1. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი და საერთაშორისო დაცვის მქონე პირი უზრუნველყოფილი არიან თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის მომსახურებით.
2. თავშესაფრის პროცედურაში ჩართული რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების უფლებამოსილი მოსამსახურე და სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ფლობენ თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის საშუალებით ეფექტური კომუნიკაციის დამყარების უნარს.
3. თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმანი უნდა იცნობდეს თარჯიმნის ქცევის წესებს (დანართი №1).
4. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას თავშესაფრის პროცედურაში თარჯიმნის ჩართულობას უზრუნველყოფს სამინისტრო. თარჯიმანს უნდა ჰქონდეს თავშესაფრის პროცედურის ჯეროვანი აღსრულებისთვის საკმარისი ენობრივი და მთარგმნელობითი უნარები და კომპეტენცია.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით შესაბამისი ენის თარჯიმნის დაქირავების შეუძლებლობის შემთხვევაში თავშესაფრის პროცედურაში თარჯიმნის მომსახურება/თარგმანი შესაძლოა განხორციელდეს იმ თარჯიმნის მიერ, რომლის პროცედურაში ჩართვაც მოითხოვა უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა, თავშესაფრის მაძიებელმა ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირმა. აღნიშნულ შემთხვევაში, სამინისტრო არ უზრუნველყოფს თარჯიმნის მომსახურების ანაზღაურებას.
6. თუ სამინისტროს მიერ შეუძლებელია ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული კომპეტენციის მქონე თარჯიმნის თავშესაფრის პროცედურაში ჩართვა, თარჯიმნის მომსახურება/თარგმნა შესაძლოა განახორციელოს საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოძიებულმა თარჯიმანმა.
7. თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმანი ხელმოწერით ადასტურებს თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესების (დანართი №1) განუხრელ დაცვას. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში თარჯიმნის ქცევის წესების გაცნობა და დადასტურება შესაძლებელია მოხდეს ზეპირსიტყვიერად.
8. თავშესაფრის პროცედურის მიმდინარეობისას უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, თავშესაფრის მაძიებელი ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირი, ასეთი შესაძლებლობის შემთხვევაში, უზრუნველყოფილია მისთვის სასურველი სქესის უფლებამოსილი თანამდებობის პირისა და თარჯიმნის მომსახურებით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც უფლებამოსილ თანამდებობის პირს აქვს საფუძველი ვარაუდისთვის, რომ აღნიშნული მოთხოვნა დაფუძნებულია იმ გარემოებაზე, რომელიც არ არის დაკავშირებული სირთულეებთან, პირმა დაუბრკოლებლად წარმოადგინოს მისი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების საფუძველი.
9. ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში სტატუსის დამდგენი სპეციალისტი ვალდებულია:
ა) მიიღოს ინფორმაცია თარჯიმნის მიერ ენის ცოდნის დონისა და თარჯიმნად მუშაობის გამოცდილებასთან დაკავშირებით;
ბ) დაადგინოს უცხოელსა ან მოქალაქეობის არმქონე პირს, თავშესაფრის მაძიებელს ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირსა და თარჯიმანს შორის ინტერესთა კონფლიქტის არარსებობა;
გ) განუმარტოს თარჯიმანს „თავშესაფრის პროცედურაში ჩართული თარჯიმნის ქცევის წესები“ (დანართი №1).
10. დაუშვებელია უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის კანონიერმა წარმომადგენელმა/შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატმა უზრუნველყოს თარგმანი თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში.
11. დაუშვებელია თავშესაფრის პროცედურაში მყოფი უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ან თავშესაფრის მაძიებლის მიერ თარჯიმნის მომსახურების გაწევა. შესაბამისი ენის თარჯიმნის არარსებობისას და მიზანშეწონილობის შემთხვევაში შესაძლებელია თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში თარჯიმნის მომსახურების გასაწევად საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დაქირავება. ამ შემთხვევაში სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა უნდა მოიპოვოს იმ უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის თანხმობა, ვის მიმართაც ტარდება თავშესაფრის პროცედურა.
12. თარჯიმანმა უნდა დაიცვას იმ ინფორმაციის კონფიდენციალურობა, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა დეპარტამენტში თავისი უფლება-მოვალეობის შესრულებისას და არ უნდა გადასცეს ეს ინფორმაცია სხვა პირებს, გარდა თავშესაფრის პროცედურის მონაწილე შესაბამისი უფლებამოსილი თანამდებობის პირისა.
13. თავშესაფრის პროცედურის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება ვრცელდება თარჯიმანსა და სამინისტროს შორის გაფორმებული ხელშეკრულების დასრულების შემდეგაც.
14. დაუშვებელია, თარჯიმანს ჰქონდეს წვდომა უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის პირადი საქმის შენახვის ადგილთან.
15. თარჯიმანს მიეწოდება პირად საქმეში არსებული დოკუმენტების მხოლოდ ის ნაწილი, რაც აუცილებელია მისი მოვალეობების შესასრულებლად.
უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიღება, საერთაშორისო დაცვაზე განცხადების რეგისტრაცია და ანკეტირე