საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტის მინისტრის
ბრძანება №13
2026 წლის 30 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის 33 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1
დამტკიცდეს:
1. „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი“ ამ ბრძანების დანართ №1-ის შესაბამისად.
2. „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი“ ამ ბრძანების დანართ №2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს სპორტის მინისტრიშალვა გოგოლაძე
დანართი №1
საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტი
მუხლი 1. სტანდარტის მოქმედების სფერო და მიზანი🔗
1. საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის (შემდგომ – კოლეჯი) დირექტორის სტანდარტი (შემდგომ – სტანდარტი) განსაზღვრავს კოლეჯის დირექტორის (შემდგომ – დირექტორი) როლს, პროფესიულ მოვალეობებს, კომპეტენციებს, ცოდნას, უნარებსა და ღირებულებებს, ასევე დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლებს.
2. სტანდარტის მიზანია კოლეჯის მართვის ხარისხის განვითარება.
3. სტანდარტის ფუნქციაა დირექტორების მხარდაჭერა:
ა) პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად;
ბ) პროფესიულ სტუდენტთა სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად;
გ) კოლეჯის პერსონალისა და რესურსების მართვის გასაუმჯობესებლად;
დ) კოლეჯში უსაფრთხო, თანამშრომლობითი, შემოქმედებითი და პროდუქტიული გარემოს შესაქმნელად და მაღალი ორგანიზაციული კულტურის განსავითარებლად;
ე) დირექტორების თვითშეფასებისა და პროფესიული განვითარებისათვის.
4. სტანდარტი აზუსტებს სამართლებრივ ჩარჩოს დირექტორის საქმიანობისთვის და ქმნის სამართლებრივ საფუძველს პროფესიული განვითარების რეგულირებისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია შემდეგი დანიშნულებით:
ა) მართვის კულტურის განვითარება;
ბ) დირექტორის შერჩევა/დანიშვნა;
გ) დირექტორის მიერ საკუთარი საქმიანობის დაგეგმვა;
დ) დირექტორის პროფესიული განვითარება;
ე) დირექტორის საქმიანობის შეფასება.
მუხლი 2. ძირითადი პრინციპები🔗
1. სტანდარტის შექმნის საფუძველია „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი.
2. სტანდარტი ეფუძნება კოლეჯის ხელმძღვანელის, როგორც ლიდერის, კონცეფციას, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ პრინციპებს:
ა) გაზიარებული ლიდერობა – გულისხმობს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც წაახალისებს გაზიარებულ პასუხისმგებლობას და თანამონაწილეობას კოლეჯის განვითარების პროცესში;
ბ) სისტემური ლიდერობა – გულისხმობს მართვის ისეთი კულტურის დანერგვას, რომელიც ეფუძნება კოლეჯებს, კერძო სექტორსა და პროფესიული განათლების სისტემის მონაწილეებს (შემდგომ – პროფესიული განათლების საზოგადოება) შორის ეფექტურ თანამშრომლობას როგორც ეროვნულ, ასევე საერთაშორისო დონეზე.
მუხლი 3. დირექტორის როლი და პროფესიული მოვალეობები🔗
1. სტანდარტით განსაზღვრული პრინციპებითა და მიდგომებით დირექტორის, როგორც ლიდერის, უმთავრესი მიზანია პროცესების ეფექტიანად წარმართვა პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და პიროვნული განვითარებისათვის.
2. დირექტორი, კერძო სექტორსა და სხვა პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, უზრუნველყოფს:
ა) პროფესიულ სტუდენტთა თანაბარ ხელმისაწვდომობას ხარისხიან განათლებაზე;
ბ) პოზიტიური ორგანიზაციული კულტურის ფორმირებას, განვითარებასა და შენარჩუნებას;
გ) პროფესიული განათლების, როგორც საზოგადოებისთვის შესაძლებლობების რეალიზების, მხარდამჭერ მექანიზმად ჩამოყალიბებას.
