1. თავშესაფრის პროცედურის საწყის ეტაპზე რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურემ კონსულტაცია უნდა გაუწიოს შეზღუდული შესაძლებლობების, სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური აშლილობის, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების ან პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირს მისთვის კანონმდებლობით დადგენილი სოციალური, სამედიცინო, ფსიქოლოგიური და სხვა შესაბამისი დახმარების გაწევის შესაძლებლობის თაობაზე.
2. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთან, სერიოზული ფიზიკური ან/და ფსიქიკური აშლილობის მქონე პირთან, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე პირთან ან პოსტტრავმული აშლილობის მქონე პირთან დაკავშირებით საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, რეგისტრაციის და საორგანიზაციო განყოფილების მოსამსახურე შესაძლებლობის ფარგლებში აფასებს უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის უნარს, თავშესაფრის პროცედურის გააზრებასთან და საერთაშორისო დაცვის მისაღებად აუცილებელი მტკიცებულების წარდგენასთან დაკავშირებით.
3. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გონებრივ/ინტელექტუალურ ან ფსიქიკურ დარღვევებთან დაკავშირებით საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დეპარტამენტი, ასეთის საჭიროების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ფსიქოსოციალური საჭიროებიდან გამომდინარე ექსპერტიზის ჩატარებისა და მხარდამჭერის დანიშვნის მიზნით.
4. მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შესწავლა დროებით ჩერდება მხარდამჭერის დანიშვნამდე.
5. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირებას ან/და გასაუბრებას ატარებს სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელსაც გავლილი აქვს სპეციალური მომზადება. საჭიროების შემთხვევაში, ანკეტირება და გასაუბრება ტარდება შესაბამისი დარგის სპეციალისტის მონაწილეობით.
6. ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევების მქონე უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან გასაუბრება შესაძლებელია არ ჩატარდეს, როდესაც პირს, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, არ გააჩნია ადეკვატური ინფორმაციის მიწოდების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში, საერთაშორისო დაცვაზე გადაწყვეტილება მიიღება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ პროცედურის გათვალისწინებით მოპოვებული ინფორმაციის და დოკუმენტაციის საფუძველზ