1. თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის მიმართ თავშესაფრის პროცედურასთან დაკავშირებით მიღებული ყველა გადაწყვეტილება ან/და ქმედება უნდა ეყრდნობოდეს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესს.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, რომელიც ახორციელებს თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან კონსულტაციას, უნდა ფლობდეს არასრულწლოვანთან გასაუბრებისთვის საჭირო სპეციალიზაციას. უფლებამოსილმა თანამდებობის პირმა უნდა გაითვალისწინოს თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის ასაკი და უნარები, მათ შორის განვითარების დონე, აღქმისა და კომუნიკაციის უნარი.
3. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს უნდა დაენიშნოს მეურვე/მზრუნველი/მხარდამჭერი, რომელიც წარმოადგენს არასრულწლოვანის ინტერესებს თავშესაფრის პროცედურის ყველა ეტაპზე და უზრუნველყოფს გადაწყვეტილების მიღებას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანი იმყოფება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში (შემდგომ – პენიტენციური დაწესებულება) ან სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში, ანკეტირების მიზნით, მასთან გასაუბრება ხორციელდება მისი კანონიერი წარმომადგენლის თანდასწრებით, აგრეთვე მისი ადვოკატის თანდასწრებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4. იმ შემთხვევაში, თუ თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანს არ შეუძლია საიდენტიფიკაციო დოკუმენტის წარდგენა, შესაბამისი უწყებებიდან ინფორმაციის მოპოვებამდე, მხედველობაში მიიღება თანმხლების გარეშე მყოფი არასრულწლოვანის მიერ მოწოდებული მონაცემები. ნებისმიერი ეჭვი არასრულწლოვანის მიერ დასახელებულ ასაკთან დაკავშირებით წყდება არასრულწლოვანის სასარგებლოდ. თუ არსებობს საფუძველი ვარაუდისა, რომ თავშესაფრის მაძიებელი არ არის არასრულწლოვანი, შესაძლებელია მიღებულ უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო/საექსპერტო ზომები ასაკის დასადგენა