„საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№159-2
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016872
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/09/2026

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (20 მუხლი)
 
 
 

 

შეთანხმება

 საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ

 

საქართველოს მთავრობა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობა (შემდგომში მოხსენიებული როგორც „ხელშემკვრელი მხარეები“);

წარმოადგენენ რა „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ 1944 წლის 7 დეკემბერს ქ. ჩიკაგოში ხელმოსაწერად გახსნილი კონვენციის მხარეებს;

სურთ რა ხელი შეუწყონ სამოქალაქო ავიაციის სფეროში ორმხრივ ურთიერთობებს და გააფორმონ შეთანხმება თავიანთ შესაბამის ტერიტორიებს შორის და მათ საზღვრებს გარეთ საჰაერო მიმოსვლის დაწესების მიზნით;

სურთ რა ხელი შეუწყონ ავიასაწარმოებს შორის საბაზრო კონკურენციაზე დაფუძნებულ საერთაშორისო საავიაციო სისტემას, მთავრობის მხრიდან მინიმალური ჩარევისა და რეგულირების პირობებში;

სურთ რა ხელი შეუწყონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობათა გაფართოებას;

სურთ რა უზრუნველყონ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის პროცესში უმაღლესი ხარისხის უსაფრთხოება და დაცულობა და ადასტურებენ რა ღრმა შეშფოთებას საჰაერო ხომალდის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული აქტების ან საფრთხეების გამო, რომლებიც ემუქრება პირების ან ქონების უსაფრთხოებას, ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს საჰაერო მომსახურებათა განხორციელებაზე და ძირს უთხრის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოებისადმი საზოგადოების ნდობას;

სურთ რა ავიასაწარმოებისთვის შესაძლებელი გახადონ მგზავრებისა და ექსპედიტორებისთვის ფართო სპექტრის მომსახურების შეთავაზება, და სურთ რა ხელი შეუწყონ ცალკეულ ავიასაწარმოებს შეიმუშაონ და აამოქმედონ ახალი და კონკურენტული ფასები;

შეთანხმდნენ შემდეგზე:

 

მუხლი 1

განსაზღვრებები

წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის, თუ სხვაგვარად არ არის განსაზღვრული, ტერმინი:

1. „საავიაციო ხელისუფლება“, საქართველოს შემთხვევაში, ნიშნავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და/ან სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს, და რუანდის რესპუბლიკასთან მიმართებით, ნიშნავს სამოქალაქო ავიაციაზე პასუხისმგებელ სამინისტროს; და ორივე შემთხვევაში, ნებისმიერ პირს ან ორგანოს, რომელიც უფლებამოსილია შეასრულოს ნებისმიერი ის ფუნქცია, რომელსაც ასრულებენ ზემოაღნიშნული საავიაციო ხელისუფლებები, ან მსგავსი ფუნქციები.

2. „შეთანხმება“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმებას, მის დანართს, და შეთანხმებაში ან დანართში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებას.

3. „კონვენცია“ ნიშნავს „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის შესახებ“ ქ. ჩიკაგოში, 1944 წლის 7 დეკემბერს ხელმოსაწერად გახსნილ კონვენციას და მოიცავს ამ კონვენციის 94(a) მუხლის შესაბამისად შეტანილ და ორივე ხელშემკვრელი მხარის მიერ რატიფიცირებულ ნებისმიერ ცვლილებას, და  კონვენციის 90-ე მუხლის შესაბამისად მიღებულ ნებისმიერ დანართს ან ნებისმიერ ცვლილებას, იმ პირობით, თუ აღნიშნული დანართები ან ცვლილებები ნებისმიერ დროს ძალაშია ორივე ხელშემკვრელი მხარისთვის.

4. „დანიშნული ავიასაწარმო“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების მე-3 მუხლის შესაბამისად დანიშნულ და უფლებამოსილებით აღჭურვილ ავიასაწარმოს.

5. „ტარიფი“ ნიშნავს  მგზავრების (და მათი ბარგის) და/ან ტვირთის (ფოსტის გარდა) საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვისთვის, მათ შორის, ნებისმიერი სახმელეთო ტრანსპორტირებისთვის, რომელიც გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით, ავიასაწარმოების ან მათი აგენტების მიერ დაწესებულ ნებისმიერ საფასურს, მოსაკრებელს ან გადასახდელს და პირობებს, რომლებიც არეგულირებს აღნიშნული საფასურის, მოსაკრებლის ან გადასახდელის გამოყენებას.

6. „ტერიტორია“, „საჰაერო მიმოსვლა“, „საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა“, „ავიასაწარმო“ და „არაკომერციული მიზნებით შეჩერება“ გამოიყენება ჩიკაგოს კონვენციის მე-2 და 96-ე მუხლით განსაზღვრული შესაბამისი მნიშვნელობებით.

7. „მომხმარებლის გადასახდელი“ ნიშნავს გადასახდელს, რომელიც უწესდება ავიასაწარმოებს აეროპორტის, სანავიგაციო ან საჰაერო უსაფრთხოების ინფრასტრუქტურით ან მომსახურებებით, მათ შორის, შესაბამისი მომსახურებებით და მოწყობილობებით უზრუნველყოფისთვის.

 

მუხლი 2

უფლებათა მინიჭება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებასთან დაკავშირებით შემდეგ უფლებებს:

a. თავის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლებას დაფრენის გარეშე;

b. თავის ტერიტორიაზე გაჩერებების უფლებას არაკომერციული მიზნებით.

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელ მხარეს ანიჭებს წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრულ უფლებებს წინამდებარე შეთანხმების დანართით დადგენილ მარშრუტებზე საერთაშორისო საჰაერო მომსახურებების განხორციელების მიზნით. ამგვარ მომსახურებებსა და მარშრუტებს შემდგომში ეწოდება „შეთანხმებული მომსახურებები“ და „დადგენილი მარშრუტები“. დადგენილ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურებების განხორციელებისას, დანიშნული ავიასაწარმო(ები), ამ მუხლის 1-ელ პუნქტში მითითებულ უფლებებთან ერთად, სარგებლობენ უფლებით, განახორციელონ დაფრენა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, დანართში მარშრუტის განრიგში მითითებულ პუნქტებში, საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლაში ჩართული მგზავრების, ტვირთის და ფოსტის ცალ-ცალკე ან კომბინირებულად ჩასხდომა/ჩატვირთვის და/ან გადმოსხდომა/გადმოტვირთვის მიზნით.

