1. მაგისტრანტობის კანდიდატს უფლება აქვს ტესტის ნაწილის შეფასების თაობაზე, გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად, წარადგინოს საპრეტენზიო განაცხადი საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად მიღებული ქულების გამოქვეყნებიდან 5 დღის ვადაში გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ ადგილზე.
2. მაგისტრანტობის კანდიდატის საპრეტენზიო განაცხადში მითითებული უნდა იყოს ტესტის ნაწილის იმ დავალების ნომერი, რომლის თაობაზეც წარდგენილია პრეტენზია.
3. პრეტენზიის წარდგენისას მაგისტრანტობის კანდიდატმა თან უნდა იქონიოს:
ა) საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი;
ბ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტი;
გ) ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი;
დ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი, ასევე ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი.
4. საპრეტენზიო განაცხადები თავს იყრის გამოცდების ეროვნულ ცენტრში, სადაც ისინი დახარისხდება და დაიგზავნება შესაბამის საპრეტენზიო კომისიებში. საპრეტენზიო განაცხადს განიხილავს კომისიის წევრი, რომლის ანონიმურობა დაცულია დაშიფვრის ინდივიდუალური სისტემის მეშვეობით.
5. საპრეტენზიო კომისია განიხილავს მხოლოდ ტესტის ნაწილის იმ დავალების შეფასების სისწორეს, რომელიც მითითებული იყო საპრეტენზიო განაცხადში. საპრეტენზიო განაცხადში ტესტის ნაწილის ან დავალების ნომრის მითითების არარსებობის შემთხვევაში განიხილება შესაბამისად ტესტში ან ტესტის ნაწილში შემავალი ყველა დავალების შეფასების სისწორე.
6. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ საპრეტენზიო კომისიის დასკვნა საპრეტენზიო განაცხადის წარდგენის პროცესის დასრულებიდან 10 დღის ვადაში ეგზავნება საპრეტენზიო საბჭოს.
7. საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილებები გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განმცხადებლებს ეცნობებათ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ადგილზე საპრეტენზიო განცხადებების წარმოდგენის პროცესის დასრულებიდან არა უგვიანეს 20 დღისა.
თავი VI
საერთო სამაგისტრო გამოცდის საბოლოო შედეგებ