3.დირექტორის პროფესიული მოვალეობები კოლეჯში მოიცავს:
ა) კოლეჯის მისიის ხედვისა და ღირებულებების შექმნის პროცესის მართვას;
ბ) სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების შემუშავების პროცესის მართვას;
გ) სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების დანერგვის კოორდინაციას;
დ) პროგრამების განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებას;
ე) პროგრამების ეფექტიანი განხორციელებისა და განვითარების ხელშეწყობას;
ვ) პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერისა და მათი კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფას;
ზ) კოლეჯის ორგანიზაციული მოწყობის, პერსონალის მართვისა და თვითგანვითარების უზრუნველყოფას;
თ) კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მართვა-განვითარების უზრუნველყოფას;
ი) კოლეჯის ძირითადი და დამხმარე პროცესების დიგიტალიზაციის უზრუნველყოფას;
კ) პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და კოლეჯში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების პოზიტიური ინფორმირების უზრუნველყოფას;
ლ) კოლეჯის ფუნქციონირების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას;
მ) ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კოლეჯის წარმატებული ინტეგრირების უზრუნველყოფას.
4. კოლეჯის მართვაში დირექტორი უნდა ითვალისწინებდეს მართვის თანამედროვე მიდგომებს, პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარების საჭიროებას, ადგილობრივ და საერთაშორისო კონტექსტს, კოლეჯის სპეციფიკას, კოლეჯის ძლიერ და სუსტ მხარეებს, შესაძლებლობებსა და გამოწვევებს, მოქმედ რეგულაციებსა და პროფესიული განათლების პოლიტიკის პრინციპებს.
მუხლი 4. ლიდერობის კომპონენტები🔗
დირექტორის, როგორც ლიდერის, მახასიათებლები მოიცავს ხუთ კომპონენტს:
ა) პირველი კომპონენტი დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც წარმოადგენს მისაბაძ მაგალითს პროფესიული განათლების საზოგადოებისთვის:
ა.ა) საკუთარი პროფესიული და პიროვნული განვითარების გზით წარმოადგენს მოდელს პროფესიული განათლების საზოგადოებისთვის;
ა.ბ) უზრუნველყოფს პროფესიული განათლების საზოგადოებაში ცოდნაზე, გულწრფელობაზე, ღიაობაზე, თანამონაწილეობასა და პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული ღირებულებების, დემოკრატიის პრინციპების გაზიარებას;
ა.გ) მისიით განსაზღვრული გაზიარებული ღირებულებების ერთგულებით;
ბ) მე-2 კომპონენტი – დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც პროფესიული განათლების საზოგადოებასთან ერთად ავითარებს ორგანიზაციულ კულტურას:
ბ.ა) ხელს უწყობს კოლეჯის განვითარებას, გრძელვადიან მიზნებსა და ხედვაზე დაფუძნებით;
ბ.ბ) ხელს უწყობს კოლეჯის უნიკალური ორგანიზაციული კულტურის განვითარებას;
ბ.გ) ხელს უწყობს თანამშრომლობის, პარტნიორობის და კავშირების მდგრადი სისტემის განვითარებას;
გ) მე-3 კომპონენტი – დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი:
გ.ა) ხელს უწყობს კოლეჯში პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სწავლებისა და შეფასების მიდგომების დანერგვას;
გ.ბ) ფოკუსირებულია პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და მოქალაქეობრივი კომპეტენციების განვითარებაზე;
გ.გ) ხელს უწყობს სასწავლო პროცესში კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინოვაციური მიდგომების და სამეწარმეო მართვის კულტურის დანერგვას;
გ.დ) ხელს უწყობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პოლიტიკის და პრაქტიკის დანერგვას;
დ) მე-4 კომპონენტი – დირექტორი, როგორც ლიდერი, რომელიც ეფექტიანად მართავს ადამიანურ რესურსებს:
დ.ა) ნერგავს გაზიარებული პასუხისმგებლობისა და მიკუთვნებულობის განცდის კულტურას;
დ.ბ) უზრუნველყოფს კოლეჯის ბაზაზე ინდივიდების განვითარებას;
დ.გ) ხელს უწყობს კოლეჯის ბაზაზე პერსონალის პროფესიული განვითარების დივერსიფიცირებული შესაძლებლობების დანერგვას და პროფესიული განათლების მასწავლებელთა თანამშრომლობის გაძლიერებას;
ე) მე-5 კომპონენტი – დირექტორი, როგორც ადმინისტრაციული ლიდერი:
ე.ა) უზრუნველყოფს კოლეჯის მდგრად ორგანიზაციულ განვითარებასა და მართვას;
ე.ბ) უზრუნველყოფს რესურსების მობილიზებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში კოლეჯის მიზნების მისაღწევად;
ე.გ) იყენებს და განავითარებს ინსტიტუციური თვითშეფასებისა და ანგარიშვალდებულების სისტემას;
ე.დ) სამართლებრივი ჩარჩოს ფარგლებში ქმნის თანამშრომლობით გარემოს პროფესიულ სტუდენტთა პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის;
ე.ე) ქმნის პროფესიული ორიენტაციის, კარიერული დაგეგმვისა და განვითარების მხარდაჭერის ორგანიზაციულ სისტემას.
