1. ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს:
ა) გამოცდების, ანალიზების, გაზომვების, დაკალიბრების, დამოწმებების მეთოდები და პროცედურები;
ბ) შესაბამისი მოწყობილობების ექსპლუატაციისა და ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაცია;
გ) აქტუალიზებული და პერსონალისათვის ხელმისაწვდომი სტანდარტები, სახელმძღვანელოები, ინსტრუქციები, ნორმები და წესები, საცნობარო მონაცემები, რომელსაც იყენებენ ლაბორატორიები.
2. ხარისხის სისტემა (ხარისხის სახელმძღვანელო)
ა) ლაბორატორიას უნდა გააჩნდეს ხარისხის შიდა სისტემა, რომელშიც აკრედიტაციის სფეროს შესაბამისად დოკუმენტალურად იქნება გაფორმებული ამოცანები, სამუშაოს პროცედურები, და მოვალეობები ხარისხის უზრუნველყოფაში. ხარისხის სისტემის ყველა ელემენტები ჩართული უნდა იყოს ,,ხარისხის სახელმძღვანელოში“, რომელსაც იყენებს ლაბორატორიის პერსონალი. ,,ხარისხის სახელმძღვანელოს“ აქტუალიზაცია ეკისრება ლაბორატორიის ხარისხის სიტემაზე პასუხისმგებელ პირს, რომელიც ინიშნება ლაბორატორიის ხელმძღვანელის მიერ და პასუხისმგებელია ხარისხის სისტემის უზრუნველყოფაზე.
ბ) ,,ხარისხის სახელმძღვანელო“ უნდა შეიცავდეს:
ბ.ა) პოლიტიკას ხარისხის უზრუნველყოფის სფეროში;
ბ.ბ) ლაბორატორიის ორგანიზაციულ სტრუქტურას;
ბ.გ) ძირითად ამოცანებს ხარისხის უზრუნველყოფისათვის და ფუნქციების და მოვალეობების განაწილებას თანამშრომლებს შორის;
ბ.დ) ლაბორატორიული სამუშაოების მეთოდებს და პროცედურებს;
ბ.ე) გამოცდების ჩატარების ხარისხის შემოწმების მეთოდებს, სტანდარტული სანიმუშო მასალების გამოყენების შესახებ მითითებებს;
ბ.ვ) ხარისხის უზრუნველყოფის პროცედურებს თითოეული გამოცდის, ანალიზის, გაზომვების, დაკალიბრების, დამოწმების ჩატარებისას;
ბ.ზ) გამოცდების შეუსაბამობისას მაკორექტირებელ მოქმედებათა ორგანიზაციას;
ბ.თ) რეკლამაციების განხილვის პროცედურებს;
ბ.ი) ნორმატიული დოკუმენტების რეგისტრაციის, აქტუალიზაციის, იდენტიფიკაციის პროცედურებს.
გ) ხარისხის სისტემა პერიოდულად გადაისინჯება ხელმძღვანელის ან ხელმძღვანელის დავალებით სხვა თანამშრომლის მიერ მასში აუცილებელი ცვლილებების შესატანად, რომელიც რეგისტრირებული და დაყვანილი იქნება პერსონალამდე.
3. ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სამუშაოები აისახება დოკუმენტალურად გაფორმებულ გამოცდის ოქმში, რომელშიც კონკრეტულად იქნება ნაჩვენები შედეგები და მასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაცია. თითოეული გამოცდის ოქმი უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) ლაბორატორიის დასახელებას, მისამართს, აკრედიტაციის მოწმობის ნომერს;
ბ) ოქმის აღნიშვნას (რიგითი ნომერი) და თითოეული ფურცლის დანომვრას;
გ) დამკვეთის გვარს და მისამართს;
დ) გამოსაცდელი ნიმუშის დახასიათებასა და აღნიშვნას;
ე) ნიმუშის მიღების და გამოცდის ჩატარების თარიღებს;
ვ) ნორმატიული დოკუმენტის დასახელებას და აღნიშვნას, რის მიხედვითაც ტარდება ტესტირება;
ზ) მონაცემებს, რომლებიც შეეხება გამოცდის ან პროცედურების არასტანდარტული მეთოდების გამოყენებას;
თ) გაზომვებს, დაკვირვებებს და მიღებულ შედეგებს, რომლებიც დადასტურებულია ცხრილებით, გრაფიკებით, ნახაზებით და ფოტოებით;
ი) გაზომვის ცდომილების კონსტატაციას (აუცილებლობის შემთხვევაში);
კ) ოქმის შემდგენელი პასუხისმგებელი პირის ხელმოწერას და თანამდებობას, ოქმის შედგენის თარიღს.
