ფორმულის მუხლის ობიექტის პრიორიტეტის თარიღისთვის დარგის სპეციალისტისთვის ცხადი თუ იქნებოდა მისულიყო იმ გადაწყვეტამდე, რაც მოექცეოდა ამ მუხლის დაცვის ფარგლებში, გამომდინარე ტექნიკის დონიდან, შესაბამისად, „ცხადად გამომდინარეობს“ ნიშნავს, რომ გამოგონება კი არ სცდება ტექნოლოგიის ნორმალურ პროგრესს, არამედ ტექნიკის დონიდან პირდაპირ და ლოგიკურად გამომდინარეობს.

6. ტექნიკის დონეს განსაზღვრავს ყველა ის მონაცემი, რომელიც განსახილველი განაცხადის პრიორიტეტის თარიღამდე საჯაროდ გახდა ხელმისაწვდომი წერილობით, ზეპირი აღწერით, გამოყენებით ან სხვა გზით.

7. საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის ტექნიკის დონეს არ მიეკუთვნება საქპატენტში გამოგონებისა და სასარგებლო მოდელის განაცხადები და ევროპული საპატენტო განაცხადები, რომლებზეც გადახდილია ვალიდაციის საფასური, თუ მათ აქვთ უფრო ადრინდელი პრიორიტეტი იმ განაცხადთან შედარებით, რომლის საგამომგონებლო დონის შეფასება ხდება, და მათი გამოქვეყნება მოხდა განაცხადის პრიორიტეტის თარიღის შემდეგ.

8. დარგის ზოგადი ცოდნა შესაძლოა მომდინარეობდეს სხვადასხვა წყაროდან და არ არის დამოკიდებული სპეციფიკური დოკუმენტის გამოქვეყნებაზე კონკრეტულ დღეს.

9. საგამომგონებლო დონის შეფასებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს პრობლემისა და მისი გადაწყვეტის მიდგომა, რომელიც მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

ა) ტექნიკის დონის უახლოესი წყაროს განსაზღვრა;

ბ) ობიექტური ტექნიკური პრობლემის დადგენა;

გ) იმის განსაზღვრა, გამოგონება დარგის სპეციალისტისთვის ცხადად გამომდინარეობს თუ არა ტექნიკის დონის უახლოესი წყაროდან ობიექტური ტექნიკური პრობლემის გათვალისწინებით.

10. ტექნიკის დონის უახლოესი წყაროა ის დოკუმენტი, რომლიდანაც გამომდინარეობს ნიშნების კომბინაცია, რომელიც წარმოადგენს საუკეთესო საწყის პუნქტს სიცხადის საკითხის განსახილველად ან/და რომელში გახსნილი ობიექტიც საჭიროებს მინიმალურ სტრუქტურულ თუ ფუნქციონალურ მოდიფიკაციას იმისათვის, რომ მიღებული იყოს გამოგონების ობიექტი.

11. ობიექტური ტექნიკური პრობლემა შესაძლოა განსხვავდებოდეს იმ პრობლემისგან, რომელიც მითითებულია განაცხადში.

12. ობიექტური ტექნიკური პრობლემა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურად დადგენილ ფაქტებს, რომელსაც, მათ შორის, მოიცავს გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტი. ნებისმიერი შედეგი, რომელსაც აღწევს გამოგონების ობიექტი, შესაძლოა გამოყენებული იყოს ობიექტური ტექნიკური პრობლემის განსაზღვრისთვის.

13. შესაძლებელია ობიექტური ტექნიკური პრობლემის განსაზღვრა ახალ შედეგებზე დაყრდნობითაც, იმ პირობით, რომ დარგის სპეციალისტი ამ შედეგებს მიიჩნევდა თავდაპირველად შემოთავაზებულ ამოცანასთან დაკავშირებულად.

14. საგამომგონებლო დონის შეფასებამ უნდა უპასუხოს კითხვას, მოიძიება თუ არა ტექნიკის დონეში ისეთი სწავლება, რომელიც დარგის სპეციალისტს იმისკენ უბიძგებდა, ობიექტური ტექნიკური პრობლემის გადაწყვეტისათვის, ტექნიკის დონის უახლოესი წყაროს მოდიფიცირება მოეხდინა იმგვარად, რომ საბოლოო ჯამში მიეღო ობიექტი, რომელიც ექცევა გამოგონების ფორმულის დაცვის ფარგლებში და აღწევს იმავე შედეგს, რასაც აღწევს გამოგონება.

15. გამოგონების განხილვა უნდა მოხდეს მთლიანობაში. როდესაც გამოგონების ფორმულის მუხლი შეიცავს ნიშნების კომბინაციას, ცალკე აღებული ნიშნების შეფასება სიცხადის თვალსაზრისით არ უნდა მოხდეს. თუმცა, როცა მუხლი წარმოადგენს ნიშნების ხელოვნურ აგრეგაციას და არ წარმოადგენს ნიშნების კომბინაციას, საკმარისია იმის ჩვენება, რომ ცალკეული ნიშანი არის ცხადი იმის დასადასტურებლად, რომ ნიშნების აგრეგაციას არ გააჩნია საგამომგონებლო დონე. ტექნიკური ნიშნების ერთობლიობა ჩაითვლება ნიშნების კომბინაციად, თუ ნიშნებს შორის ფუნქციური ურთიერთქმედებით მიიღწევა კომბინირებული ტექნიკური შედეგი, რომელიც განსხვავდება ცალკეული ნიშნების ტექნიკური შედეგების ჯამისგან. ანუ ცალკეული ნიშნების ურთიერთქმედებამ უნდა წარმოქმნას სინერგიული ეფექტი. თუ სინერგიული ეფექტი არ არის, მაშინ სახეზეა მხოლოდ ნიშნების აგრეგაცია.

16. მოულოდნელი ტექნიკური შედეგი შეიძლება ჩაითვალოს საგამომგონებლო დონის ინდიკატორად.

17. თუ გამოგონება წყვეტს ტექნიკურ პრობლემას, რომლის გადაჭრასაც დარგის სპეციალისტები დიდი ხნის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდნენ, შეიძლება ჩაითვალოს, რომ ეს არის საგამომგონებლო დონის ინდიკატორი.

18. ცალკე აღებული კომერციული წარმატება არ შეიძლება ჩაითვალოს საგამომგონებლო დონის ინდიკატორად, თუმცა, როდესაც მყისიერი კომერციული წარმატების მტკიცებულებას თან ერთვის დიდი ხნის საჭიროების მტკიცებულება, მაშინ სახეზეა საგამომგონებლო დონის ინდიკატორი, თუ კომერციული წარმატება გამომდინარეობს გამოგონების ტექნიკური ნიშნებიდან და არ არის გამოწვეული სხვა მიზეზებით, მაგალითად, მარკეტინგით.

19. ნიშნები, რომლებიც დამოუკიდებლად ან სხვა ნიშნებთან კომბინაციაში ვერ უზრუნველყოფენ გამოგონების ტექნიკურ ხასიათში წვლილის შეტანას, საგამომგონებლო დონის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება.

20. საგამომგონებლო დონის შეფასებისას დასაშვებია გამოვლენილ დოკუმენტთან შესაბამის დარგში არსებული ზოგადი ცოდნის გაერთიანება.

21. გამოგონებას არ გააჩნია საგამომგონებლო დონე, თუ:

ა) გამოგონება განსხვავდება ტექნიკის დონისაგან მხოლოდ ცნობილი ეკვივალენტების გამოყენებით;

ბ) გამოგონება ეხება მხოლოდ ცნობილი მასალის ახალ გამოყენებას, რომელშიც გამოყენებულია ამ მასალის ცნობილი თვისებები;

გ) გამოგონება ეხება ცნობილ მოწყობილობაში ახლად შექმნილი მასალის გამოყენებას, რომლის თვისებები თვალსაჩინოდ ხდის მასალას ამგვარი გამოყენებისათვის;

დ) გამოგონება ეხება მხოლოდ ცნობილი ტექნიკური პროცესის გამოყენებას ანალოგიურ სიტუაციაში.

22. ცნობილი ნივთიერების ახალი კრისტალური ფორმისთვის, საგამომგონებლო დონის კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად აუცილებელია წარმოდგენილი იყოს მონაცემი, რომელიც დაადასტურებს ნივთიერების ახალი კრისტალური ფორმით განპირობებულ მოულოდნელ ეფექტს, ნივთიერების ტექნიკის დონიდან ცნობილ ამორფულ ან/და კრისტალურ ფორმებთან შედარებით.

23. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) ახალი, არასამედიცინო  დანიშნულებით გამოყენება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული გამოყენება არ არის ცხადი ტექნიკის დონიდან.

24. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი სამედიცინო  გამოყენება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული სამედიცინო გამოყენება არ არის ცხადი ტექნიკის დონიდან.

25. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) მეორე ან შემდგომი სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება აკმაყოფილებს საგამომგონებლო დონის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება არ არის ცხადი ტექნიკის დონიდა