3. დადგენილ მარშრუტზე შეთანხმებული მომსახურების განხორციელებისას, თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია, რომელიმე ან ყველა რეისზე, თავისი შეხედულებით:

a. განახორციელოს ფრენები ერთი ან ორივე მიმართულებით;

b. გააერთიანოს სხვადასხვა რეისის ნომრები ერთი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციისას;

c. შეასრულოს ფრენები თავის ტერიტორიამდე განლაგებულ, შუალედურ და საზღვრებს გარეთ განლაგებულ პუნქტებში, ასევე ხელშემკვრელ მხარეთა ტერიტორიებზე განლაგებულ პუნქტებში ნებისმიერი კომბინაციით და თანმიმდევრობით;

d. გამოტოვოს გაჩერებები ნებისმიერ პუნქტში ან პუნქტებში;

e. გადაანაწილოს გადაზიდვები ნებისმიერი თავისი საჰაერო ხომალდიდან ნებისმიერ სხვა საჰაერო ხომალდზე, მარშრუტის ნებისმიერ პუნქტში;

f. შეასრულოს ფრენები თავის ტერიტორიამდე ან თავის ტერიტორიაზე განლაგებულ ნებისმიერ პუნქტში, საჰაერო ხომალდის ან რეისის ნომრის შეცვლით ან შეუცვლელად, და მოსახლეობას შესთავაზოს და რეკლამა გაუწიოს ასეთ მომსახურებას;

g. განახორციელოს გაჩერებები ნებისმიერ პუნქტში, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ან ამ ტერიტორიის გარეთ;

h. განახორციელოს სატრანზიტო გადაზიდვა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით; და

i. განახორციელოს კომბინირებული გადაზიდვა ერთი და იმავე საჰაერო ხომალდით იმისდა მიუხედავად, თუ საიდან იწყება ამგვარი გადაზიდვა;

მიმართულების ან გეოგრაფიული შეზღუდვის გარეშე და წინამდებარე შეთანხმებით ნებადართული გადაზიდვების განხორციელების უფლების დაუკარგავად, იმ პირობით, თუ გადაზიდვა განხორციელდება იმ პუნქტის გავლით, რომელიც მდებარეობს იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, რომელმაც დანიშნა ავიასაწარმო.

4. ზემოაღნიშნული მარშრუტების ნებისმიერ მონაკვეთზე ან მონაკვეთებზე საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისას, ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს შეუძლია შეცვალოს საჰაერო ხომალდი მარშრუტის ნებისმიერ პუნქტში, საჰაერო ხომალდის ტიპის ან რაოდენობის შეუზღუდავად. 

5. წინამდებარე შეთანხმების არცერთი პუნქტი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს იგი ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს ანიჭებდეს უფლებას მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, ანაზღაურების სანაცვლოდ, ბორტზე აიყვანოს მგზავრები, აიტანოს ტვირთი და ფოსტა მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მდებარე სხვა პუნქტში გადაყვანა-გადაზიდვის მიზნით.

მუხლი 3

დანიშვნა და უფლებამოსილების მინიჭება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს უფლება აქვს დანიშნოს ერთი ან რამდენიმე ავიასაწარმო შეთანხმებულ მომსახურებათა განხორციელების მიზნით და გააუქმოს ან შეცვალოს ეს დანიშვნები. ამგვარი დანიშვნები უნდა გაფორმდეს წერილობით და მათ შესახებ მეორე ხელშემკვრელ მხარეს უნდა ეცნობოს დიპლომატიური არხების მეშვეობით.

2. აღნიშნული დანიშვნისა და დანიშნული ავიასაწარმოს შესაბამისი განაცხადის მიღებისთანავე, რომელიც წარდგენილია ექსპლუატაციის უფლებისა და ტექნიკური ნებართვის მისაღებად დადგენილი ფორმითა და წესით, მეორე ხელშემკვრელი მხარე მინიმალური პროცედურული დაგვიანებით გასცემს ექსპლუატაციის უფლებასა და ტექნიკურ ნებართვას იმ პირობით, თუ:

a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:

(i) იგი დაფუძნებულია საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და გააჩნია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; და

(ii) ავიასაწარმოს ეფექტიან ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და  უზრუნველყოფს საქართველო.

b) რუანდის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:

(i) იგი დაფუძნებულია რუანდის ტერიტორიაზე და ლიცენზირებულია რუანდის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; და

(ii) ავიასაწარმოს ეფექტიან ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს რუანდა.

c) დანიშნული ავიასაწარმო აკმაყოფილებს იმ კანონმდებლობით დადგენილ პირობებს, რომლებიც, როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვების განხორციელებისას იმ ხელშემკვრელი მხარის მიერ, რომელიც განიხილავს განაცხადს ან განაცხადებს.

3. დანიშვნისა და ნებართვის მიღების შემდეგ, ავიასაწარმოს შეუძლია დაიწყოს შეთანხმებული მომსახურებების გაწევა ნებისმიერ დროს, იმ პირობით თუ ავიასაწარმო ასრულებს წინამდებარე შეთანხმების ყველა შესაბამის დებულებას.

მუხლი 4

უფლებამოსილების გაუქმება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია გააუქმოს, შეაჩეროს ან გარკვეული პირობებით შეზღუდოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ექსპლუატაციის უფლებები ან ტექნიკური ნებართვები იმ შემთხვევაში, როდესაც:

a) საქართველოს მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:

(i) იგი დაფუძნებული არ არის საქართველოს ტერიტორიაზე და არ გააჩნია საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ან

(ii) ავიასაწარმოს ეფექტიან ნორმატიულ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს საქართველო.

b) რუანდის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს შემთხვევაში:

(i) იგი დაფუძნებული არ არის რუანდის ტერიტორიაზე და ლიცენზირებული არ არის რუანდის რესპუბლიკის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ან

(ii) ავიასაწარმოს ეფექტიან ნორმატიულ კონტროლს ვერ უზრუნველყოფს რუანდა; ან

(c) ავიასაწარმო ვერ ასრულებს წინამდებარე შეთანხმების მე-5 მუხლში მითითებული კანონმდებლობით დადგენილ პირობებს.

2. თუ მყისიერი გაუქმება, მოქმედების შეჩერება, ან პირობების დაწესება ამ მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად აუცილებელი არ არის კანონმდებლობის შემდგომი დარღვევის თავიდან ასაცილებლად, თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს ამგვარი უფლებით სარგებლობა შეუძლია მხოლოდ მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებთან გამართული კონსულტაციების შემდეგ. ამგვარი კონსულტაციები გაიმართება კონსულტაციების მოთხოვნის წარდგენიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში, ან ხელშემკვრელ მხარეთა შორის შეთანხმებულ სხვა ვადაში.

მუხლი 5

კანონმდებლობის გამოყენება

1. ერთი ხელშემკვრელი მხარის ის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს თავის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან იმ საჰაერო ხომალდის შესვლას ან გასვლას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვას, ასევე აღნიშნული ტერიტორიის ფარგლებში ამგვარი საჰაერო ხომალდის ექსპლუატაციასა და ნავიგაციას, გამოიყენება მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ებ)ის მიმართაც.

2. ერთი ხელშემკვრელი მხარის ის კანონმდებლობა, რომელიც არეგულირებს თავის ტერიტორიაზე/ტერიტორიიდან მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთის ან ფოსტის შესვლას, ყოფნას ან გასვლას, როგორიცაა შესვლისა და გასვლის მარეგულირებელი, საიმიგრაციო და საემიგრაციო, საბაჟო, ჯანდაცვისა და საკარანტინო წესები ზემოაღნიშნულ ტერიტორიაზე ყოფნის პერიოდში გამოიყენება იმ მგზავრების, ეკიპაჟის, ტვირთისა და ფოსტის მიმართაც, რომელთა ტრანსპორტირებასაც ახორციელებენ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ებ)ი.

3. მგზავრები, ბარგი და ტვირთი, რომელთა გადაყვანა-გადაზიდვა ხორციელდება რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის პირდაპირი ტრანზიტით და რომლებიც არ ტოვებენ აეროპორტში ამ მიზნით გამოყოფილ ტერიტორიას, ექვემდებარება მხოლოდ გამარტივებულ შემოწმებას, გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც უსაფრთხოების ზომები ტარდება ძალადობის, ნარკოტიკების კონტრაბანდისა და საჰაერო მეკობრეობის აღკვეთის მიზნით.

4. არცერთი ხელშემკვრელი მხარე თავისი საიმიგრაციო, საბაჟო, საკარანტინო და მსგავსი რეგულაციების გამოყენებისას უპირატესობას არ მიანიჭებს საკუთარ ან ნებისმიერ სხვა ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებთან შედარებით, რომლებიც ახორციელებენ ანალოგიურ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებს.

მუხლი 6

გადასახადების, იმპორტის გადასახდელისა და სხვა გადასახდელებისგან გათავისუფლება

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლისას ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდი, ასევე მის ბორტზე არსებული ჩვეულებრივი მოწყობილობები, სათადარიგო ნაწილები, საცხებ-საპოხი მასალები, ასევე საჰაერო ხომალდის მარაგები (საკვების, სასმლისა და თამბაქოს ჩათვლით) მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე თავისუფლდება ყველა ტიპის გადასახდელის, იმპორტის გადასახდელის, შემოწმების საფასურისა და სხვა მსგავსი გადასახდელებისაგან, იმ პირობით თუ ამგვარი მოწყობილობები, მასალები და მარაგები დარჩება ამ საჰაერო ხომალდის ბორტზე მათი რე-ექსპორტის განხორციელებამდე, ან მათი გამოყენება ან მოხმარება მოხდება ამ საჰაერო ხომალდში აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაფრენისას.

2. ფასიანი მომსახურებებისთვის დაწესებული გადასახდელის გარდა, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადასახდელის, ბაჟის, მოსაკრებლებისა და გადასახდელებისგან თავისუფლდება ასევე:

a) საბორტო მარაგი, რომელიც ატანილ იქნა ბორტზე ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, დადგენილ საზღვრებში, და რომელიც განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის გამფრენი რეისის ბორტზე გამოყენებისთვის;

b) სათადარიგო ნაწილები, მათ შორის, ძრავები, რომლებიც შეტანილია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტექნიკური მომსახურების ან რემონტისთვის;

c) საწვავი, საპოხი და სახარჯი ტექნიკური მასალები, რომლებიც შეტანილი ან მიწოდებულია ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და განკუთვნილია მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო ხაზებზე ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის მოსამარაგებლად, მაშინაც კი თუ ეს მასალები ექვემდებარება გამოყენებას მარშრუტის იმ მონაკვეთში, რომელიც იმ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის ზემოთაა, სადაც მოხდა მათი ბორტზე ატანა;

d) ავიასაწარმოს დოკუმენტები, როგორიცაა ავიაბილეთები და ავიაზედნადებები, ასევე სარეკლამო მასალები, გონივრულობის ფარგლებში, რომლებიც განკუთვნილია ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ გამოსაყენებლად და შეტანილია მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე.

3. შესაძლებელია სავალდებულო იყოს ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებულ მასალებზე შესაბამისი ორგანოების საბაჟო ზედამხედველობის ან კონტროლის დაწესება.

4. ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ბორტზე არსებული ჩვეულებრივი საბორტე მოწყობილობები, ასევე მასალები, მარაგები და სათადარიგო ნაწილები შეიძლება გადმოიტვირთოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მხოლოდ ამ ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოების ნებართვით. ასეთ შემთხვევაში, მათზე შეიძლება გავრცელდეს აღნიშნული ორგანოების ზედამხედველობა მანამ, სანამ მოხდება მათი რე-ექსპორტი ან სხვაგვარად განკარგვა საბაჟო რეგულაციების შესაბამისად.

5. ბარგი და ტვირთი, რომლის პირდაპირი ტრანზიტი ხორციელდება ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიის გავლით, თავისუფლდება გადასახადების, იმპორტის გადასახდელისა და სხვა მსგავსი გადასახდელებისგან, რომლებიც არ უკავშირდება შესვლისას ან გასვლისას გაწეულ მომსახურებათა საფასურს.

6. ამ მუხლით გათვალისწინებული გადასახდელებისგან გათავისუფლება ასევე ვრცელდება შემთხვევებზე, როდესაც ერთი ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები აფორმებენ კონტრაქტს სხვა ავიასაწარმოსთან, რომელიც მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ ანალოგიურადვე გათავისუფლებულია გადასახდელისაგან, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული ნივთების იჯარით გაცემის ან გადაცემის მიზნით.

მუხლი 7

ტევადობასთან დაკავშირებული დებულებები

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უზრუნველყოფს, რომ ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები სარგებლობდნენ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად საერთაშორისო საჰაერო მომსახურებათა განხორციელებისა და გაყიდვის სამართლიანი და თანასწორი შესაძლებლობით.  

2. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ნებას დართავს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თავად განსაზღვროს მის მიერ შეთავაზებული საერთაშორისო საჰაერო მომსახურებების სიხშირე და ტევადობა, ბაზრის კომერციულ მიდგომებზე დაყრდნობით.

3. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე ცალმხრივად არ შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ განხორციელებული მომსახურების ტევადობას, სიხშირეს ან რეგულარობას, ან მის მიერ ექსპლუატირებული საჰაერო ხომალდის ტიპს ან ტიპებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ამგვარი შეზღუდვა განპირობებულია საბაჟო, ტექნიკური, საექსპლუატაციო ან გარემოსდაცვითი მოთხოვნებით, კონვენციის მე-15 მუხლით განსაზღვრული ერთგვაროვანი პირობების შესაბამისად.

4. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ წაუყენებს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოს პირველი უარის მოთხოვნას, არ შეზღუდავს მას დატვირთვის კოეფიციენტით, არ დააკისრებს პრეტენზიის გამოუთქმელობის გადასახადს, ან დატვირთვასთან, ფრენების სიხშირესთან ან გადაზიდვებთან დაკავშირებულ ნებისმიერ სხვა მოთხოვნას, რომელიც შეუსაბამო იქნებოდა წინამდებარე შეთანხმების მიზნებთან.

5. მომსახურების დაწყებამდე, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოები, მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას წინასწარ წარუდგენენ დასამტკიცებლად მომსახურების განრიგს, რომელშიც მიუთითებენ ფრენის სიხშირეს, ხომალდის ტიპს და ამ განრიგის ძალაში ყოფნის პერიოდს. მსგავსი მოთხოვნები ეხება ნებისმიერ ცვლილებას.

6. თუ დანიშნულ ავიასაწარმოს სურს დამტკიცებულ განრიგში შეტანილ რეისებზე დამატებით განახორციელოს რეისები, მან უნდა მიიღოს წინასწარი ნებართვა შესაბამისი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებისაგან.

მუხლი 8

ტარიფები

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარე უფლებას აძლევს თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს თავად დააწესოს საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის ტარიფები ბაზარზე არსებული კომერციული მოსაზრებებიდან გამომდინარე. ხელშემკვრელ მხარეთა ჩარევა შემოიფარგლება:

a) გაუმართლებლად დისკრიმინაციული ტარიფების ან პრაქტიკის თავიდან აცილებით;

b) მომხმარებელთა დაცვით გაუმართლებლად მაღალი ან შემზღუდველი ეფექტის მქონე ტარიფებისგან, რომელიც გამოწვეულია დომინანტური პოზიციის ბოროტად გამოყენებით; და

c) ავიასაწარმოების დაცვით ხელოვნურად დაბალი ტარიფებისგან, რომელიც პირდაპირი ან არაპირდაპირი სახელმწიფო სუბსიდიების ან მხარდაჭერის შედეგია.

2. ხელშემკვრელ მხარეებს არ უნდა მოეთხოვებოდეთ თავიანთ ტერიტორიებს შორის საერთაშორისო საჰაერო გადაზიდვებისთვის დაწესებული ტარიფების შესახებ ინფორმაციის წარდგენა. არც ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ არ უნდა მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოსგან ჩარტერული გადაზიდვებისთვის დაწესებული ტარიფების შეტყობინება ან წარდგენა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ეს საჭიროა საინფორმაციო მიზნით, არადისკრიმინაციულ საფუძველზე. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულმა ავიასაწარმოებმა ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებისთვის, მოთხოვნის შემთხვევაში, უნდა უზრუნველყონ არსებულ და შეთავაზებულ ტარიფებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა, ამ საავიაციო ხელისუფლებისათვის მისაღები წესითა და ფორმატით, წინამდებარე მუხლის მიზნებისთვის.

3. თუ წინამდებარე მუხლით სხვაგვარად არ არის გათვალისწინებული, არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივად მიიღოს ისეთი ზომა, რომელიც ხელს შეუშლის საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ შეთავაზებული ან დაწესებული ტარიფის ამოქმედებას ან მოქმედების გაგრძელებას.

4. თუ ხელშემკვრელი მხარე მიიჩნევს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვაზე შეთავაზებული ტარიფი შეუსაბამობაში მოდის ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებებთან, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა და უმოკლეს ვადაში აცნობოს მეორე ხელშემკვრელ მხარეს თავისი უკმაყოფილების მიზეზი. კონსულტაციები უნდა გაიმართოს ასეთი მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს ოცდაათი (30) დღისა და ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა ითანამშრომლონ აღნიშნული საკითხის კეთილგონივრულად გადაჭრისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდების კუთხით. იმ შემთხვევაში, თუ ხელშემკვრელმა მხარეებმა მიაღწიეს შეთანხმებას იმ ტარიფზე, რომელთან დაკავშირებითაც გამოითქვა უკმაყოფილება, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ყველა ღონეს იხმარს ამ შეთანხმების ასამოქმედებლად. ასეთი ორმხრივი შეთანხმების არარსებობის შემთხვევაში, ძალაში დარჩება მანამდე არსებული ტარიფი.

მუხლი 9

ავიასაწარმოს წარმომადგენლობა და გაყიდვები

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე, იქ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, თავისუფლად გახსნან და ოპერირება გაუწიონ თავიანთ ოფისებსა და სამსახურებს და ჰყავდეთ ადმინისტრაციული, კომერციული, ტექნიკური, ოპერაციული და სხვა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული პერსონალი, რომელიც საჭიროა შესაბამისი დანიშნული ავიასაწარმოს მოთხოვნების შესასრულებლად.

2. მხარეთა ავიასაწარმოებს არ მოეთხოვებათ ჰყავდეთ ადგილობრივი სპონსორი.

3. ხელშემკვრელ მხარეთა დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ პირდაპირ ან, დანიშნული ავიასაწარმოს არჩევნისამებრ, აგენტის, ავიასაწარმოს მიერ დანიშნული სხვა შუამავლების, ან ინტერნეტის, ან ნებისმიერი სხვა არხის მეშვეობით, თავიანთი სამგზავრო დოკუმენტაციის გამოყენებით, გაყიდონ საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურება და მასთან დაკავშირებული მომსახურებები ორივე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. გაყიდვები ნებადართულია ადგილობრივ ან ნებისმიერ სხვა თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში. არც ერთი ხელშემკვრელი მხარე არ შეზღუდავს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოს მიერ ამგვარი გადაყვანა-გადაზიდვის მომსახურების გაყიდვის და ნებისმიერი პირის მიერ მისი ყიდვის უფლებას.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს უფლება აქვთ ადგილობრივი ხარჯები, მათ შორის, და არა მხოლოდ, საწვავის შესყიდვის ხარჯები, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აანაზღაურონ ადგილობრივ ვალუტაში. თავიანთი შეხედულებისამებრ, თითოეული ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ აღნიშნული ხარჯები მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე აანაზღაურონ თავისუფლად კონვერტირებად ვალუტაში, საბაზრო სავალუტო კურსით.

5. თითოეული ხელშემკვრელი მხარე მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებს მიანიჭებს უფლებას თავისუფლად კონვერტირებად ვალუტებში დააკონვერტირონ და ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ფორმით, მოთხოვნისამებრ, მათ მიერ არჩეულ ქვეყანაში გადარიცხონ ადგილობრივად მიღებულ შემოსავლებსა და გაწეულ ხარჯებს შორის განსხვავება. ამგვარი გადარიცხვის განხორციელება ნებადართულია ავიასაწარმოს მიერ გადარიცხვაზე პირველი განაცხადის გაკეთების დღეს, შემოსავლების კონვერტაციისა და გადარიცხვის დღეს მოქმედი იმ სავალუტო კურსით, რომელიც გამოიყენება მიმდინარე ფინანსურ ოპერაციებთან მიმართებაში, რაიმე გადასახდელის, შეზღუდვის ან დაყოვნების გარეშე, გარდა ბანკების მიერ ჩვეულებრივ დაწესებული გადასახდელებისა და პროცედურებისა.

მუხლი 10

სახმელეთო მომსახურება

თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე უფლება აქვს თავად შეასრულოს სახმელეთო მომსახურება ან, საკუთარი არჩევანისამებრ, სახმელეთო მომსახურების მთლიანად ან ნაწილობრივ გაწევის მიზნით, გაუფორმოს კონტრაქტი ნებისმიერ იმ მიმწოდებელს, რომელსაც გააჩნია ამგვარი მომსახურების გაწევის უფლება. თუ ერთი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე სახმელეთო მომსახურების მიმართ მოქმედი კანონმდებლობა გამორიცხავს ან ზღუდავს სახმელეთო მომსახურების მისაღებად კონტრაქტის გაფორმების ან თვითმომსახურების შესაძლებლობას, თითოეულ დანიშნულ ავიასაწარმოს არადისკრიმინაციულ საფუძველზე ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს თვითმომსახურებით, ან მიმწოდებლის ან მიმწოდებელთა მიერ გაწეული სახმელეთო მომსახურებით.

მუხლი 11

მომხმარებლის გადასახდელი

1. თითოეული ხელშემკვრელი მხარის გადასახდელის ამკრეფი კომპეტენტური ორგანოების ან სამსახურების მიერ მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოებისთვის დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი უნდა იყოს სამართლიანი, გონივრული, არა გაუმართლებლად დისკრიმინაციული და სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელთა შორის თანასწორად გადანაწილებული. ნებისმიერ შემთხვევაში, მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოების დაბეგვრა უნდა განხორციელდეს იმაზე არანაკლებ ხელსაყრელი პირობებით, როგორითაც სარგებლობს ნებისმიერი სხვა ავიასაწარმო გადასახდელების დაწესების მომენტში.

2. მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოებისთვის დაწესებული მომხმარებლის გადასახდელი შესაძლებელია ასახავდეს, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს გადასახდელის ამკრეფი კომპეტენტური ორგანოების ან სამსახურების მიერ აეროპორტში ან აეროპორტის სისტემის ფარგლებში სააეროპორტო, ეკოლოგიური, სანავიგაციო და საავიაციო უსაფრთხოების საშუალებების უზრუნველყოფისა და მომსახურებების გაწევის სრულ ხარჯს. ამგვარი სრული ხარჯი შეიძლება მოიცავდეს გონივრულ უკუგებას აქტივებზე, მათი ამორტიზაციის შემდეგ. დაბეგრილი საშუალებები და მომსახურებები უზრუნველყოფილი უნდა იქნეს რენტაბელურ და ეკონომიურ საფუძველზე.

3. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს კონსულტაციების გამართვას თავის გადასახდელის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებს ან სამსახურებს და იმ ავიასაწარმოებს შორის, რომლებიც სარგებლობენ მომსახურებებითა და საშუალებებით, და ხელი უნდა შეუწყოს გადასახდელის ამკრეფ კომპეტენტურ ორგანოებს ან სამსახურებს და ავიასაწარმოებს შორის ისეთი ინფორმაციის გაცვლას, რომელიც აუცილებელია ამ მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში მითითებული პრინციპების შესაბამისად გადასახდელების გონივრულობის ზუსტად შესაფასებლად. თითოეულმა ხელშემკვრელმა მხარემ უნდა უზრუნველყოს, რომ გადასახდელის ამკრეფმა კომპეტენტურმა ორგანოებმა მომხმარებლის გადასახდელის  ცვლილების თაობაზე ნებისმიერი წინადადების შესახებ მომხმარებლებს აცნობონ შეძლებისდაგვარად ადრე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები ცვლილებების ამოქმედებამდე.

4. წინამდებარე შეთანხმების მე-16 მუხლის შესაბამისად დავების გადაწყვეტის პროცედურების მიმდინარეობისას, არც ერთ ხელშემკვრელ მხარეს არ დაეკისრება პასუხისმგებლობა ამ მუხლის რომელიმე დებულების დარღვევისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც: (i) ის გონივრულ ვადაში ვერ ახერხებს იმ გადასახდელის ან პრაქტიკის განხილვას, რომელიც წარმოადგენს მეორე ხელშემკვრელი მხარის სარჩელის საგანს; ან (ii) ამგვარი განხილვის შემდეგ, ის ვერ ახერხებს თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ყველა ზომის მიღებას ნებისმიერი ისეთი გადასახდელისგან პრაქტიკის გამოსასწორებლად, რომელიც წინამდებარე მუხლთან შეუსაბამობაშია.

მუხლი 12

ფრენის უსაფრთხოება

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია ნებისმიერ დროს მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა უსაფრთხოების იმ სტანდარტების შესახებ, რომლებსაც მეორე ხელშემკვრელი მხარე იყენებს საავიაციო ინფრასტრუქტურასთან, საჰაერო ხომალდის ეკიპაჟთან, საჰაერო ხომალდთან ან მის ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სფეროში. კონსულტაციები ჩატარდება ამგვარი მოთხოვნიდან ოცდაათი (30) დღის განმავლობაში.

2. თუ, ამგვარი კონსულტაციების შედეგად, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე აღმოაჩენს, რომ მეორე ხელშემკვრელი მხარე ვერ უზრუნველყოფს პირველ პუნქტში მითითებულ სფეროებში უსაფრთხოების სტანდარტების ეფექტიანად შესრულებასა და დაცვას, კონვენციით იმ დროისთვის დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, მეორე ხელშემკვრელ მხარეს ეცნობება ამგვარი დასკვნებისა და იმ ზომების შესახებ, რომელთა გატარებაც მიიჩნევა აუცილებლად აღნიშნული სტანდარტების შესრულების მიზნით. ამის შემდგომ მეორე ხელშემკვრელი მხარე მიიღებს შესაბამის გამასწორებელ ზომებს შეთანხმებულ ვადაში.

