1. კომისიამ უნდა დაიცვას ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის ჩატარებასთან დაკავშირებით ავტორიზებული პირების მიერ მიწოდებული იმ ინფორმაციის კონფიდენციალობა, რომელიც ითვლება კომერციულ ან პირად საიდუმლოებად, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად.

2. განზოგადებული ინფორმაცია ბაზრის შესაბამისი სეგმენტის შესახებ, აგრეთვე ძირითადი და მეორეული კრიტერიუმების რაოდენობრივი მაჩვენებლები, მათ შორის: მონაცემები ავტორიზებული პირის ბოლო მომხმარებელთა ან აბონენტთა რაოდენობის, დროის პერიოდში მიწოდებული მომსახურების ჯამური მოცულობის (ტრაფიკის), მის საკუთრებაში არსებული ქსელის შესაბამისი ელემენტების ფუნქციონალური რესურსების დატვირთული და თავისუფალი სიმძლავრეების (მათი რეზერვების ჩათვლით) ოდენობის, ავტორიზებული საქმიანობის სახეებზე განცალკევებულად მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების შესახებ, ასევე ანალიზური ფაქტორების აგრეგირებული მაჩვენებლები, რომლებიც გაიანგარიშება კომისიისათვის მიწოდებული საჯარო თუ კომერციული-საიდუმლო მონაცემების გამოყენებით და დაკავშირებულია კონკრეტულ ავტორიზებულ პირთან, ან ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბებასთან, არ წარმოადგენს ავტორიზებული პირის კომერციულ საიდუმლოებას.

3. კონკურენციის წინასწარი რეგულირებისას კომისიის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის საფუძველზე, გარდა სახელმწიფო, კომერციული ან პირადი საიდუმლოების შემცველი ნაწილებისა, ქვეყნდება ინტერნეტში კომისიის ვებგვერდზე. ასევე საჯაროდ ქვეყნდება შემდეგი ინფორმაცია:

ა) ბაზრის შესაბამის და მჭიდროდ დაკავშირებულ სეგმენტებზე ურთიერთშენაცვლებადი მომსახურების სახეების ჩამონათვალი და შესაბამისი გეოგრაფიული საზღვრები, მათი განმსაზღვრელი კრიტერიუმებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების მითითებით;

ბ) ავტორიზებული პირების სია, რომელთაც ბაზრის შესაბამის სეგმენტზე აქვთ მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლება, ამ ძალაუფლების ხასიათი;

გ) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ავტორიზებული პირისათვის დაკისრებული სპეციფიკური ვალდებულებები და ამ ვალდებულებების შესრულების კონკრეტული პირობები;

დ) იმ ძირითადი ან მეორეული ფაქტორებისა და კრიტერიუმების აღწერილობა, რომელთა ანალიზის შედეგად დადგინდა ავტორიზებული პირი ან ერთობლივად მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირთა ჯგუფი და დაეკისრათ კონკრეტული სპეციფიკური ვალდებულება.

4. შერწყმის ან წილის შეძენის წინასწარი რეგულირებისას კომისიის მიერ ბაზრის შესაბამისი სეგმენტის კონკურენტულობის მახასიათებლებზე შერწყმის ან წილის შეძენის შესაძლო გავლენის გამოკვლევის კონფიდენციალობა დაცულია. კონკრეტული შერწყმის ან წილის შეძენის გამოკვლევის შედეგებთან დაკავშირებული ინფორმაცია იმ ნაწილში, რომელიც არ წარმოადგენს ტრანზაქციაში მონაწილე ავტორიზებული პირების კომერციულ საიდუმლოებას და ხელს უწყობს ბაზრის შესაბამის სეგმენტზე კონკურენტული გარემოს შენარჩუნებას, ქვეყნდება საჯაროდ ინტერნეტში კომისიის ვებგვერდზე.

თავი IV

წინასწარი რეგულირების მიზნით კონკურენტულობის კვლევისა და ანალიზის ჩატარებისას ბაზრის შესაბამისი და მჭიდროდ დაკავშირებული სეგმენტების განსაზღვრის პროცედურები და კრიტერიუმე