4. ოქმის გაფორმების დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გამოცდების, გაზომვების, ანალიზების, დაკალიბრების, დამოწმებების შედეგებს.
5. ოქმის შინაარსი თითოეული სახის გამოცდებზე შეიძლება განსხვავდებოდეს, ოღონდ განყოფილებები უნდა იყოს დალაგებული ერთიანი წესით.
6. ოქმის გაფორმების შემდეგ მასში შესწორება ან დამატება ფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით სათაურით: მაგ., ,,ოქმის დამატება“.
7. გამოცდების შედეგები წარმოდგენილი უნდა იქნეს ნათლად, სრულფასოვნად და არაორაზროვნად. ოქმში განმცხადებლის თხოვნით უნდა შევიდეს შეფასებები, რჩევები, რეკომენდაციები გამოცდების შედეგების მიხედვით. ოქმის ორიგინალი გადაეცემა დამკვეთს, ხოლო მეორე პირი/ასლი რჩება ლაბორატორიაში.
8. რეგისტრაციის სისტემა
ა) ლაბორატორიას უნდა ჰქონდეს გამოცდების შედეგების რეგისტრაციის ისეთი სისტემა (ჟურნალის ან ელექტრონული სახით), რომელიც დაცულია არასანქცირებული ცვლილებების შეტანისაგან, დაზიანებისა და დაკარგვისაგან. სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პირველადი და წარმოებული მონაცემების, გამოცდების დასკვნითი ოქმის რეგისტრაციას დადგენილ/შეთანხმებულ ვადაში;
ბ) რეგისტრაციაში შეჰყავთ მონაცემები პერსონალზე, რომელიც ახორციელებს სამუშაოებს;
გ) გამოცდების ოქმების ასლები ინახება სათანადო ადგილას, დამკვეთისათვის კონფიდენციალობის დაცვით. გამოცდის ოქმების შენახვის ვადაა 2 წელი, თუ სხვა რამ არაა გათვალისწინებული კანონმდებლობით.
9. საგამოცდო ნიმუშები
ა) გამოსაცდელად მიღებული ნიმუშები უნდა იყოს იდენტიფიცირებული ნორმატიულ დოკუმენტაციასთან შესაბამისობაზე და თან ახლდეს შესაბამისი ნიმუშის აღების აქტი;
ბ) რეგისტრაციის სისტემამ უნდა უზრუნველყოს გამოსაცდელი ნაწარმის ნიმუშების გამოყენების კონფიდენციალობა სხვა დამკვეთებთან ურთიერთობაში;
გ) შენახვის, ტრანსპორტირების, საგამოცდოდ მომზადების ყველა სტადიაზე მიღებულ უნდა იქნეს უსაფრთხოების ყველა ზომა, რომელიც გამორიცხავს ნიმუშის გაფუჭებას, კოროზიას ან გადაჭარბებულ დატვირთვას, რაც უარყოფითად იმოქმედებს გამოცდების შედეგებზე;
დ) ნიმუშების მიღება, ტრანსპორტირება, შენახვა, დაბრუნება (უტილიზაცია) წარმოებს დადგენილი წესების შესაბამისად.
10. კონფიდენციალობა და უსაფრთხოება.
ა) ლაბორატორიის პერსონალმა უნდა დაიცვას პროფესიონალური საიდუმლოება თავისი ფუნქციების შესრულების დროს მიღებულ ინფორმაციაზე;
ბ) ლაბორატორია ვალდებულია შექმნას სათანადო პირობები თანამშრომელთა შრომის უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
11. სამუშაოს ნაწილის გადაცემა ხელშეკრულებით
ა) ლაბორატორიამ დამოუკიდებლად უნდა ჩაატაროს გამოცდები;
ბ) გამონაკლის შემთხვევაში, ლაბორატორიას შეუძლია ხელშეკრულებით გადასცეს სამუშაოს (გამოცდების) მცირე ნაწილი შესასრულებლად სხვა აკრედიტებულ ლაბორატორიას, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს;
გ) ლაბორატორიამ უნდა დაარეგისტრიროს და შეინახოს დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს შემსრულებლის კომპეტენტურობას და მის შესაბამისობას წაყენებულ მოთხოვნებთან და აღრიცხოს ყველა ის სამუშაოები, რომელიც სრულდება ხელშეკრულების პირობებით;
დ) ლაბორატორია სრულადაა პასუხისმგებელი მისი დაკვეთით სხვა ლაბორატორიების მიერ შესრულებულ სამუშაოზე