1. გასაუბრების ჩატარების მიზნით თავშესაფრის მაძიებელთან კომუნიკაცია ხორციელდება სათანადო შეტყობინების სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსებით. სამინისტროს შესაბამის ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლეტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება მის მიერ ბოლოს მითითებულ მობილური ტელეფონის ნომერზე.

2. სტატუსის დადგენის მიზნით, გასაუბრება ტარდება თავშესაფრის მაძიებელთან და აგრეთვე თავშესაფრის მაძიებლის ოჯახის ყველა სრულწლოვან წევრთან ინდივიდუალურად, მათი საქართველოში ყოფნის შემთხვევაში. გამონაკლის შემთხვევაში გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს ოჯახის არასრულწლოვან წევრთან სათანადო სპეციალიზაციის მქონე უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ, თუ იკვეთება „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, არასრულწლოვანზე ორიენტირებული ქმედება. თავშესაფრის მაძიებელთან ინდივიდუალური გასაუბრება, როგორც წესი, ოჯახის წევრების დაუსწრებლად ტარდება.

3. გასაუბრების მიზანია საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული არსებითი გარემოებების დადგენა, რაც მოიცავს ინფორმაციას თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარმოშობის ქვეყნის დატოვების ან/და დაუბრუნებლობის მიზეზების შესახებ, აგრეთვე ნებისმიერ სხვა ინფორმაციას, რომელსაც შეუძლია დაადგინოს პირისთვის საერთაშორისო დაცვის მინიჭების საჭიროება.

4. თავშესაფრის მაძიებელს ან მისი ოჯახის წევრს გასაუბრებისას შეუსაბამო/წინააღმდეგობრივი გარემოების წარმოდგენის შემთხვევაში, ეძლევა განმარტების გაკეთების შესაძლებლობა. თავშესაფრის მაძიებელს აგრეთვე ეძლევა განმარტების გაკეთების შესაძლებლობა მის მიერ მიწოდებულ ინფორმაციასა და ალტერნატიულ ინფორმაციას, მათ შორის წარმოშობის ქვეყნის ინფორმაციას, შორის არსებული შეუსაბამობის/წინააღმდეგობის შესახებ.

5. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თავშესაფრის მაძიებელთან გასაუბრების ჩატარებამდე იკვლევს საქმის გარემოებებს. კერძოდ:

ა) ეცნობა თავშესაფრის მაძიებლის და მისი ოჯახის წევრების ანკეტირების მასალებსა და საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, გამოყოფს საქმესთან უშუალო კავშირში მყოფ არსებით დეტალებს და განსაზღვრავს საერთაშორისო დაცვაზე განცხადების განხილვისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების თანმიმდევრობას;

ბ) შეისწავლის სამგზავრო და სხვა სახის დოკუმენტებში არსებულ მონაცემებს და მხედველობაში იღებს იმ მონაცემებს, რომლებიც უშუალო კავშირშია საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან;

გ) შეისწავლის თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციას, ქვეყნის რეგიონების რუკების ჩათვლით და საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს შესაბამის რუკებს გასაუბრების პროცედურისთვის;

დ) გასაუბრებისთვის ამზადებს გადაწყვეტილების მისაღებად არსებითი მნიშვნელობის მქონე კითხვებს;

ე) თავშესაფრის მაძიებლის მიერ გასაუბრების პროცედურის მსვლელობისას, შესაბამისი განმარტებების წარდგენის მიზნით გამოყოფს ისეთ საკითხებს, რომლებიც აკლია საქმისწარმოების მასალებს, არის ბუნდოვანი ან არის ურთიერთშეუსაბამო.

6. თავშესაფრის მაძიებლის კანონიერი წარმომადგენელი, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი (არსებობის შემთხვევაში), სტატუსის დადგენის მიზნით ჩატარებულ გასაუბრებაზე დაიშვება შესაბამისი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში. თავშესაფრის მაძიებლის კანონიერ წარმომადგენელს, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატს სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა უნდა განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები, კერძოდ:

ა) გასაუბრების მიმდინარეობისას პროცესში ჩარევის დაუშვებლობის შესახებ;

ბ) გასაუბრების დასრულებისას დამაზუსტებელი შეკითხვების დასმის უფლების შესახებ;