მუხლი 5. დირექტორის კომპეტენციები🔗
1. სტანდარტში დირექტორის კომპეტენციები აღწერილია ცოდნით/გაცნობიერებით, უნარებითა და პიროვნული/პროფესიული ღირებულებებით კოლეჯში მისი საქმიანობის ექვსი ძირითადი ურთიერთდაკავშირებული მიმართულების შესაბამისად:
ა) კოლეჯის მისიის ფორმირება და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა;
ბ) კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ) პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა;
დ) ადამიანური რესურსების მართვა;
ე) მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების მართვა;
ვ) ინტერნაციონალიზაციისა და პარტნიორობის ხელშეწყობა.
2. დირექტორი ფლობს კოლეჯში თავისი პროფესიული მოვალეობების შესაბამის ცოდნასა და უნარებს:
პროფესიული მოვალეობები
ცოდნა/გაცნობიერება
უნარები
1. კოლეჯის მისიის ფორმირება და სტრატეგიული განვითარების უზრუნველყოფა
1.1 კოლეჯის მისიის ხედვისა და ღირებულებების შექმნის პროცესის მართვა
იცნობს პროფესიული განათლების ეროვნულ მიზნებს;
იცნობს რეგიონის, თემის, შრომის ბაზრის სპეციფიკას, დარგის/დარგების ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდენციებს;
აცნობიერებს მისიის, ხედვისა და ღირებულებების მნიშვნელობას კოლეჯის საქმიანობაში.
შეუძლია მისიის, ხედვისა და ღირებულებების ჩამოყალიბება პროფესიული განათლების ეროვნული მიზნებისა და ადგილობრივი და საერთაშორისო ტენდენციების გათვალისწინებით;
შეუძლია გუნდის ფორმირება და მისი მართვა;
შეუძლია მისიის მნიშვნელობის გაზიარება.
1.2 სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების შემუშავების პროცესის მართვა
იცნობს სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის მეთოდებსა და მიდგომებს.
შეუძლია სტრატეგიული დაგეგმვისა და მართვის მეთოდებისა და მიდგომების პრაქტიკული გამოყენება.
1.3 სტრატეგიული და საოპერაციო გეგმების დანერგვის კოორდინაცია
აცნობიერებს მონიტორინგისა და შეფასების მნიშვნელობას კოლეჯის მართვის პროცესში;
აცნობიერებს გაზიარებული ლიდერობის მნიშვნელობას კოლეჯის მიზნების მიღწევის პროცესში.
შეუძლია მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება;
ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავების დროს ითვალისწინებს წინარე გამოცდილებასა და მონაცემებს;
შეუძლია ამოცანების რაციონალურად განაწილება და დელეგირება.
2. კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება და განხორციელება
2.1 პროგრამის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება
იცის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების სპეციფიკა და განხორციელების ფორმები;
აცნობიერებს პროგრამის მნიშვნელობას ინდივიდის პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის.
