1. გიდის ეთიკის კოდექსი უნდა ეფუძნებოდეს და შეესაბამებოდეს სულ მცირე შემდეგ პრინციპებს:
ა) პროფესიული ქცევის სტანდარტი – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, მისი ფუნქციები და მოვალეობები შეასრულოს მაღალი პასუხისმგებლობით, პროფესიონალიზმით და ტურისტების, კოლეგებისა და ადგილობრივი თემის წარმომადგენლების ინტერესების გათვალისწინებით;
ბ) მიუკერძოებლობა და არადისკრიმინაციულობა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, ყველას მოემსახუროს თანაბრად, ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე;
გ) სიზუსტე – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, ტურისტებს მიაწოდოს რეალურ ფაქტებსა და წყაროებზე დაფუძნებული სანდო ინფორმაცია;
დ) კულტურული მემკვიდრეობის მიმართ პატივისცემა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, დაიცვას და პოპულარიზაცია გაუწიოს ქვეყანაში არსებულ კულტურულ, ისტორიულ და ბუნების ძეგლებს და შესაძლებლობის ფარგლებში აღკვეთოს ტურისტების ისეთი ქმედება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ან ზიანი მიაყენოს ასეთ ძეგლებს;
ე) უსაფრთხოება – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, კონკრეტულ შემთხვევაში პრიორიტეტი მიანიჭოს ტურისტების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას და განუხრელად დაიცვას ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების ყველა წესი და სტანდარტი;
ვ) გარემოზე ზრუნვა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, საკუთარი შესაძლებლობისა და კომპეტენციის ფარგლებში აღკვეთოს გარემოზე ნებისმიერი სახის ნეგატიური ზემოქმედება ტურისტების მხრიდან;
ზ) კონფიდენციალურობა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, პატივი სცეს და განუხრელად დაიცვას ტურისტების პერსონალური მონაცემები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
თ) კანონმდებლობასთან შესაბამისობა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, პატივი სცეს და განუხრელად დაიცვას საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა;
ი) განგრძობადი პროფესიული განვითარება – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, მუდმივად იზრუნოს საკუთარ პროფესიულ განვითარებაზე;
კ) ქვეყნის ტურისტულ იმიჯზე ზრუნვა – სერტიფიცირებული გიდის ვალდებულება, გაუფრთხილდეს და საკუთარი ქმედებებით საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის ტურისტულ იმიჯს.
2. ავტორიზებული პირი ახორციელებს სერტიფიცირებული გიდის მიერ ეთიკის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის მონიტორინგს და ეთიკის კოდექსის დარღვევის შემთხვევაში შესაძლებელია სერტიფიცირებული გიდის მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი ზომები, როგორიც არის გაფთრხილება, სერტიფიცირების შეჩერება ან შეწყვეტ