3. კონვენციის მე-16 მუხლის გათვალისწინებით, ხელშემკვრელი მხარეები თანხმდებიან, რომ ერთი ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს მიერ ექსპლუატირებული ნებისმიერი საჰაერო ხომალდი, რომელიც ახორციელებს გადაზიდვებს მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიისკენ ან ტერიტორიიდან, მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ყოფნისას, შეიძლება დაექვემდებაროს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებების უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ შემოწმებას, იმ პირობით თუ ეს არ გამოიწვევს საჰაერო ხომალდის უმართებულოდ დაყოვნებას. კონვენციის 33-ე მუხლში მითითებული ვალდებულებების მიუხედავად, შემოწმების მიზანია დადგინდეს საჰაერო ხომალდის დოკუმენტაციისა და მისი ეკიპაჟის ლიცენზიების ნამდვილობა და ის, რომ საჰაერო ხომალდისა და მისი მოწყობილობების მდგომარეობა შეესაბამება კონვენციის შესაბამისად იმ დროისთვის დადგენილ სტანდარტებს.

4. როდესაც გადაუდებელი მოქმედება აუცილებელია საჰაერო ხომალდის უსაფრთხო ოპერირების უზრუნველსაყოფად, თითოეული ხელშემკვრელი მხარე იტოვებს უფლებას დაუყოვნებლივ შეაჩეროს ან შეცვალოს მეორე ხელშემკვრელი მხარის ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოების ექსპლუატაციის ნებართვა.

5. ერთი ხელშემკვრელი მხარის მიერ მე-4 პუნქტის შესაბამისად მიღებული ნებისმიერი ზომა შეწყვეტს მოქმედებას, როგორც კი აღარ იარსებებს ამგვარი ზომის მიღების საფუძველი.

6. მე-2 პუნქტთან დაკავშირებით, თუ გადაწყდება, რომ, შეთანხმებული ვადის გასვლის შემდეგაც კი, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარე კვლავ ვერ ასრულებს კონვენციის შესაბამისად იმ დროისთვის დადგენილ სტანდარტებს, აღნიშნულის შესახებ უნდა ეცნობოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) გენერალურ მდივანს. ამ უკანასკნელს ასევე უნდა ეცნობოს არსებული სიტუაციის შემდგომი დამაკმაყოფილებლად გადაწყვეტის შესახებაც.

7. თუ ერთმა ხელშემკვრელმა მხარემ დანიშნა ავიასაწარმო, რომლის ნორმატიულ კონტროლს ახორციელებს და უზრუნველყოფს მესამე სახელმწიფო, ამ მუხლით გათვალისწინებული მეორე ხელშემკვრელი მხარის უფლებები ანალოგიურად გამოიყენება მესამე სახელმწიფოს მიერ უსაფრთხოების სტანდარტების მიღებასთან, განხორციელებასთან ან უზრუნველყოფასთან, და აღნიშნული ავიასაწარმოს საექსპლუატაციო ნებართვასთან მიმართებაში.

მუხლი 13

საავიაციო უშიშროება

1. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულება დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება კანონსაწინააღმდეგო ქმედებათაგან, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ, სახელდობრ: „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის კონვენციის; „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ჰააგის 1970 წლის 16 დეკემბრის კონვენციის; „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის“ მონრეალის 1971 წლის 23 სექტემბრის კონვენციის; „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ მონრეალის 1988 წლის 24 თებერვლის ოქმის;  „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ მონრეალის 1991 წლის 1 მარტის კონვენციის, ისევე როგორც სამოქალაქო საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედი ნებისმიერი შეთანხმების შესაბამისად, რომლის მხარესაც წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარე.

2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა საფრთხე.

3. ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO) შემუშავებული საავიაციო უშიშროების დებულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება როგორც კონვენციის დანართები იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც უშიშროების ეს დებულებები და მოთხოვნები ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეებზე. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა მოითხოვონ, რომ საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა რეგისტრაციის ადგილი მათ ტერიტორიაზეა, ან საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა ძირითადი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა, იმოქმედონ საავიაციო უშიშროების აღნიშნულ დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებმა დაიცვან მე-3 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები და მოთხოვნები, როგორც ამას მოითხოვს მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის, ან ტერიტორიაზე ყოფნისთვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების ეფექტიანად გატარებას, საჰაერო ხომალდის დაცვისა და ჩასხდომა-ჩატვირთვამდე ან პროცესში მგზავრების, ეკიპაჟის, ხელბარგის, ბარგის, ტვირთისა და ბორტზე არსებული მარაგების შემოწმების მიზნით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე დადებითად გადაწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც შეეხება კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით, გონივრულობის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღებას.

5. თუ ადგილი აქვს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ინციდენტს, ან ამგვარი ინციდენტის საფრთხეს, ან სხვა უკანონო ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებისა და სხვა სათანადო ღონისძიებათა განხორციელების გზით, რომელთა მიზანია ამგვარი ინციდენტის ან მისი საფრთხის აღკვეთა შეძლებისდაგვარად სწრაფად და უსაფრთხოდ.

6. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს სათანადო საფუძველი აქვს ვარაუდისთვის, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის საავიაციო უშიშროების დებულებებს, პირველი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან დაუყოვნებელი კონსულტაციების ჩატარება. ამგვარი მოთხოვნიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს წარმოადგენს  მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებისთვის ექსპლუატაციის უფლებასა და ტექნიკურ ნებართვაზე უარის თქმის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების ან პირობების დაწესების საფუძველს. გადაუდებელ შემთხვევებში, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დროებითი ზომები მიიღოს თხუთმეტ (15) დღიანი ვადის ამოწურვამდეც. წინამდებარე პუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი ზომა მოქმედებას შეწყვეტს როგორც კი მეორე ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს ამ მუხლით გათვალისწინებულ უშიშროების დებულებებს.