შეუძლია მონაცემთა შეჯერება, ანალიზი და დასკვნების გაკეთება. მათ შორის შეუძლია შრომის ბაზრის კვლევის შედეგების ინტერპრეტაცია;
შეუძლია პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული მატერიალური (მათ შორის სასწავლო), ადამიანური და ფინანსური რესურსების შეფასება;
შეუძლია პროგრამის განხორციელებით დაინტერესებულ მხარეებთან ეფექტიანი კომუნიკაცია და მოლაპარაკება.
2.2 პროგრამის ეფექტიანი განხორციელების და მისი განვითარების ხელშეწყობა
იცნობს პროგრამის განხორციელების სპეციფიკას;
იცის სასწავლო პროცესის შეფასების და მონიტორინგის პრინციპები;
აცნობიერებს შეფასებისა და მონიტორინგის შედეგების მნიშვნელობას პროგრამის წარმატებით განხორციელებისა და შემდგომი განვითარებისთვის;
აცნობიერებს დარგისა და სასწავლო ინოვაციების განვითარების მნიშვნელობას;
იცნობს პროფესიული სტუდენტის სწავლებისა და შეფასების პრინციპებს (მათ შორის ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით) და შესაბამის პროცედურებს.
შეუძლია პროგრამის შეუფერხებელი და ეფექტიანი განხორციელებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფა, მათ შორის ელ. რესურსების და პლატფორმების;
შეუძლია რესურსების ოპტიმიზაცია და საჭიროებებზე მოქნილად რეაგირება;
შეუძლია მონიტორინგისა და შეფასების შედეგების გამოყენება პროგრამის განვითარებისთვის;
შეუძლია პროგრამის განხორციელების პროცესში ჩართულ მხარეებთან (მათ შორის კერძო სექტორთან) ეფექტიანი კომუნიკაციის მექანიზმის შექმნა, დამსაქმებლების მოძიება და მათი ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამის შემუშავების, განხორციელებისა და განვითარების პროცესში;
შეუძლია სწავლა-სწავლებისთვის როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული გარემოსა და შესაძლებლობების შექმნა.
3. პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერა
3.1 პროფესიული სტუდენტების მხარდაჭერისა და მათი კანონიერი უფლებების დაცვის უზრუნველყოფა
იცნობს პროფესიული სტუდენტის უფლებებსა და გარანტიებს, მათ შორის არასრულწლოვანთა სპეციფიკას;
იცნობს ინკლუზიური განათლების პრინციპებს;
აცნობიერებს კოლეჯის როლს პროფესიული სტუდენტის პროფესიული და პიროვნული განვითარებისთვის, ასევე – დასაქმების მიმართულებით;
აცნობიერებს როგორც ფორმალური, ასევე არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს პროფესიული განათლების მიღწევისათვის;
იცნობს კარიერის დაგეგმვისა და მართვის პრინციპებს.
შეუძლია შექმნას პროფესიული სტუდენტების უფლებებისა და კანონიერი დაცვის მექანიზმები, მათ შორის პროგრამის განმახორცილებელ პარტნიორებთან;
ქმნის პროფესიული სტუდენტების ინდივიდუალური და ჯგუფური თვითგამოხატვისა და სტუდენტური თვითმმართველობების მასტიმულირებელ გარემოს;
შეუძლია პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა;
შეუძლია კეთილგანწყობილი გარემოს და ფსიქო-სოციალური სერვისების უზრუნველყოფა;
ქმნის კურიკულუმის მიღმა აქტივობებისა და პროფესიულ სტუდენტთა განვითარებისთვის მხარდაჭერის ეფექტურ სისტემას;
ქმნის კარიერული მხარდაჭერის სერვისებს.
4. ადამიანური რესურსების მართვა
4.1 კოლეჯის ორგანიზაციული მოწყობის, პერსონალის მართვისა და თვითგანვითარების უზრუნველყოფა
იცნობს ორგანიზაციული მოწყობის ძირითად პრინციპებს;
აცნობიერებს შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის არსებობის მნიშვნელობას;
იცნობს ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკას და ძირითად პრინციპებს;
იცნობს პერსონალის შეფასებისა და პროფესიული განვითარების სისტემებს;
აცნობიერებს კოლეჯში შესაძლო კონფლიქტების არსებობას.
