1. უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის, თავშესაფრის მაძიებლის, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭებაზე სამინისტროს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე შესაძლებელია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობა.

2. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის მიზნით დეპარტამენტს მიმართავს შესაბამისი განცხადებით (დანართი №10).

3. უფლებამოსილი თანამდებობის პირი უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აცნობებს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს, რის თაობაზეც დგება შესაბამისი ოქმი (დანართი №11). ოქმს ხელს აწერს სამინისტროს უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმანი და უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი, მისი კანონიერი წარმომადგენელი ან შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

4. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შემდეგ, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი უფლებამოსილია განმეორებით მიმართოს დეპარტამენტს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წინაპირობა. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნით განმეორებით მიმართვის შემთხვევაში, უცხოელმა ან მოქალაქეობის არმქონე პირმა/თავშესაფრის მაძიებელმა უნდა მიუთითოს განცხადების გამოხმობისა და განმეორებით მიმართვის საფუძველი, №12 დანართის შესაბამისად.

5. საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის საფუძველზე, უფლებამოსილი თანამდებობის პირი იღებს გადაწყვეტილებას საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვის შეწყვეტის შესახებ, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ შესაბამისი ოქმის ხელმოწერიდან 7 სამუშაო დღის ვადაში. უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს/თავშესაფრის მაძიებელს ეს გადაწყვეტილება (ქართულ ენაზე, აგრეთვე ნათარგმნი მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს) ჰბარდება წერილობით, „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 58-ე მუხლით დადგენილი წესით, 3 სამუშაო დღის ვადაში, მისი სასამართლოში გასაჩივრების „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის მითითებით.

6. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი/თავშესაფრის მაძიებელი ვალდებულია საერთაშორისო დაცვაზე განცხადების გამოხმობის შესახებ განცხადების წარდგენის შემდეგ სამინისტროს ჩააბაროს საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის თაობაზე ცნობა/დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში დატოვოს საქართველო, თუ საქართველოში მისი ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

თავი III

გადაწყვეტილების მიღება საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებ