1. ამ დებულებაში გამოიყენებულ ტერმინებს აქვს “ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში მოცემული განმარტებები.
2. დებულების მიზნებისათვის გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) აუნაზღაურებადი დანახარჯები – გაწეული საინვესტიციო დანახარჯების ის მოცულობა, რომლის ანაზღაურებაც, საქმიანობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას შეუძლებელია გონივრულ ვადაში;
ბ) ბაზარზე შესვლის დაბრკოლება (არასისტემური ბარიერი) – გარემოება ან მოქმედი ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის ერთობლივი ქმედება, რომელიც ზღუდავს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ახალი ავტორიზებული პირის (ბაზარზე შემომსვლელი ახალი ეკონომიკური აგენტის) მიერ საქმიანობის დაწყებას, ამ სეგმენტზე ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას ან მიღებას, მის შესაძლებლობას კონკურენცია გაუწიოს მოქმედ აგენტებს და უფრო ფართო და ხელმისაწვდომი გახადოს მომხმარებლებისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება;
გ) ბაზარზე შესვლის სისტემური დაბრკოლება – დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც განაპირობებს ეკონომიკური აგენტის მიერ ბაზრის შესაბამის სეგმენტზე საქმიანობის დაწყების ან საქმიანობის წარუმატებლად განხორცილების შემთხვევაში, მინიმალური ფინანსური დანაკარგებით (დანახარჯებით), მისი შეწყვეტის შეუძლებლობას. ამგვარი დაბრკოლება არ არის განპირობებული ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკრეტული ავტორიზებული პირის ან პირთა ჯგუფის ქმედებით და დაკავშირებულია ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში საქმიანობის განხორციელების საერთო ეკონომიკურ რისკ-ფაქტორებთან, მათ შორის: საქმიანობის წამოწყებისას აუნაზღაურებადი კაპიტალური დანახარჯების მაღალ წილთან, აქტივების დაბალ ლიკვიდურობასთან, საფონდო ბაზრის ინფრასტრუქტურის განუვითარებლობასთან, ეკონომიკური აგენტის დაბალ საფონდო კაპიტალიზაციასთან, ბიზნეს-საქმიანობის შეწყვეტის მაღალ ტრანზაქციულ ხარჯებთან და სხვა. ბაზარზე შესვლის სისტემურ დაბრკოლებად განიხილება ავტორიზებული პირების საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული მარეგულირებელი გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე რისკ-ფაქტორებიც;
დ) ბაზრის სტრუქტურა – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციისათვის დამახასიათებელი რაოდენობრივი და თვისობრივი მაჩვენებლების (ფაქტორების) ერთობლიობა, რომელიც მოიცავს: ბაზრის შესაბამისი სეგმენტის ტევადობას, ამ სეგმენტზე მოქმედი ავტორიზებული პირების რაოდენობას, მათ მიერ დაკავებულ ფარდობით წილებს (გაზომვის შესაბამის ერთგვაროვან ერთეულებში), საბაზრო კონცენტრაციის მაჩვენებლებს, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების ოდენობას, ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სხვა მაჩვენებლებს;
ე) გონივრული ვადა – დროის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურული მახასიათებლებისა და დინამიკური ფაქტორების გათვალისწინებით, კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შედეგად კომისიის მიერ მიღებული მარეგულირებელი ხასიათის გადაწყვეტილებები პერსპექტივაში არსებით გავლენას მოახდენს კონკურენციის პირობებზე;
ვ) დელტა – შერწყმამდე და ამ ტრანზაქციის სავარაუდო განხორციელების შემდეგ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონცენტრაციის მაჩვენებლის (HHI) რაოდენობრივი ცვლილება;
ზ) დისკრიმინაციული სატარიფო პოლიტიკა – მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებისათვის (სეგმენტირებულ ბაზარზე) ერთი და იმავე სახის და მოცულობის მომსახურების განსხვავებული ტარიფებით მიწოდება ან შეთავაზება (III ხარისხის დისკრიმინაცია), ან მომხმარებლისათვის განსხვავებული ტარიფებით სხვადასხვა მოცულობის მომსახურების მიწოდება ან შეთავაზება (II ხარისხის დისკრიმინაცია) ან სხვადასხვა მომხმარებლებისათვის მომსახურების ერთეული მოცულობის განსხვავებული ტარიფებით მიწოდება ან შეთავაზება (I ხარისხის დისკრიმინაცია);
თ) დისკრიმინაცია – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ სხვა ავტორიზებული პირებისათვის ან მომხმარებლებისათვის, არსებითად მსგავსი გარემოებებისა და ეკვივალენტური მოთხოვნების პირობებში, საკუთარი ქსელის შესაბამის ელემენტებთან, მათ ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვების ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სახეების მიწოდების არაერთგვაროვანი პირობების შეთავაზება ან დადგენა;
ი) ეკონომიკური აგენტი – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფაზე ან ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებაზე კომისიის მიერ ავტორიზებული პირი, რომელიც განურჩევლად რეზიდენტობისა, საწარმოს ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, საქართველოს ტერიტორიაზე ეწევა სამეწარმეო (ეკონომიკურ) საქმიანობას ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების სფეროში;
კ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საცალო ბაზრის სეგმენტი – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების (პროდუქტის) ბაზრის შესაბამისი სეგმენტი, სადაც ავტორიზებული პირი ახორციელებს ბოლო მომხმარებლისათვის საერთო სარგებლობის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას;
ლ) ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საბითუმო ბაზრის სეგმენტი – ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების (პროდუქტის) ბაზრის შესაბამისი სეგმენტი, სადაც ავტორიზნული საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით უზრუნველყოფას და საკუთარი ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალურ რესურსებთან და სიმძლავრეებთან დაშვებას ან/და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების საბითუმო მიწოდებას სხვა მსურველი ავტორიზებული პირისათვის, მის მიერ ავტორიზებული საქმიანობის განსახორციელებლად;
მ) ერთობლივი ქმედება – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე ავტორიზებული პირების შეთანხმებული (კოორდინირებული) მოქმედება, მათ შორის ისეთი სახის, რომელიც არ გამომდინარეობს ამ პირებს შორის სახელშეკრულებო ან სხვა ურთიერთობებიდან (აფილირებული პირები). ერთობლივ ქმედებად განიხილება იმგვარი გარემოებაც, როდესაც ბაზრის საცალო ან საბითუმო სეგმენტზე ჩამოყალიბებული მდგომარეობა, მისი სტრუქტურა ან ქსელებს შორის ინფრასტრუქტურული კავშირი ხელს უწყობს ავტორიზებულ პირებს ცალ-ცალკე და დამოუკიდებლად განახორციელონ კორელირებული მოქმედებები, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ ბაზრის ამ სეგმენტებზე მათ მიერ საბაზრო ძალაუფლების მოპოვებას ან შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბებას;
ნ) კომპლემენტარული მომსახურების სახეები – ურთიერთდამატებითი მომსახურების სახეების ჯგუფი, სადაც ერთი მომსახურების სახეზე მოთხოვნის ფარდობითი ზრდა შედეგად იწვევს მეორე მომსახურებაზე მოთხოვნის ფარდობით ზრდას;
ო) მასშტაბით განპირობებული ეკონომია (მასშტაბის ეკონომია) – ავტორიზებული პირის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების (ან პროდუქტის) პირობით ერთეულზე გაწეული საშუალო დანახარჯების შემცირების ეფექტი, რომელიც განპირობებულია გაწეული მომსახურების საერთო მოცულობის ზრდით;
პ) მომსახურების სახეების მრავალფეროვნებით განპირობებული ეკონომია (მრავალფეროვნების ეკონომია) – ავტორიზებული პირის მიერ მომხმარებლისათვის მიწოდებული მომსახურების (ან პროდუქტის) პირობით ერთეულზე გაწეული საშუალო დანახარჯების შემცირების ეფექტი, რომელიც განპირობებულია ერთგვაროვანი ტექნოლოგიური პროცესით მიწოდებული მომსახურების მრავალფეროვანი სახეობების საერთო მოცულობის ზრდით;
ჟ) მიწოდების მხარის ჩანაცვლების ელასტიურობა – ავტორიზებული პირის მიერ მიწოდებული (ან დაგეგმილი) მომსახურების მოცულობის ფარდობითი ზრდა, რომელიც განპირობებულია ამ მომსახურების სახეზე ფასების (ტარიფების) საერთო დონის ფარდობითი ზრდით;
რ) მყიდველის უპირატესი ძალაუფლება – მონოპსონიურ (ან მაღალკონცენტრირებულ ოლიგოპსონიურ) ბაზრის სეგმენტზე მომხმარებლის საბაზრო უპირეტესობა მომსახურების მიმწოდებელთან შედარებით, როდესაც მან შეიძლება არსებითი გავლენა მოახდინოს მიმწოდებლის მიერ მომსახურების პირობების, მათ შორის: მიწოდებული მომსახურების მოცულობის, ტარიფების და სხვა დაკავშირებული პირობების დადგენაზე;
ს) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების კროსელასტიურობა – მომსახურების სახეზე მოთხოვნილი (ან მოხმარებული) მოცულობის ფარდობითი ცვლილების შეფარდება მეორე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეზე სატარიფო განაკვეთის ფარდობით ცვლილებასთან;
ტ) მოთხოვნის მხარის ჩანაცვლების დანახარჯი – დამატებითი ერთჯერადი ან განმეორებადი დანახარჯი, რომელიც უნდა გასწიოს მომხმარებელმა ერთი მომსახურების სახის ურთიერთშენაცვლებადი მომსახურებით ჩანაცვლებისას. ენდოგენური ჩანაცვლების დანახარჯები დაკავშირებულია მომსახურების მიღებისას მომხმარებლის მხრიდან დამატებითი ხარჯების გაწევასთან, როგორიცაა, მაგალითად, საცნობარო მომსახურების მიღებისათვის ან ანგარიშსწორებისათვის სერვისცენტრში მისვლის (სატრანსპორტო) დანახარჯები. ეგზოგენული ჩანაცვლების დანახარჯები დაკავშირებულია მომსახურების ჩანაცვლებისას ავტორიზებული პირის (ან პირების) მიერ მომხმარებლისათვის დამატებითი დანახარჯის დაკისრებასთან, მაგალითად ავტორიზებულ პირებს შორის გაფორმებული დაშვების ხელშეკრულების პირობების შესაძლო ცვლილებისას დამატებითი ხარჯის გაწევის მოთხოვნასთან;
უ) მომსახურების ბაზრის შესაბამისი სეგმენტის საზღვრების დადგენა – ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას ჩატარებული კვლევისა და ანალიზის საფუძველზე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მიკუთვნებული ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჯგუფის და შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრების განსაზღვრა;
ფ) მონოპსონიური ბაზრის სტრუქტურა – ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურული ანალიზის შეფასება, როდესაც ამ სეგმენტზე ჩამოყალიბებულია კონკურენტული მოთხოვნა მხოლოდ ერთი მომხმარებლის მხრიდან;