მუხლი 14

ინტერმოდალური გადაზიდვები

წინამდებარე შეთანხმების ნებისმიერი სხვა დებულების მიუხედავად, ორივე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმოები და სატვირთო გადაზიდვების არაპირდაპირი მიმწოდებლები, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, უფლებამოსილნი იქნებიან, საერთაშორისო საჰაერო გადაყვანა-გადაზიდვებთან დაკავშირებით, გამოიყენონ ნებისმიერი სახმელეთო სატრანსპორტო საშუალება სატვირთო გადაზიდვებისთვის ხელშემკვრელ მხარეთა ან მესამე ქვეყნების ტერიტორიებზე არსებული ნებისმიერი პუნქტისკენ ან პუნქტიდან, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებები საბაჟო სამსახურების მქონე ყველა აეროპორტისკენ და აეროპორტიდან, და ასევე მათ შორის, გირაოდ დატოვებული ტვირთის გადაზიდვის უფლება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამგვარ სატრანსპორტო საშუალებებს, იქნება ის სახმელეთო თუ საჰაერო, უნდა ჰქონდეს წვდომა აეროპორტების საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან. დანიშნულ ავიასაწარმოებს შეუძლიათ თავად განახორციელონ სახმელეთო ტრანსპორტირება, ან უზრუნველყონ ის სხვა სახმელეთო გადამზიდველებთან  შეთანხმებების გაფორმების გზით, რაც მოიცავს ასევე სახმელეთო ტრანსპორტირების განხორციელებას სხვა ავიასაწარმოების ან საჰაერო სატვირთო გადაზიდვების არაპირდაპირი მიმწოდებლების მიერ. ამგვარი ინტერმოდალური მომსახურება შეიძლება შეთავაზებულ იქნეს ერთიანი საფასურის გადახდის საფუძველზე საჰაერო და სახმელეთო ტრანსპორტირებისთვის კომბინირებულად, იმ პირობით, რომ გადამზიდველები ინფორმირებულნი იქნებიან ამგვარ ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ფაქტების შესახებ.

მუხლი 15

სამართლიანი კონკურენცია

აუცილებლობის შემთხვევაში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე, თავისი იურისდიქციის ფარგლებში, გაატარებს ყველა სათანადო ზომას ყველა სახის დისკრიმინაციული ან არაკეთილსინდისიერი ანტიკონკურენციული პრაქტიკის აღმოსაფხვრელად, რომელიც ნეგატიურ ზემოქმედებას ახდენს მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნული ავიასაწარმო(ებ)ის კონკურენტულ პოზიციაზე.

მუხლი 16

კონსულტაციები და დავების გადაწყვეტა

1. მჭიდრო თანამშრომლობის სულისკვეთებით, თითოეული ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გამართვა წინამდებარე შეთანხმების განხორციელების, ინტერპრეტაციის, გამოყენების და მასთან სათანადო შესაბამისობის უზრუნველყოფის საკითხებზე. კონსულტაციები დაიწყება ამგვარი მოთხოვნის მიღებიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ საავიაციო ხელისუფლებები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

2. ნებისმიერი დავა, რომლის გადაწყვეტაც კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკებების გზით ვერ ხერხდება, რომელიმე ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია განსახილველად გადაეცეს მედიატორს ან დავების რეგულირების ჯგუფს. ამგვარი მედიატორი ან ჯგუფი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მედიაციის განხორციელების, დავის არსებითად გადაწყვეტის, ან სამართლებრივი დაცვის საშუალების რეკომენდირების, ან დავის გადაჭრის მიზნით.

3. ხელშემკვრელი მხარეები წინასწარ შეათანხმებენ მედიატორის ან ჯგუფის უფლებამოსილების ფარგლებს, სახელმძღვანელო პრინციპებს, ან კრიტერიუმებს და მედიატორთან ან ჯგუფთან წვდომის პირობებს. აუცილებლობის შემთხვევაში, ისინი ასევე განიხილავენ შუალედური ღონისძიების გამოყენების და იმ მხარის მონაწილეობის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება უშუალოდ დაზარალდეს დავის შედეგად, მარტივი, მოქნილი და სწრაფი პროცესის მიზნისა და საჭიროების გათვალისწინებით.

4. მედიატორი ან ჯგუფის წევრები შეიძლება დაინიშნონ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სათანადო კვალიფიკაციის მქონე საერთაშორისო საავიაციო ექსპერტთა რიგებიდან. ექსპერტის ან ექსპერტთა შერჩევა დასრულდება მედიატორისთვის ან ჯგუფისთვის წარსადგენი მოთხოვნის მიღებიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში. თუ ხელშემკვრელი მხარეები ვერ შეთანხმდებიან ექსპერტის ან ექსპერტთა შერჩევაზე, შერჩევას განახორციელებს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საბჭოს პრეზიდენტი. აღნიშნულ მექანიზმში ჩართულ ნებისმიერ ექსპერტს უნდა გააჩნდეს დავის საგნის განხილვის ზოგადი კვალიფიკაცია.

5. მედიაციის პროცესი უნდა დასრულდეს მედიატორის ან ჯგუფის ჩართვიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, და ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის, თუ ამის საჭიროება არსებობს, ნებისმიერი რეკომენდაცია გაცემული უნდა იქნეს ექსპერტის ან ექსპერტთა ჩართვიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში. ხელშემკვრელი მხარეები შეიძლება წინასწარ შეთანხმდნენ იმაზე, რომ მედიატორმა ან ჯგუფმა მოსარჩელისთვის გამოიყენოს დროებითი უზრუნველყოფის ღონისძიება და ამ შემთხვევაში გადაწყვეტილება თავიდანვე უნდა იქნეს გამოტანილი.

6. ხელშემკვრელი მხარეები კეთილსინდისიერად ითანამშრომლებენ მედიაციის პროცესის ხელშეწყობისა და მედიატორის ან ჯგუფის გადაწყვეტილების ან განჩინების განხორციელების მიზნით, თუ ისინი გადაწყვეტილების ან განჩინების შესრულებასთან დაკავშირებით სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. თუ ხელშემკვრელი მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან, რომ მოითხოვენ მხოლოდ ფაქტების დადგენას, ისინი აღნიშნულ ფაქტებს გამოიყენებენ დავის გადასაწყვეტად.

7. ამ მექანიზმთან დაკავშირებული ხარჯები განისაზღვრება პროცესის დასაწყისშივე და თანაბრად გადანაწილდება, ამასთან, გათვალისწინებულია ხარჯების ხელახალი გადანაწილების შესაძლებლობაც საბოლოო გადაწყვეტილების საფუძველზე.

8. მექანიზმი არ ზღუდავს საკონსულტაციო პროცესის გაგრძელებას, არბიტრაჟის შემდგომ გამოყენებას ან შეთანხმების მოქმედების შეწყვეტას მე-19 მუხლის შესაბამისად.

მუხლი 17

ცვლილებები

1. თუ რომელიმე ხელშემკვრელი მხარე სასურველად მიიჩნევს წინამდებარე შეთანხმების რომელიმე დებულების შეცვლას, მას შეუძლია მოითხოვოს კონსულტაციების გამართვა მეორე ხელშემკვრელ მხარესთან. ამგვარი კონსულტაციები დაიწყება ამგვარი მოთხოვნიდან სამოცი (60) დღის განმავლობაში, თუ ორივე ხელშემკვრელი მხარე აღნიშნული ვადის გაგრძელებაზე არ შეთანხმდება. ამგვარი კონსულტაციების ფარგლებში შეთანხმებული ნებისმიერი ცვლილება დამტკიცდება თითოეული ხელშემკვრელი მხარის მიერ თავისი სამართლებრივი პროცედურების შესაბამისად და ძალაში შევა შეთანხმების 21-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის დებულებათა მიუხედავად, მხოლოდ დანართთან დაკავშირებული ცვლილებები შეიძლება შეთანხმდეს ხელშემკვრელ მხარეთა საავიაციო ხელისუფლებებს შორის და ძალაში შედის შეთანხმებისამებრ, ხელშემკვრელ მხარეთა შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 18

მრავალმხრივი კონვენციები

თუ ორივე ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებაში ძალაში შევა საჰაერო მიმოსვლის შესახებ რომელიმე მრავალმხრივი კონვენცია, უპირატესობა მიენიჭება აღნიშნულ კონვენციას. წინამდებარე მუხლის მე-16 მუხლის შესაბამისად შესაძლებელია გაიმართოს კონსულტაციები, რათა განისაზღვროს, რამდენად ახდენს ზემოქმედებას აღნიშნული მრავალმხრივი კონვენცია წინამდებარე შეთანხმებაზე.

მუხლი 19

მოქმედების შეწყვეტა

1. თითოეულ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეწყვიტოს ამ შეთანხმების მოქმედება, მეორე მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ამგვარი შეტყობინება ამავდროულად უნდა გაეგზავნოს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO).

2. ამ შემთხვევაში, შეთანხმება მოქმედებას შეწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ შეტყობინების მიღების დღიდან თორმეტი (12) თვის შემდეგ, თუ ამ ვადის გასვლამდე, ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, არ განხორციელდა აღნიშნული შეტყობინების უკან გამოთხოვა. თუ მეორე ხელშემკვრელი მხარე არ დაადასტურებს შეტყობინების მიღებას, შეტყობინება მიღებულად ჩაითვლება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ მისი მიღებიდან თოთხმეტი (14) დღის შემდეგ.

მუხლი 20

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO) რეგისტრაცია

წინამდებარე შეთანხმება და მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება რეგისტრირდება სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციაში (ICAO).

მუხლი 21

ძალაში შესვლა

წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელშემკვრელი მხარეების მიერ ამ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის აუცილებელი შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხებით, უკანასკნელი წერილობითი შეტყობინების მიღების დღიდან მომდევნო თვის პირველ დღეს.

ამის დასტურად, ქვემორე ხელისმომწერნი და შესაბამისი მთავრობების მიერ უფლებამოსილებით აღჭურვილნი, ხელს აწერენ წინამდებარე შეთანხმებას ორ დედნად, თითოეული ქართულ და ინგლისურ ენებზე. ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტურია. ამ შეთანხმების დებულებათა განსხვავებული განმარტების შემთხვევაში, უპირატესობა ენიჭება ტექსტს ინგლისურ ენაზე.

შესრულებულია კუალა ლუმპურში, 2024 წლის 23 ოქტომბერს.

 

(ხელმოწერილია)

 

(ხელმოწერილია)

საქართველოს მთავრობის  სახელით

რუანდის რესპუბლიკის მთავრობის სახელით

 


 

 

📎 დანართები (2)
ნორმატიული-აქტი-2 ⬇

დანართი

მარშრუტების განრიგი

1. მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ორივე მიმართულებით ექსპლუატაციას საქართველოს დანიშნული ავიასაწარმოების მიერ:

საწყისი პუნქტები

შუალედური პუნქტები

დანიშნულების პუნქტები

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმიერი პუნქტი

საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი რუანდაში

ნებისმიერი პუნქტი

2. მარშრუტები, რომლებიც ექვემდებარება ორივე მიმართულებით ექსპლუატაციას რუანდის რესპუბლიკის დანიშნული ავიასაწარმოების მიერ:

საწყისი პუნქტები

შუალედური პუნქტები

დანიშნულების პუნქტები

პუნქტები საზღვრებს გარეთ

ნებისმიერი პუნქტი რუანდაში

ნებისმიერი პუნქტი

ნებისმიერი პუნქტი საქართველოში

ნებისმიერი პუნქტი

3. ჰაერის მეხუთე თავისუფლებით სარგებლობის უფლება წარმოადგენდეს ორივე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებებს შორის დამატებითი შეთანხმების საგანს.

4. ერთი ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ დანიშნულ ავიასაწარმოს, მისი დამნიშვნელი ხელშემკვრელი მხარის კანონმდებლობის შესაბამისად, შეუძლია გააფორმოს მარკეტინგული თანამშრომლობის ისეთი შეთანხმება, როგორიცაა ზიარი კოდის გამოყენების შესახებ შეთანხმება:

(a) რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე დაფუძნებულ რომელიმე ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან; ან

(b) მესამე მხარის ავიასაწარმოსთან ან ავიასაწარმოებთან. თუ ეს მესამე მხარე არ იძლევა უფლებას ან ნებართვას გაფორმდეს ანალოგიური შეთანხმებები მეორე ხელშემკვრელი მხარის დანიშნულ ავიასაწარმოებსა და სხვა ავიასაწარმოებს შორის მესამე ქვეყნის ტერიტორიიდან და მისი გავლით გადაყვანა-გადაზიდვის განხორციელების მიზნით, ხელშემკვრელ მხარეებს უფლება აქვთ არ მიიღონ ამგვარი შეთანხმებები.

თუმცა, ზემოაღნიშნული დებულებები ექვემდებარება შემდეგ პირობებს:

(a) ამგვარ შეთანხმებებში მონაწილე ექსპლუატანტ ავიასაწარმოებს უნდა გააჩნდეს გადაზიდვების განხორციელების უფლება, და

(b) ყველა ავიასაწარმო უნდა აკმაყოფილებდეს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ვრცელდება მომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდების შესახებ შეთანხმებებსა და ინფორმაციის მიწოდების პროცედურებზე.

ნორმატიული-აქტი-3 PDF ⬇

PDF ჩვენება მიუწვდომელია. გახსნა ახალ ჩანართში ↗

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება?
დიახ, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 23.10.2024.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება?
„საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება მიღებულია 23.10.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №159-2. სარეგისტრაციო კოდი — 480610000.03.030.016872.
სად არის „საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 23.10.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და რუანდის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმება, №159-2, 23.10.2024, სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016872 (კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6987333/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 23.10.2024. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება