1. აეროდრომის სერტიფიცირებული მეტეოროლოგიური საწარმო ამზადებს გაფრთხილებებს ქარის წანაცვლების შესახებ, რომელიც შეიცავს მოკლე ინფორმაციას იმ არსებული ან მოსალოდნელი ქარის წანაცვლების შესახებ, რომელსაც შეუძლია უარყოფითი ზემოქმედება მოახდინოს საჰაერო ხომალდზე დასაფრენად შემოსვლისა და აფრენის ტრაექტორიაზე ან დასაფრენად წრიული შესვლისას, ანდა ადზ-ის დონიდან 500 მ (1600 ფტ) სიმაღლემდე საჰაერო ხომალდზე ადზ-ზე გარბენისას დაფრენის შემდეგ ან გაქანებისას - აფრენის წინ. იმ შემთხვევაში, როდესაც ცნობილია, რომ ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობები იწვევს ქარის მნიშვნელოვან წანაცვლებას ადზ-ის დონიდან 500 მ-ზე მეტ სიმაღლეზე 500 მ (1600 ფუტი) ზღვრულად არ ითვლება.

შენიშვნა: ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილების ნიმუში მოცემულია ამ წესის №7 დანართის A7-7 ცხრილში.

2. აეროდრომის მეტეოროლოგიური ოფისი აუქმებს გაფრთხილებებს ქარის წანაცვლების შესახებ მომფრენი და გამფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, იმ შემთხვევაში, როდესაც საჰაერო ხომალდებიდან  ქარის წანაცვლება აღარ დაიკვირვება ან შეთანხმებული დროის გასვლის შემდეგ. ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების გაუქმების კრიტერიუმები უნდა დადგინდეს თითოეულ აეროდრომზე მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოსა და დაინტერესებულ ექსპლუატანტს შორის შეთანხმებით.

3. აეროდრომებზე, სადაც ქარის წანაცვლების აღმოსაჩენად გამოიყენება ავტომატიზებული მიწისპირა აღჭურვილობა დისტანციური ზონდირებისათვის ან ქარის წანაცვლების დასადგენად, გამოიცემა ასეთი სისტემების მიერ გენერირებული შეტყობინებები. სიგნალი ქარის წანაცვლების შესახებ მოიცავს მოკლე განახლებულ ინფორმაციას დაკვირვებად ქარის წანაცვლებაზე, რომელსაც შეუძლია არასასურველი ზეგავლენა მოახდინოს საჰაერო ხომალდზე დაფრენის ბოლო ან აფრენის საწყის ეტაპებზე ან ადზ-ზე გარბენისას დაფრენის შემდეგ, ან გაქანებისას – აფრენის წინ.

4. სიგნალი ქარის წანაცვლების შესახებ უნდა განახლდეს არანაკლებ წუთში ერთხელ. შეტყობინება ქარის წანაცვლების შესახებ უნდა გაუქმდეს მას შემდეგ, როდესაც ქარის შემხვედრი/ზურგქარის სიდიდის ცვლილება შეადგენს 7,5 მ/წმ-ს (15 კვ.).

შენიშვნა 1: სახელმძღვანელო მასალა ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებებისა და სიგნალების თაობაზე მოცემულია იკაოს ოფიციალურ გამოცემაში „დაბალ სიმაღლეებზე ქარის წანაცვლების სახელმძღვანელო“ (Doc 9817);

შენიშვნა 2: სიგნალები ქარის წანაცვლების შესახებ გამოიცემა ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილებების დამატებად, რაც მიზნად ისახავს ოპერატიული ცნობიერების ამაღლებას ამ მეტეოროლოგიური მოვლენის შესახებ.

5. ცნობები ქარის წანაცვლების არსებობის შესახებ მიიღება შემდეგი სახით:

ა) სახმელეთო დანადგარები ქარის წანაცვლების დისტანციური გაზომვისათვის, მაგალითად, დოპლერის რადიოლოკატორი;

ბ) სახმელეთო დანადგარები ქარის წანაცვლების აღმოსაჩენად, მაგალითად, საზომი სისტემები ქარის წანაცვლების ან წნევის გასაზომად, რომლებიც განლაგებულია ისე, რომ აკონტროლოს კონკრეტული ადზ ან ადზ-ები, ან შესაბამისი აფრენის ან დაშვების ტრაექტორიები.

გ) დაკვირვებები საჰაერო ხომალდებიდან სიმაღლის აღებისას ან მისადგომის ფაზაში, რომლებიც სრულდება ამ წესის IV თავის შესაბამისად;

დ) სხვა მეტეოროლოგიური ინფორმაცია, მაგალითად, მიღებული შესაბამისი გამზომების საშუალებით, რომლებიც არსებობს აეროდრომის მახლობლად ან უახლოეს ამაღლებულ მონაკვეთზე, ანძებზე ან კოშკურებზე.

შენიშვნა 1: ქარის წანაცვლების პირობები, როგორც წესი, დაკავშირებულია ერთ ან რამდენიმე ქვემოთ ჩამოთვლილ მოვლენასთან:

ა) ჭექა-ქუხილი, მიკროდაქროლვა, ძაბრისებრი ღრუბელი (ტორნადო ან წყლის ქარბორბალა), ფრონტალური დაქროლვა ან ფრონტალური ზედაპირები;

ბ) ფრონტალური ზედაპირები;

გ) ძლიერი მიწისპირა ქარი, გართულებული ადგილობრივი ტოპოგრაფიული პირობებით;

დ) ზღვის ბრიზის ფრონტები;

ე) მთის ტალღები, მათ შორის დაბალ სიმაღლეზე არსებული როტორული მოძრაობები აეროდრომის არეში;

ვ) ტემპერატურული ინვერსიები დაბალ სიმაღლეებზე.

შენიშვნა 2: ქარის წანაცვლების შესახებ ინფორმაცია ამ წესის №2 დანართის A2-1 და A2-2 ცხრილებში მოცემული ნიმუშების შესაბამისად, დამატებითი ინფორმაციის სახით ასევე უნდა იქნეს შეტანილი ადგილობრივ რეგულარულ შეტყობინებებში, ადგილობრივ სპეციალურ შეტყობინებებში, METAR-სა და SPECI-ში.

6. გაფრთხილებები ქარის წანაცვლების შესახებ გამოიცემა იკაოს მიერ აღიარებული, მარტივად აღსაქმელი შემოკლებებისა და რიცხვითი მნიშვნელობების გამოყენებით, ამ წესის №7 დანართის A7-7 ცხრილის შესაბამისად.

7. გაფრთხილებებს ქარის წანაცვლების შესახებ, ამ წესის №7 დანართის  A7-5 ცხრილის შესაბამისად, ენიჭება რიგითი ნომერი, რომელიც განსაზღვრავს გარკვეულ აეროდრომზე გამოცემული გაფრთხილების რიგითობას, მოცემული დღის 00:01 UTC-დან.

8. იმ შემთხვევაში, თუ AIREP შეტყობინებები ქარის წანაცვლების შესახებ, გამოიყენება ქარის წანაცვლების შესახებ გაფრთხილების მოსამზადებლად ან ადრე გაცემული გაფრთხილების დასადასტურებლად, აღნიშნული შეტყობინება, საჰაერო ხომალდის ტიპის ჩათვლით, შეიტანება გაფრთხილებაში ცვლილების გარეშე.

9. ქარის წანაცვლების არსებობის შესახებ, შეტყობინებების მიღების შემდეგ, როგორც მომფრენი, ისე გამფრენი საჰაერო ხომალდებიდან, გამოიცემა ორი გაფრთხილება ქარის წანაცვლების შესახებ: ერთი მომფრენი საჰაერო ხომალდებისათვის, ხოლო მეორე - გამფრენებისათვის.

10. ქარის წანაცვლების ინტენსივობის მისათითებლად გამოიყენება შემდეგი საკვალიფიკაციო ტერმინები: „ზომიერი“, „ძლიერი“ და „ძალიან ძლიერი“.

11. იმ შემთხვევაში, თუ დაიკვირვება მიკროდაქროლვა, რომელიც გადმოცემულია საფრენოსნო ეკიპაჟის მიერ ან გამოვლენილია ქარის წანაცვლების დისტანციური გაზომვის სახმელეთო დანადგარების მეშვეობით, გაფრთხილებაში ქარის წანაცვლების შესახებ უნდა მიეთითოს მიკროდაქროლვები.

12. იმ შემთხვევაში, თუ ქარის წანაცვლების შესახებ სიგნალის მოსამზადებლად ინფორმაცია მიიღება ქარის წანაცვლების დისტანციური გაზომვის სახმელეთო დანადგარებიდან, სიგნალი უნდა შეიცავდეს ცნობებს შემხვედრი/ზურგქარის დამახასიათებელ ცვლილებაზე 7.5 მ/წ  (15 კვანძი) ან მეტით და შეძლებისდაგვარად, ეხებოდეს ადზ-ის განსაზღვრულ მონაკვეთებს და მანძილს მისადგომის ან აფრენის ტრაექტორიის გასწვრივ, მეტეოროლოგიური მომსახურების საწარმოს, საჰაერო მოძრაობის მართვის საწარმოსა და ექსპლუატანტებთან შეთანხმების საფუძველზ