1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა უსაფრთხოების იმ სტანდარტების შესახებ, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე იყენებს საავიაციო ინფრასტრუქტურასთან, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. კონსულტაციები ჩატარდება ამგვარი მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.
2. თუ, ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე აღმოაჩენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ უზრუნველყოფს პირველ პუნქტში მითითებულ სფეროებში უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად შესრულებასა და დაცვას, კონვენციით იმ დროისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელ მხარეს ეცნობება ამგვარი დასკვნებისა და იმ ზომების შესახებ, რომელთა გატარებაც მიიჩნევა აუცილებლად აღნიშნული სტანდარტების შესრულების მიზნით. ამის შემდგომ მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს შეთანხმებულ ვადაში.
3. კონვენციის მე-16 მუხლის გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიისკენ ან ტერიტორიიდან, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, შეიძლება დაექვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას, იმ პირობით თუ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის უმართებულოდ დაყოვნებას. კონვენციის 33-ე მუხლში მითითებული ვალდებულებების მიუხედავად, შემოწმების მიზანია დადგინდეს საჰაერო ხომალდის დოკუმენტაციისა და მისი ეკიპაჟის ლიცენზიების ნამდვილობა და ის, რომ საჰაერო ხომალდისა და მისი მოწყობილობების მდგომარეობა შეესაბამება კონვენციის შესაბამისად იმ დროისთვის დადგენილ სტანდარტებს.
4. როდესაც გადაუდებელი მოქმედება აუცილებელია საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ოპერირების უზრუნველსაყოფად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლუატაციის ნებართვა.
5. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ზომა შეწყვეტს მოქმედებას, როგორც კი აღარ იარსებებს ამგვარი ზომის მიღების საფუძველი.
6. მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, თუ გადაწყდება, რომ, შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგაც კი, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე კვლავ ვერ ასრულებს კონვენციის შესაბამისად იმ დროისთვის დადგენილ სტანდარტებს, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალურ მდივანს. ამ უკანასკნელს ასევე უნდა ეცნობოს არსებული სიტუაციის შემდგომი დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტის შესახებაც.
7. თუ ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ დანიშნა ავიასაწარმო, რომლის ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს მესამე სახელმწიფო, ამ მუხლით გათვალისწინებული მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებები ანალოგიურად გამოიყენება მესამე სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების სტანდარტების მიღებასთან, განხორციელებასთან ან უზრუნველყოფასთან, და აღნიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო ნებართვასთან მიმართებაშ