1. ფორმალური მოთხოვნების ექსპერტიზის შემდეგ საქპატენტი ატარებს სიახლის ექსპერტიზას.

2. სიახლის ექსპერტიზის ჩატარებისას ხდება ექსპერტიზის დასკვნის შედგენა, რომელიც მოიცავს ძიების შედეგად გამოვლენილი დოკუმენტების ანალიზს, ასევე, იმის შეფასებას, არის თუ არა ტექნიკის დონით ცნობილი გამოგონების ფორმულაში მოყვანილი ნიშნების ერთობლიობა.

3. სიახლის შეფასებისას ძიების შედეგად გამოვლენილი თითოეული დოკუმენტის განხილვა ხდება სხვა დოკუმენტებისაგან განცალკევებულად. თუ გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტში მითითებაა სხვა დოკუმენტზე, რომელიც, მაგალითად, გარკვეულ ნიშნებზე დაწვრილებით ინფორმაციას მოიცავს, მაშინ ითვლება, რომ აღნიშნულ სხვა დოკუმენტში გახსნილ ინფორმაციას მოიცავს გამოვლენილი ტექნიკის დონის დოკუმენტიც.

4. თუ ექსპერტიზის საფუძველზე გამოვლინდა დოკუმენტი, რომელშიც გახსნილია გამოგონების ფორმულაში მოყვანილი ნიშნების ერთობლიობა, იმ იმპლიციტური ნიშნების ჩათვლით, რომელიც დოკუმენტში არ არის მითითებული, მაგრამ დარგის სპეციალისტისთვის ცხადია მათი არსებობა, ექსპერტიზა გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ გამოგონება არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, ხოლო თუ ასეთი დოკუმენტი არ გამოვლინდა, გამოიტანს დასაბუთებულ დასკვნას,  რომ გამოგონება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს.

5. თუ გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელი მუხლი მოიცავს ალტერნატიულ ნიშნებს, რომლებითაც გამოხატულია გამოგონების ობიექტის განხორციელების რამდენიმე ალტერნატიული ფორმა, ჩაითვლება, რომ ფორმულის მუხლის ობიექტი მთლიანობაში არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, თუ ექსპერტიზის საფუძველზე გამოვლინდა ობიექტი, რომელიც უკარგავს სიახლეს გამოგონების ფორმულის დამოუკიდებელ მუხლში ერთი ალტერნატიული ნიშნით გამოხატული ობიექტის განხორციელების ფორმას.

6. თუ ექსპერტიზის საფუძველზე გამოვლინდა საქპატენტში შეტანილი განაცხადი, რომელსაც აქვს უფრო ადრინდელი პრიორიტეტი და იგი ჯერ არ გამოქვეყნებულა (არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი), კანონის მე-12 მუხლის მე-6 პუნქტის გათვალისწინებით, ექსპერტიზა შეჩერებული იქნება მის გამოქვეყნებამდე, რის შესახებ განმცხადებელს ეგზავნება შესაბამისი შეტყობინება.

7. თუ გამოგონება დახასიათებულია მისაღწევი შედეგით, სიახლის შეფასებისას აღნიშნულ ნიშნებს მნიშვნელობა არ ენიჭება.

8. პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) სიახლის შეფასებისას პროდუქტის დანიშნულებას მნიშვნელობა არ ენიჭება.

9. პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) შემთხვევაში, რომელიც დახასიათებულია მიღების ხერხით და ამასთანავე მისი აღწერა შესაძლებელია ნივთიერებისათვის ან კომპოზიციისათვის დამახასიათებელი ნიშნებით, სიახლის შეფასებისას მიღების ხერხს მნიშვნელობა არ ენიჭება.

10. თუ ნივთიერება დახასიათებულია ნივთიერების სისუფთავით, სიახლის შეფასებისას ნივთიერების სისუფთავეს მნიშვნელობა არ ენიჭება.

11. თუ ფარმაცევტული კომპოზიცია დახასიათებულია ფარმაკოკინეტიკური მახასიათებლებით, სიახლის შეფასებისას ამ მახასიათებლებს მნიშვნელობა არ ენიჭება.

12. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) ახალი, არასამედიცინო დანიშნულებით გამოყენება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული გამოყენება არ არის ცნობილი ტექნიკის დონიდან.

13. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) პირველი სამედიცინო  გამოყენება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული სამედიცინო გამოყენება არ არის ცნობილი ტექნიკის დონიდან.

14. ცნობილი პროდუქტის (ნივთიერება ან კომპოზიცია) მეორე ან შემდგომი სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმს, თუ აღნიშნული სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება არ არის ცნობილი ტექნიკის დონიდან. სპეციფიკური სამედიცინო გამოყენება გულისხმობს პროდუქტის კონკრეტული დაავადების სამკურნალოდ გამოყენებას ან ახალი სახით გამოყენებას, მაგალითად, ახალი დოზირების რეჟიმით, ახალი შეყვანის გზით, ახალ სამიზნე ჯგუფში გამოყენებას.

15. ამ მუხლის მე-13–მე-14-ე პუნქტებში განხილული შემთხვევების დროს, თუ გამოგონების ფორმულის მუხლი ფორმულირებული იქნება ე.წ. „შვეიცარიული ფორმულის“ სახით (მაგალითად, პროდუქტის X გამოყენება დაავადების Y სამკურნალო მედიკამენტის დასამზადებლად), ჩაითვლება, რომ გამოგონების ფორმულის შესაბამისი მუხლი არ აკმაყოფილებს სიახლის კრიტერიუმ