1. მოთავსებულ პირს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილ იქნეს:

ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით (საკნით), კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლითა და პირადი უსაფრთხოებით;

ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;

ა.გ) ადვოკატთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის, საკონსულო დაწესებულების (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის) წარმომადგენლებთან და კანონით გათვალისწინებული უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრით;

ა.დ) ამანათის მიღებით;

ა.ე) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) შეიტანოს განცხადება ან/და საჩივარი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) უზრუნველყოფილ იქნეს იზოლატორის მოსამსახურეთა და სხვა მოთავსებულ პირთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით;

დ) დაცულ იქნეს სხვა მოთავსებულ პირთა მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;

ე) შეინახოს და გამოიყენოს შინაგანაწესის №1 დანართით გათვალისწინებული ნივთები;

ვ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;

ზ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

თ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებებით.

2. მოთავსებულ პირს აქვს ჰუმანური მოპყრობის უფლება. მის მიმართ გამოყენებული შეზღუდვები არ უნდა იყოს იმაზე უფრო მკაცრი, რაც საჭიროა იზოლატორში მოთავსებული პირის მიერ საკუთარი თავის, გარშემომყოფთა და ქონების დაზიანების თავიდან აცილების, იზოლატორში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, მოთავსებული პირის მიერ მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის, გაქცევის ან სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისათვის ხელშეშლის მცდელობის თავიდან ასაცილებლად.

3. იზოლატორში მოთავსებულ უცხოელ მოქალაქეს უფლება აქვს, კონტაქტი დაამყაროს მისი მოქალაქეობის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობასთან და შეუზღუდავად შეხვდეს მათ. იმ შემთხვევაში, თუ მოთავსებული პირის მოქალაქეობის სახელმწიფოს არ გააჩნია არც დიპლომატიური და არც საკონსულო წარმომადგენლობა საქართველოს ტერიტორიაზე, ან თუ მას არ აქვს არც ერთი ქვეყნის მოქალაქეობა, ან ლტოლვილია, მაშინ ასეთ პირს უნდა ჰქონდეს უფლება, კონტაქტი დაამყაროს იმ სახელმწიფოს წარმომადგენლობასთან, რომელიც თავის თავზე აიღებს მისი ინტერესების დაცვას ან იმ ეროვნულ ან საერთაშორისო ორგანოსთან, რომლის ამოცანაა ასეთი კატეგორიის პირთა დაცვა.

4. მოთავსებულ პირს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მიიღოს ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ, თუ აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდა იზოლატორის მოსამსახურისათვის.

5. მოთავსებულ პირს აქვს იზოლატორში რელიგიური რიტუალების შესრულების უფლება, თუ აღნიშნული არ ლახავს სხვა პირთა უფლებებსა და კანონიერ ინტერესებს.

6. განცხადებების, საჩივრების და სხვა სახის მიმართვების შესადგენად მოთავსებული პირი მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილი უნდა იქნეს საჭირო საშუალებათა აუცილებელი რაოდენობით, მათ შორის ქაღალდით, კონვერტებით კონფიდენციალური საჩივრებისათვის, საწერი საშუალებებით და სხვა.

7. მთავარ სამმართველოს ეკრძალება შეაჩეროს ან შეამოწმოს საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, საქართველოს პარლამენტის წევრის, სასამართლოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, იმ საერთაშორისო ორგანიზაციის, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე, საქართველოს სამინისტროს, სამსახურის, მთავარი სამმართველოს, საქართველოს სახალხო დამცველის, ადვოკატის, საქართველოს პროკურატურის სახელზე გაგზავნილი მოთავსებული პირის განცხადება და საჩივარი, აგრეთვე ასეთი პირებისაგან მიღებული წერილები.

8. მოთავსებული პირი სამსახურის გენერალური ინსპექციის, საქართველოს პროკურატურის ან/და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე დასაკავშირებლად უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ტელეფონით. თუ პირი სარგებლობს ცხელ ხაზზე დაკავშირების უფლებით, იზოლატორის მოსამსახურემ უნდა უზრუნველყოს საუბრის კონფიდენციალობის დაცვა