შეუძლია კოლეჯის სპეციფიკისა და მიზნების შესაბამისი ორგანიზაციული სტრუქტურის მოწყობა;
შეუძლია კოლეჯის ადამიანური რესურსების ეფექტური გამოყენება შიდა ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის განვითარების მიზნით;
კოლეჯის პროცესების მართვის მოდელი ეფუძნება პროცესების შეფასებისა და უწყვეტი განვითარების პრინციპებს;
უზრუნველყოფს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრების მოზიდვასა და დასაქმებას ობიექტურობის და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით;
უზრუნველყოფს დასაქმებულ პირთა საქმიანობის ობიექტურ შეფასებას და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობას იდენტიფიცირებული საჭიროებებისა და ორგანიზაციული განვითარების პოლიტიკის შესაბამისად;
ხელს უწყობს კოლეჯის მართვისა და ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძნება გუნდურობის პრინციპებს;
შეუძლია კონფლიქტური სიტუაციების ობიექტურად მართვა;
შეუძლია საკუთარი პროფესიული განვითარების საჭიროებების იდენტიფიცირება და თვითგანვითარების შესაბამისი ნაბიჯების დაგეგმვა;
უზრუნველყოფს პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალის პერსონალური მონაცემების დაცვას კანონმდებლობის შესაბამისად.
5. მატერიალური, საინფორმაციო და ფინანსური რესურსების მართვა
5.1 კოლეჯის ინფრასტრუქტურისა და მატერიალური რესურსების მართვა-განვითარების უზრუნველყოფა
იცის კოლეჯის ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციისა და მატერიალური რესურსების განკარგვის პრინციპები;
იცნობს შრომის უსაფრთხოების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, საგანგებო სიტუაციების მართვისა და გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების ძირითად პრინციპებს.
უზრუნველყოფს კოლეჯის ინფრასტრუქტურის ექსპლუატაციასა და მდგრად განვითარებას, განახლებადი რესურსების გამოყენებას;
უზრუნველყოფს კოლეჯში ფიზიკურად უსაფრთხო გარემოს შექმნას;
უზრუნველყოფს კოლეჯის პროფესიული სტუდენტებისა და პერსონალისათვის სამუშაო პირობებისა და საგანმანათლებლო დამატებითი რესურსების ხელმისაწვდომობას ადაპტირებული გარემოს შექმნის გზით;
უზრუნველყოფს კოლეჯში საჭირო საგანმანათლებლო რესურსების მობილიზებას და მიზნობრივ განკარგვას.
5.2 კოლეჯის ძირითადი და დამხმარე პროცესების დიგიტალიზაციის უზრუნველყოფა
იცის ელექტრონული სისტემების ადმინისტრირების პრინციპები.
ხელს უწყობს ელექტრონული სისტემების გამოყენებას კოლეჯის ადმინისტრირების პროცესებში.
5.3 პროფესიული განათლების შესაძლებლობებისა და კოლეჯში მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოების პოზიტიური ინფორმირების უზრუნველყოფა
იცის ინფორმაციის გავრცელების არხებისა და მათი შესაძლებლობების შესახებ.
შეუძლია გასავრცელებელი ინფორმაციის ანალიზი და შესაძლო უკუკავშირის პროგნოზირება, საკომუნიკაციო არხების რელევანტურობისა და მიზანშეწონილობის განსაზღვრა.
5.4 კოლეჯის ფუნქციონირების ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფა
იცნობს ფინანსური ნაკადების მართვის, ბიუჯეტირების, ფინანსური აღრიცხვისა და ანგარიშგების ძირითად პრინციპებს;
იცის კოლეჯის დაფინანსების ალტერნატიული დივერსიფიცირებული წყაროების შესახებ (დონორები, საკუთარი სამეწარმეო საქმიანობა, გრანტები, კერძო სექტორი).