გ) გასაუბრებისთვის ხელის შეშლის დაუშვებლობის შესახებ. თუ კანონიერი წარმომადგენლის, აგრეთვე შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის მონაწილეობა ხელს უშლის გასაუბრების პროცესს, მან უნდა დატოვოს გასაუბრების პროცედურა, რის თაობაზეც დგება ოქმი ამ პირის გასაუბრების დატოვების მიზეზის მითითებით, რაც დაერთვის თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეს.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანზე. თანმხლების გარეშე მყოფ არასრულწლოვანთან გასაუბრებას ესწრება მისი კანონიერი წარმომადგენელი. კანონიერ წარმომადგენელს შეუძლია გასაუბრების მიმდინარეობისას დასვას შეკითხვები ან გააკეთოს კომენტარები უფლებამოსილი თანამდებობის პირის მიერ განსაზღვრულ ფარგლებში.

8. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა გასაუბრების დაწყებისთანავე, თავშესაფრის მაძიებელს უნდა გადასცეს წერილობით განმარტება მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, თავშესაფრის მაძიებლის უფლება-მოვალეობებისა და თავშესაფრის პროცედურის შესახებ „გასაუბრების საკონტროლო სიასთან დაკავშირებული წერილობითი კონსულტაციის“ (№13 დანართი) შესაბამისად.

9. გასაუბრებისას სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიერ დასმული შეკითხვების მიზანია საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ სრული და ზუსტი განმარტების მიღება. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი უპირატესობას ანიჭებს ღია ტიპის შეკითხვების დასმას, რათა თავშესაფრის მაძიებელს მიეცეს არსებითი დეტალების საკუთარი სიტყვებით აღწერის შესაძლებლობა. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი თავშესაფრის მაძიებელს თხრობას არ აწყვეტინებს, გარდა ასეთის საჭიროებისა.

10. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა თავშესაფრის მაძიებელს უნდა შესთავაზოს ქრონოლოგიურად აღწეროს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასა და ანკეტირებაში მითითებული გარემოებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს წარდგენილი ფაქტების სრულყოფილი შეფასება, ხარვეზებისა და შეუსაბამობების გამოვლენა და მათი შესაძლო გამოსწორება.

11. დამატებითი გასაუბრება ტარდება გასაუბრების ჩატარებიდან გონივრულ ვადაში იმ შემთხვევაში, თუ:

ა) აუცილებელია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების დამატებითი შესწავლა;

ბ) გასაუბრების მსვლელობისას გამოიკვეთა ისეთი სახის ახალი გარემოება, რომელიც არ იყო ცნობილი სტატუსის დამდგენი სპეციალისტისთვის და საჭიროებს დამატებით შესწავლას;

გ) სახეზეა გამორიცხვის კრიტერიუმების შეფასების საჭიროება.

12. სტატუსის დამდგენმა სპეციალისტმა გასაუბრებისას უნდა გამოარკვიოს არასრული ან/და ურთიერთშეუსაბამო ფაქტები ან/და განცხადებები. გასაუბრებისას თავშესაფრის მაძიებელს უნდა მიეთითოს გამოვლენილ ურთიერთშეუსაბამობებზე და ეთხოვოს შესაბამისი განმარტება. თავშესაფრის მაძიებელს აგრეთვე უნდა მიეცეს საშუალება განმარტოს ინფორმაციის და მტკიცებულებების არარსებობის თუ წარუდგენლობის მიზეზები. იმ შემთხვევაში, თუ თავშესაფრის მაძიებელს არ მიეცა საშუალება, რათა აეხსნა გამოვლენილი ურთიერთშეუსაბამო ან სხვა არადამაჯერებელი ფაქტები, აგრეთვე ინფორმაციის და მტკიცებულებების არარსებობის თუ წარუდგენლობის მიზეზები, სტატუსის დამდგენ სპეციალისტს არ აქვს უფლება გადაწყვეტილების მომზადების პროცესში, სანდოობის შეფასებისას, არასანდოდ მიიჩნიოს საერთაშორისო დაცვაზე განცხადებასთან დაკავშირებული ასეთი არსებითი ფაქტები.

13. თავშესაფრის მაძიებლის გასაუბრებაზე 30 წუთზე მეტი დროით დაგვიანება გათანაბრებულია არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობასთა