1. საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლებებისა და ვალდებულებების შესაბამისად, მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ნაკისრი ვალდებულება დაიცვან სამოქალაქო ავიაციის უშიშროება კანონსაწინააღმდეგო ქმედებათაგან, წარმოადგენს ამ შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. საერთაშორისო სამართლის საფუძველზე მინიჭებული უფლებებისა და ნაკისრი ვალდებულებების ზოგადი ხასიათის შეუზღუდავად, ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ, სახელდობრ: „საჰაერო ხომალდში ჩადენილ დანაშაულთა და ზოგიერთი სხვა მოქმედების შესახებ“ ტოკიოს 1963 წლის 14 სექტემბრის კონვენციის; „საჰაერო ხომალდის გატაცების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ ჰააგის 1970 წლის 16 დეკემბრის კონვენციის; „სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ უკანონო აქტებთან ბრძოლის“ მონრეალის 1971 წლის 23 სექტემბრის კონვენციის; „საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის მომსახურე აეროპორტებში ძალადობის უკანონო აქტებთან ბრძოლის თაობაზე“ მონრეალის 1988 წლის 24 თებერვლის ოქმის;  „პლასტიკური ფეთქებადი ნივთიერებების ნიშანდების შესახებ მათი გამოვლენის მიზნით“ მონრეალის 1991 წლის 1 მარტის კონვენციის, ისევე როგორც სამოქალაქო საავიაციო უშიშროების სფეროში მოქმედი ნებისმიერი შეთანხმების შესაბამისად, რომლის მხარესაც წარმოადგენს ორივე ხელშემკვრელი მხარე.

2. მოთხოვნის საფუძველზე, ხელშემკვრელი მხარეები ყოველგვარ აუცილებელ დახმარებას აღმოუჩენენ ერთმანეთს, რათა თავიდან იქნეს აცილებული სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდება და საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრების, ეკიპაჟის, აეროპორტებისა და სანავიგაციო საშუალებების უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა უკანონო ქმედებები და სამოქალაქო ავიაციის უშიშროების წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი სხვა საფრთხე.

3. ხელშემკვრელი მხარეები იმოქმედებენ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (ICAO) შემუშავებული საავიაციო უშიშროების დებულებებისა და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც განისაზღვრება როგორც კონვენციის დანართები იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც უშიშროების ეს დებულებები და მოთხოვნები ვრცელდება ხელშემკვრელ მხარეებზე. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა მოითხოვონ, რომ საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა რეგისტრაციის ადგილი მათ ტერიტორიაზეა, ან საჰაერო ხომალდის იმ ექსპლუატანტებმა, რომელთა ძირითადი საქმიანობის ადგილი ან მუდმივი ადგილსამყოფელი მათ ტერიტორიაზეა, იმოქმედონ საავიაციო უშიშროების აღნიშნულ დებულებათა შესაბამისად.

4. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თანახმაა, რომ საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტებმა დაიცვან მე-3 პუნქტში მოცემული საავიაციო უშიშროების დებულებები და მოთხოვნები, როგორც ამას მოითხოვს მეორე ხელშემკვრელი მხარე ამ მეორე ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე შესვლის, ტერიტორიიდან გასვლის, ან ტერიტორიაზე ყოფნისთვის. თითოეული ხელშემკვრელი მხარე თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს შესაბამისი ზომების ეფექტიანად გატარებას, საჰაერო ხომალდის დაცვისა და ჩასხდომა-ჩატვირთვამდე ან პროცესში მგზავრების, ეკიპაჟის, ხელბარგის, ბარგის, ტვირთისა და ბორტზე არსებული მარაგების შემოწმების მიზნით. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ასევე დადებითად გადაწყვეტს მეორე ხელშემკვრელი მხარის ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც შეეხება კონკრეტულ საფრთხესთან დაკავშირებით, გონივრულობის ფარგლებში, უსაფრთხოების სპეციალური ზომების მიღებას.

5. თუ ადგილი აქვს სამოქალაქო საჰაერო ხომალდის უკანონოდ ხელში ჩაგდების ინციდენტს, ან ამგვარი ინციდენტის საფრთხეს, ან სხვა უკანონო ქმედებებს, რომლებიც მიმართულია ამ საჰაერო ხომალდის, მისი მგზავრებისა და ეკიპაჟის, აეროპორტების ან სანავიგაციო საშუალებათა უსაფრთხოების წინააღმდეგ, ხელშემკვრელი მხარეები დაეხმარებიან ერთმანეთს კომუნიკაციის გაადვილებისა და სხვა სათანადო ღონისძიებათა განხორციელების გზით, რომელთა მიზანია ამგვარი ინციდენტის ან მისი საფრთხის აღკვეთა შეძლებისდაგვარად სწრაფად და უსაფრთხოდ.

6. როდესაც ერთ ხელშემკვრელ მხარეს სათანადო საფუძველი აქვს ვარაუდისთვის, რომ მეორე ხელშემკვრელმა მხარემ გადაუხვია ამ მუხლის საავიაციო უშიშროების დებულებებს, პირველი ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებას შეუძლია მოითხოვოს მეორე ხელშემკვრელი მხარის საავიაციო ხელისუფლებასთან დაუყოვნებელი კონსულტაციების ჩატარება. ამგვარი მოთხოვნიდან თხუთმეტი (15) დღის განმავლობაში დამაკმაყოფილებელი შეთანხმების მიუღწევლობა წარმოადგენს წარმოადგენს  მეორე ხელშემკვრელი მხარის მიერ დანიშნული ავიასაწარმოს ან ავიასაწარმოებისთვის ექსპლუატაციის უფლებასა და ტექნიკურ ნებართვაზე უარის თქმის, გაუქმების, მოქმედების შეჩერების ან პირობების დაწესების საფუძველს. გადაუდებელ შემთხვევებში, ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია დროებითი ზომები მიიღოს თხუთმეტ (15) დღიანი ვადის ამოწურვამდეც. წინამდებარე პუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი ზომა მოქმედებას შეწყვეტს როგორც კი მეორე ხელშემკვრელი მხარე შეასრულებს ამ მუხლით გათვალისწინებულ უშიშროების დებულებებ