1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, იქ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფლად გახსნან და ოპერირება გაუწიონ თავიანთ ოფისებსა და სამსახურებს და ჰყავდეთ ადმინისტრაციული, კომერციული, ტექნიკური, ოპერაციული და სხვა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული პერსონალი, რომელიც საჭიროა შესაბამისი დანიშნული ავიასაწარმოს მოთხოვნების შესასრულებლად.

2. მხარეთა ავიასაწარმოებს არ მოეთხოვებათ ჰყავდეთ ადგილობრივი სპონსორი.

3. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ პირდაპირ ან, დანიშნული ავიასაწარმოს არჩევნისამებრ, აგენტის, ავიასაწარმოს მიერ დანიშნული სხვა შუამავლების, ან ინტერნეტის, ან ნებისმიერი სხვა არხის მეშვეობით, თავიანთი სამგზავრო დოკუმენტაციის გამოყენებით, გაყიდონ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები ორივე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. გაყიდვები ნებადართულია ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურების გაყიდვის და ნებისმიერი პირის მიერ მისი ყიდვის უფლებას.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ ადგილობრივი ხარჯები, მათ შორის, და არა მხოლოდ, საწვავის შესყიდვის ხარჯები, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აანაზღაურონ ადგილობრივ ვალუტაში. თავიანთი შეხედულებისამებრ, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ აღნიშნული ხარჯები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აანაზღაურონ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, საბაზრო სავალუტო კურსით.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს მიანიჭებს უფლებას თავისუფლად კონვერტირებად ვალუტებში დააკონვერტირონ და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით, მოთხოვნისამებრ, მათ მიერ არჩეულ ქვეყანაში გადარიცხონ ადგილობრივად მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის განსხვავება. ამგვარი გადარიცხვის განხორციელება ნებადართულია ავიასაწარმოს მიერ გადარიცხვაზე პირველი განაცხადის გაკეთების დღეს, შემოსავლების კონვერტაციისა და გადარიცხვის დღეს მოქმედი იმ სავალუტო კურსით, რომელიც გამოიყენება მიმდინარე ფინანსურ ოპერაციებთან მიმართებაში, რაიმე გადასახდელის, შეზღუდვის ან დაყოვნების გარეშე, გარდა ბანკების მიერ ჩვეულებრივ დაწესებული გადასახდელებისა და პროცედურების