ზედამხედველობს კოლეჯის ბიუჯეტის სწორად ფორმირების პროცესს მისი მდგრადი ფუნქციონირების, მიზნებისა და სპეციფიკის გათვალისწინებით.
6. ინტერნაციონალიზაციისა და პარტნიორობის ხელშეწყობა
6.1 ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე კოლეჯის წარმატებული ინტეგრირების უზრუნველყოფა
აცნობიერებს პარტნიორობისა და ინტერნაციონალიზაციის მნიშვნელობას კოლეჯის განვითარებისთვის;
იცნობს პარტნიორობისა და ინტერნაციონალიზაციის შესაძლებლობებს და მოდელებს.
შეუძლია უზრუნველყოს კოლეჯის გაწევრიანება/ პარტნიორობის ჩამოყალიბება სხვადასხვა ქსელსა და დარგობრივ ორგანიზაციაში;
ხელს უწყობს კოლეჯის პოზიტიურ პოზიციონირებას სხვადასხვა პლატფორმაზე (კონკურსები, ფორუმები);
ხელს უწყობს არსებულ პროექტებში ჩართულობას და ახალი შესაძლებლობების შექმნას;
ხელს უწყობს პერსონალის თანამშრომლობასა და პარტნიორობას ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
შეუძლია, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციას, მათ შორის ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების გზით.
3. დირექტორის კომპეტენციების მნიშვნელოვანი შემადგენელია მისი მახასიათებელი პიროვნული და პროფესიული თვისებები და ღირებულებები, რომელთაც უნდა ეფუძნებოდეს ხელმძღვანელის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და განხორციელებული ქმედებები.
პიროვნული
პროფესიული
კეთილსინდისიერება
ეთიკურობა
ღიაობა
მოქნილობა
სამართლიანობა
ემპათია
მიმღებლობა
ტოლერანტობა
ადამიანის უფლებების დაცვა
კულტურული მგრძნობელობა
კრეატიულობა
თანმიმდევრულობა
საგანმანათლებლო ლიდერობა
პროაქტიულობა
ანგარიშვალდებულება
სოციალური პასუხისმგებლობა
ავტონომიურობა
გუნდურობა, თანამონაწილეობა
პროფესიულ სტუდენტზე ორიენტირებულობა
ხარისხზე ორიენტირებულობა
ინოვაციასა და განვითარებაზე ორიენტირებულობა
სიახლეების მიმართ ღიაობა
პროფესიული ღირებულებებისადმი სხვათა დამოკიდებულებების დაფასება
მდგრადობა
მეწარმეობა
მწვანე უნარები
დანართი №2
საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესი
მუხლი 1. რეგულირების საგანი🔗
წინამდებარე წესი განსაზღვრავს საქართველოს სპორტის სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მიერ დაფუძნებული კოლეჯის (შემდგომ − კოლეჯი) დირექტორის შესარჩევი კონკურსის (შემდგომ − შესარჩევი კონკურსი) გამართვის წესსა და პირობებს, შესარჩევი კონკურსის ეტაპებს, საკონკურსო კომისიის (შემდგომ − კომისია) საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებებს.
მუხლი 2. შესარჩევი კონკურსის მიზანი🔗
შესარჩევი კონკურსის მიზანია კოლეჯის დირექტორობის მსურველის „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტთან“ (შემდგომ − კოლეჯის დირექტორის სტანდარტი) შესაბამისობის დადგენა და კოლეჯის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით საუკეთესო კანდიდატის (შემდგომ − კანდიდატი) შერჩევა.
მუხლი 3. კომისიის შექმნის წესი და შემადგენლობა🔗
1. შესარჩევი კონკურსის ჩატარების უზრუნველყოფისა და კოლეჯის დირექტორის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის შერჩევის მიზნით, სამინისტროში იქმნება შესაბამისი კომისია, საქართველოს სპორტის მინისტრის (შემდგომ − მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
2. კომისია შედგება კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილისა და კომისიის წევრებისგან. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე.
3. კომისიის შემადგენლობაში მათ შორის შედიან სამინისტროს ადმინისტრაციის (სამსახური) წარმომადგენელი, დამოუკიდებელი მოწვეული სპეციალისტი ან/და შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
4. კანდიდატი არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი შერჩევა.
