1. ა) საძიებელი საარქივო ცნობარია, რომელიც წარმოადგენს საარქივო დოკუმენტებში ხსენებული საგნების სახელწოდებების (დასახელებების) ანბანური, სისტემატური ან სხვა რომელიმე ნიშნის მიხედვით შედგენილ ნუსხას მათი საძებნი მონაცემების მითითებით.
ბ) საძიებლები დაწესებულების არქივში შეიძლება იყოს ფონდთაშორისი, შიგაფონდური, ფორმის მიხედვით – ელექტრონული, ფურცლობრივი ან საბარათო, რუბრიკის სტრუქტურის მიხედვით – ყრუ (საგნობრივი ცნებები და მათი საძებნი მონაცემები) და ანოტირებული (საგნობრივ ცნებებს ახლავს განმარტებანი), საძიებლების შიგნით ცნებათა დაჯგუფების მიხედვით – ანბანური, სისტემატური, ქრონოლოგიური.
გ) საძიებლები შეიძლება შედგეს შესანახი ერთეულების სათაურებთან (მათი გადათვალიერების გარეშე) ან დოკუმენტებთან (შესანახი ერთეულების გადათვალიერებით).
დ) საძიებლების ძირითადი სახეობებია: საგნობრივი (მისი ნაირსახეობები – თემატური, სახეობრივი, გეოგრაფიული), ქრონოლოგიური. საძიებლის შიგნით ცნებათა დაჯგუფების მიხედვით – ანბანური, სისტემატური და ქრონოლოგიური საძიებლები.
2. დოკუმენტთა საძიებლები შეიძლება შედგეს ერთი ანაწერის, ფონდის რამდენიმე ანაწერის, მთელი ფონდის, რამდენიმე ფონდის დოკუმენტებზე.
3. ა) ნებისმიერი სახის საძიებლის აღწერილობითი სტატია შედგება საგნობრივი ცნებისა (რუბრიკისა) და საძებნი მონაცემებისაგან. საძიებლის დანიშნულების მიხედვით რუბრიკა შეიძლება იყოს: მარტივი (არ ახლავს ქვერუბრიკები); რთული (გააჩნია ქვერუბრიკა ან ცნების განსაზღვრა).
ბ) ერთი ანაწერის შესანახი ერთეულების საძიებლის საძებნ მონაცემებში შედის შესანახი ერთეულების რიგითი ნომრები; ერთი არქივის რამდენიმე ფონდის შესანახი ერთეულების საძიებლის საძებნ მონაცემებს ემატება ანაწერების, ფონდების ნომრები.
4. თემატური საძიებელი შეიცავს ცნებებს, რომლებიც წარმოადგენს ისტორიულ ფაქტებს და მოვლენებს. მასში რუბრიკებისა და ქვერუბრიკების დასახელებები მოცემულია სახელობით ბრუნვაში.
5. ა) საგნობრივი საძიებელი შეიცავს ცნებებს, რომლებიც განლაგებულია ანბანური წესით.
ბ) საერთო საგნობრივი საძიებელი შეიცავს სხვადასხვაგვაროვან ცნებებს და რუბრიკების სტრუქტურის მიხედვით შეიძლება იყოს მხოლოდ ყრუ.
გ) სპეციალური საგნობრივი საძიებელი შეიცავს ერთგვაროვან ცნებებს (დოკუმენტთა სახეობებს, ავტორთა გვარებს, დაწესებულებების, მათი სტრუქტურული ნაწილების სახელწოდებებს, დარგების სახელწოდებებს და ა.შ.) და შეიძლება იყოს ყრუ ან ანოტირებული.
დ) სახეობრივი საძიებელი აიგება ანბანური ნიშნის მიხედვით და შეიცავს სახელებს, გვარებს (ფსევდონიმებს, მეტსახელებს), ბიოგრაფიულ ცნობებს.
ე) გეოგრაფიული საძიებელი მოიცავს სახელმწიფოების, ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების, მდინარეებისა და სხვა გეოგრაფიული ცნებების დასახელებებს.
ვ) განზოგადებული ცნებები თუ ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დასახელებები შეიტანება საძიებელში განმარტების გარეშე.
6. ქრონოლოგიური საძიებელი შედგება რუბრიკებისაგან, რომლებიც მოიცავს ისტორიული ამბების, მოვლენებისა და ფაქტების ან დოკუმენტების თარიღებს. რუბრიკები განლაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით.
7. საძიებელში გამოიყენება საერთო (,,იხ.“) და კერძო (,,იხ. აგრეთვე“) მითითებების სისტემა, რომელთა დახმარებით დგება კავშირი ცნებათა შორის.
8. საარქივო ცნობარების საძიებლები შეიძლება იმავე სახეობების იყოს და ჰქონდეს იგივე სტრუქტურა, მაგრამ მითითების საძებნ მონაცემებში აღნიშნული უნდა იყოს ცნობარის გვერდები ან განყოფილებები (კატალოგებისათვის)
დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ · რედაქცია 15.06.2007
მუხლი 57. საძიებლები
თავი VIII — არქივის დოკუმენტების სამეცნიერო-საცნობარო აპარატი
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 51. ფონდის საქმე
- მუხლი 52. დეპოზიტურ შესანახად არსებული საქმეებისა და დოკუმენტების აღრიცხვა
- მუხლი 53. სააღრიცხვო მონაცემთა ბაზების წარმოება
- მუხლი 54. სამეცნიერო-საცნობარო აპარატის სისტემა
- მუხლი 55. საქმეთა, დოკუმენტთა ანაწერები
- მუხლი 56. კატალოგები და საუწყებო კარტოთეკები
- მუხლი 58. მიმოხილვები
- მუხლი 59. ისტორიული ცნობა
- მუხლი 60. არქივის ავტომატიზებული სამეცნიერო-საცნობარო აპარატი
- მუხლი 61. არქივის დოკუმენტების გამოყენების ცნება
- მუხლი 62. მოქალაქეთა და დაწესებულებათა სოციალურ-სამართლებრივი ხასიათის შეკითხვების შესრულება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „დაწესებულებათა არქივების მუშაობის წესების შესახებ“, მუხლი 57, №174, 15.06.2007, სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.027.010.463 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.06.2007). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/71008/muxli-57/