1. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ან დაუშვებლად ცნობის შესახებ გადაწყვეტილებას დეპარტამენტი იღებს უცხოელთან ან მოქალაქეობის არმქონე პირთან ანკეტირების ჩატარებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. უფლებამოსილი თანამდებობის პირის გადაწყვეტილებით ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს ერთჯერადად, არაუმეტეს 5 სამუშაო დღით.
2. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დაუშვებლად მიიჩნევა და არსებითად არ განიხილება, თუ:
ა) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს საერთაშორისო დაცვა მიანიჭა სხვა სახელმწიფომ, რომელიც მისთვის უსაფრთხო ქვეყანაა;
ბ) არსებობს უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის უსაფრთხო მესამე ქვეყანა;
გ) უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებულია საქართველოში განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ანდა ოჯახური დანაშაულის ჩადენისთვის;
დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის ოჯახის წევრი შეიტანს განცალკევებულ საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას მას შემდეგ, რაც იგი თანხმობას განაცხადებს, რომ მისი საქმე განხილულ იქნეს ამ პუნქტით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საერთაშორისო დაცვაზე განცხადების ფარგლებში და არ არსებობს მის მდგომარეობასთან დაკავშირებული ახალი გარემოებები, რომლებიც გაამართლებდა მის მიერ განცალკევებული საერთაშორისო დაცვაზე განცხადების შეტანას;
ე) წარდგენილი განმეორებითი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების (დანართი №19) წინასწარი გამოკვლევის შედეგად დადგინდება, რომ არ არის დაკმაყოფილებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები.
3. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, მისი სასამართლოში გასაჩივრების ამ კანონით დადგენილი წესის მითითებით.
4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების დასაშვებად ცნობის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე უცხოელზე ან მოქალაქეობის არმქონე პირზე გაიცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა. თავშესაფრის მაძიებლის ცნობის ფორმა, მისი გაცემისა და შეცვლის წესი განისაზღვრება №20 დანართის შესაბამისად.
5. დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობის მისაღებად თავშესაფრის მაძიებელს გადაეცემა თავშესაფრის მაძიებლის ცნობა და სამგზავრო დოკუმენტის ასლი.
6. ცნობის მიღებისთანავე, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი აბარებს სამგზავრო დოკუმენტს (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც მას უბრუნდება:
ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
ბ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ დეპარტამენტის გადაწყვეტილების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ;
გ) ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, ხოლო მის მიერ დეპარტამენტის გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში − ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის შეწყვეტის, გაუქმების ან ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილების ან დამატებითი დაცვის გაგრძელებაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ.
7. სამგზავრო დოკუმენტის ჩაბარების, ისევე როგორც გატანის ფაქტი, ფიქსირდება აღრიცხვის ელექტრონულ ჟურნალშ