მუხლი 4. კომისიის წევრის აცილება🔗
1. კომისიის წევრი ვალდებულია შესარჩევი კონკურსის ეტაპების დაწყებამდე წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება.
3. თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნულის შესახებ კომისიისათვის ცნობილი გახდება შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის ამ წევრის მიერ კანდიდატის შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას.
მუხლი 5. კომისიის საქმიანობა🔗
1. კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა.
2. კომისია უფლებამოსილია გადაწყვეტილება მიიღოს კენჭისყრის საფუძველზე. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა.
3. კომისია, ამ წესის შესაბამისად, აფასებს კანდიდატის შესაბამისობას კოლეჯის დირექტორის სტანდარტთან და კოლეჯის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კოლეჯის წესდებითა და მინისტრის ბრძანებით დადგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან.
4. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება უნდა იყოს ობიექტური, მიუკერძოებელი, თანმიმდევრულად და თანაბრად გამოყენებული ყველა კანდიდატისადმი შესარჩევი კონკურსის ყველა ეტაპზე.
5. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასება ეფუძნება კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტების, წერითი დავალების ან/და გასაუბრების შედეგების, სამუშაო გამოცდილების, განათლებისა და მოტივაციის შეფასებას.
6. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის/სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს, თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი.
7. კომისია ვალდებულია საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განაცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს 3 თვის ვადაში.
მუხლი 6. შესარჩევი კონკურსის გამოცხადება🔗
1. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.
2. სამინისტრო შესარჩევ კონკურსს აცხადებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის (შემდგომ − მთავრობის ადმინისტრაცია) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია დამატებით განათავსოს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და სოციალურ ქსელებში.
მუხლი 7. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება🔗
1. შესარჩევი კონკურსის გამოცხადების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
ა) კოლეჯის დასახელებას და მისამართს;
ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;
გ) კოლეჯის დირექტორის ფუნქციებს;
დ) გამოსაცდელი ვადის პერიოდს, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
ე) ინფორმაციას შრომის ანაზღაურების შესახებ;
ვ) განაცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალსა და წარდგენის ვადას;
ზ) სამინისტროს მისამართს;
თ) კონკურსის ეტაპებს.
2. სამინისტროს გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, შესარჩევი კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც.
მუხლი 8. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარდგენა🔗
1. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის, კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით.
2. კანდიდატი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია და დოკუმენტები საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
3. კანდიდატს შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის განაცხადის წარსადგენად ეძლევა შესარჩევი კონკურსის გამოცხადების დღიდან არანაკლებ 10 კალენდარული დღის ვადა.
4. კანდიდატი უფლებამოსილია, განაცხადში შეიტანოს ცვლილება სამინისტროს მიერ განაცხადების წარდგენისთვის ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვამდე.
მუხლი 9. შესარჩევი კონკურსის ეტაპები🔗
1. შესარჩევი კონკურსის ეტაპებია:
ა) კანდიდატების მიერ წარდგენილი განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა;
ბ) გასაუბრება ან/და წერითი დავალების შესრულება.
2. კომისიას შეუძლია, კანდიდატის შეფასებისათვის, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შესარჩევი კონკურსის ეტაპებთან ერთად განსაზღვროს დამატებითი ეტაპი, რაც უნდა აისახოს შესარჩევი კონკურსის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ შეტყობინებაში.
მუხლი 10. შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი🔗
1. შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი წარმოადგენს კანდიდატის განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობს გამოცხადებული ვაკანსიისათვის დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებთან კანდიდატის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისობის შემოწმებას.
2. შესარჩევ კონკურსში მონაწილეობისათვის წარდგენილი განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, კომისიის დავალებით, უზრუნველყოფს სამინისტროს ადმინისტრაცია (სამსახური) (შემდგომ − ადმინისტრაცია).
3. ადმინისტრაცია განაცხადების წარდგენისათვის განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში ადგენს განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობას.
