1. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მიზნით უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი საერთაშორისო დაცვაზე განცხადებით (დანართი №4) პირადად მიმართავს დეპარტამენტს და რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილებაში საერთაშორისო დაცვაზე რეგისტრაციის შემდეგ უშუალოდ გადის ამ პროცედურის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“−„დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროცედურებს.
2. „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლით გათვალისწინებული განმეორებით საერთაშორისო დაცვაზე განცხადება უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა უნდა წარადგინოს პირადად, დეპარტამენტში გამოცხადებით.
3. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ავსებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფორმას, რომელიც მომზადებულია მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს. საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას თან დაერთვის შესაბამისი თარგმანი ქართულ ენაზე.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების წარდგენის დღეს უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი ან მისი კანონიერი წარმომადგენელი ვალდებულია დეპარტამენტს აცნობოს თავისი მობილური ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და საცხოვრებელი მისამართი (მისი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე 3 სამუშაო დღის ვადაში აცნობოს შესაბამისი საკონტაქტო ინფორმაცია მისი შეცვლის შემთხვევაში. თუ საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაციისას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი არ მიუთითებს ამ პუნქტით გათვალისწინებულ სავალდებულო საკონტაქტო ინფორმაციას, იგი ვალდებულია ეს ინფორმაცია წარადგინოს ანკეტირებისას.
5. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის და მისი ოჯახის წევრების საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა რეგისტრირდება დაუყოვნებლივ, ოჯახის ერთიანობის პრინციპის გათვალისწინებით.
6. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას თან დაერთვის პირის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები და ის დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ პირის მოთხოვნის საფუძვლიანობას, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
7. პირადი საქმის უნიკალური ნომრის მიხედვით, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს და მისი ოჯახის წევრებს ენიჭებათ ინდივიდუალური სარეგისტრაციო ნომრები, რომლებიც მოიცავს პირადი საქმის უნიკალურ ნომერს. დაუშვებელია სარეგისტრაციო ნომრის ცვლილება და იგი გამოიყენება პირის იდენტიფიკაციისათვის თავშესაფრის პროცედურის ყველა ეტაპზე, ასევე, შესაბამისი სტატუსის მინიჭების შემდგომ.
8. საერთაშორისო დაცვაზე განცხადება მიღებულად ითვლება დეპარტამენტში რეგისტრაციის დღიდან.
9. განცხადების რეგისტრაციის შემდეგ, რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე, უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს უღებს ფოტოსურათს, ასევე, იღებს 14 წლის ან 14 წელზე მეტი ასაკის ყველა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდებსა და ხელისგულების ანაბეჭდებს და აღნიშნულ მონაცემებს ინახავს სამინისტროს შესაბამის მონაცემთა ბაზაში. არსებობის შემთხვევაში ასევე იღებს მისი სამგზავრო დოკუმენტის ასლს, რომელსაც ინახავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა მონაცემთა ბაზასა და პირად საქმეში. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის თითების ანაბეჭდების და ხელისგულის ანაბეჭდების აღებისა და ამ პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი განისაზღვრება ამ პროცედურის IX თავის შესაბამისად.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილი პროცედურის დასრულების შემდეგ უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა.
11. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, წერილობით ეცნობება ანკეტირების თარიღის (დანართი №5), ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართისა და მობილური ტელეფონის ნომრის წარდგენის (თუ ეს ინფორმაცია არ არის წარდგენილი საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან ერთად), აგრეთვე, არსებობის შემთხვევაში, მის ხელთ არსებული დოკუმენტაციის წარდგენის აუცილებლობის და ანკეტირებაზე ან გასაუბრებაზე არასაპატიო მიზეზით, შეტყობინების იგნორირებით, ორჯერ გამოუცხადებლობის შედეგების შესახებ თავშესაფრის პროცედურის პერიოდში უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის უფლება-მოვალეობების შესახებ წერილობითი კონსულტაციის(დანართი №3) შესაბამისად, რომელსაც ხელს აწერენ უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი და უფლებამოსილი თანამდებობის პირ