ქ) მომსახურების დივერსიფიცირებული ნაკრები – მომსახურების ნაკრებში (კალათაში) სხვადასხვა მომსახურების სახეების ჩართვა და ერთგვაროვანი ტარიფით მომხმარებლისათვის მიწოდება;
ღ) ოლიგოპოლიური ბაზრის სტრუქტურა – ბაზრის შესაბამისი სეგმენტის სტრუქტურული ანალიზის შეფასება, როდესაც ამ სეგმენტზე საქმიანობას (მომსახურების მიწოდებას) ახორციელებენ მცირე რაოდენობის (3-დან 9-მდე) ეკონომიკური აგენტები, მომხმარებლების მხრიდან კონკურენტული მოთხოვნა საკმარისად მაღალია და თითოეულ ეკონომიკურ აგენტს საკუთარი ქმედებით შეუძლია გავლენა იქონიოს სხვა მოქმედი ეკონომიკური აგენტების ქმედებებზე ან გადაწყვეტილებებზე და გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ცვლილებები ბაზრის სტრუქტურაში;
ყ) საერთაშორისო ბენჩმარკი – საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაში, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების სფეროში საქმიანობის რაიმე მაჩვენებლის, მაგალითად ტარიფების აბსოლუტური დონის, აგრეთვე მათი თანაფარდობების, ელასტიკურობის და სხვა მაჩვენებლების შეფასებითი ოდენობა;
შ) საბაზრო უპირატესობა – ავტორიზებული პირის ისეთი ტექნოლოგიური, საავტორო-საპატენტო, ფინანსურ-ეკონომიკური, ქსელების ინფრასტრუქტურულ-ორგანიზაციული ხასიათის ან სხვა სახის უპირატესობა, რომლის ფლობა ბაზრის შესაბამის სეგმენტზე მის მიერ შესვლის დაბრკოლებების ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია და რომლის მოპოვება იმავე ბაზრის შესაბამის სეგმენტზე სხვა ავტორიზებული პირებისათვის რთული და დროში ხანგრძლივი პროცესია, ან მოითხოვს მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციების განხორციელებას;
ჩ) სატარიფო სუბსიდირება – ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის მიერ ერთი მომსახურების სახიდან ან მომხმარებელთა ერთი ჯგუფიდან მიღებული შემოსავლებით მეორე მომსახურების სახეზე ან მეორე მომხმარებელთა ჯგუფის მომსახურებაზე გაწეული დანახარჯების დაფინანსება;
ც) ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეები – სახის, ხარისხის, საფასურის და სხვა მახასიათებლების მიხედვით ერთგვაროვანი მომსახურების სახეები, რომლებიც ფუნქციური დანიშნულების, გამოყენების თავისებურებების, ხარისხის, ტარიფების დონეებისა და სხვა სამომხმარებლო მახასიათებლების მიხედვით ერთობლიობაში იმდენად მსგავსია, რომ მომხმარებელი ცვლის ან მზადაა შეცვალოს ერთი მომსახურება მეორეთი;
ძ) ფაქტორის მიმართ ელასტიკურობა – მომხმარებლის მხრიდან მოთხოვნილი ან მიმწოდებლის მხრიდან მიწოდებული მომსახურების (ან პროდუქტის) მოცულობის ფარდობითი ცვლილება, რომელიც განპირობებულია რაიმე ფაქტორის (მაგალითად ფასების დონის, მომხმარებლის საერთო შემოსავლების ან სხვა) ფარდობითი ცვლილებით;
წ) ჰიპოთეზური მონოპოლისტის ტესტი – რაოდენობრივი ანალიზის ჰიპითეზური დაშვება, რომლის დროსაც ანალიზდება რაიმე ანალიზური ფაქტორის ან მაჩვენებლის ფარდობითი ცვლილება, რომელიც განპირობებულია მცირე (5%-დან 10%-მდე), მაგრამ მნიშვნელოვანი და არაგარდამავალი ხასიათის ტარიფების დონეების ფარდობითი ცვლილებით. მაგალითად, მომსახურების სახეზე ტარიფის ფარდობითი მატებით ამ მომსახურების სახეზე განცალკევებული შემოსავლის ფარდობითი ცვლილების შეფასება ან ტარიფების ცვლილების შემთხვევაში ურთიერთშენაცვლებადობის რაოდენობრივი მახასიათებლების ან გეოგრაფიული არეალის საზღვრების ფარდობითი ცვლილების რაოდენობრივი შეფასება და სხვა.
კონკურენციის წინასწარი რეგულირე