4. განაცხადების ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის შედეგებს ადმინისტრაცია წარუდგენს კომისიას, რაც ფორმდება შესაბამისი საოქმო ჩანაწერით და დასტურდება კომისიის წევრების ხელმოწერით.
5. შესარჩევი კონკურსის მომდევნო ეტაპამდე, კომისიის დავალებით, ადმინისტრაცია ელექტრონულად ან/და წერილობით აცნობებს კანდიდატს მის მიერ წარდგენილი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის შესახებ.
6. კანდიდატის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია ვალდებულია კანდიდატისათვის გაგზავნილ გადაწყვეტილებაში მიუთითოს მისი განაცხადის ფორმალურ მოთხოვნებთან შეუსაბამობის მიზეზი.
მუხლი 11. შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი🔗
1. შესარჩევი კონკურსის მეორე ეტაპი გულისხმობს კანდიდატის შეფასებას წერითი დავალების ან/და გასაუბრების შედეგების გზით.
2. კომისიის მიერ კანდიდატის შეფასების დასაბუთებული შედეგი აისახება კომისიის სხდომის ოქმში.
3. შესარჩევი კონკურსის შედეგების შესაბამისად, კანდიდატის შერჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია, ფარული კენჭისყრის გზით. კომისიის სხდომის ოქმი მისი შედგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღეს ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, წარედგინება მინისტრს.
მუხლი 12. შესარჩევი კონკურსის შედეგები🔗
1. კომისია, კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის მიზნით, მინისტრს წარუდგენს კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე.
2. საკონკურსო კომისიის მიერ წარდგენილ კანდიდატს თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 7 კალენდარული დღისა, ხოლო თუ ბოლო კალენდარული დღე დასვენების ან უქმე დღე ემთხვევა – არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, თითოეულ კანდიდატს ელექტრონულად ან/და წერილობით ეცნობება მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ.
4. სამინისტრო შესარჩევი კონკურსის შედეგების შესახებ ინფორმაციას ასახავს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის შესაბამის მოდულში.
მუხლი 13. შესარჩევი კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება🔗
შესარჩევი კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ:
ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი;
ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
მუხლი 14. შესარჩევი კონკურსის შეწყვეტის საფუძვლები🔗
1. კოლეჯის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის, სხვა საჯარო დაწესებულებასთან შერწყმის, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრების ან/და სხვა გაუთვალისწინებელი ობიექტური მიზეზის არსებობის შემთხვევაში, სამინისტრო უფლებამოსილია, შეწყვიტოს გამოცხადებული შესარჩევი კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის კომისიის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე.
2. სამინისტრო ვალდებულია შესარჩევი კონკურსის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება შეატყობინოს კანდიდატებს.
მუხლი 15. კონკურსის შედეგების გასაჩივრება🔗
კანდიდატს უფლება აქვს, კონკურსის პროცედურების, ეტაპებისა და შედეგების თაობაზე მიმართოს სასამართლოს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 16. შერჩეული კანდიდატის მიერ დოკუმენტების წარდგენა🔗
1. კომისიის მიერ კოლეჯის დირექტორის თანამდებობაზე დასანიშნად წარდგენიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღის ვადაში, კანდიდატი ვალდებულია სამინისტროში წარადგინოს თანამდებობაზე დანიშვნისათვის აუცილებელი დოკუმენტაცია.
2. კანდიდატი თანამდებობაზე არ ინიშნება, თუ:
ა) იგი ნასამართლევია;
ბ) მან არ წარმოადგინა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ფორმის ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ან წარმოდგენილი ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა ადასტურებს მის მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტს;
გ) იგი ნასამართლევია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ან/და რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 30.07.2026.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“?
- „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 30.07.2026. მიმღები ორგანო — საქართველოს სპორტის მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 010320040.22.098.016013.
- სად არის „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.07.2026 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული კოლეჯის დირექტორის სტანდარტისა და მისი შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების შესახებ“, №13, 30.07.2026, სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.098.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.07.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6947556/