„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2017
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/42/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2017-02-13
ბიუროს ნომერი 30

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 62) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 48-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ1) ინფორმაცია შეეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება. ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად;“. 2. 49-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) პაციენტის ან/და მისი ოჯახის წევრის მიმართ ადგილი აქვს ქალთა მიმართ ძალადობას ან/და ოჯახში ძალადობას და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ევროპის საბჭოს მიერ 2011 წლის 11 მაისს მიღებულ იქნა კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ („სტამბულის კონვენცია“). აღნიშნულ კონვენციას საქართველომ ხელი მოაწერა 2014 წლის 19 ივნისს, რომლის რატიფიკაციაც ახლა დგას დღის წესრიგში. სარატიფიკაციო პროცედურების წარმატებით წარმართვისათვის კი აუცილებელია საქართველოს კანონმდებლობის კონვენციის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანა. სტამბულის კონვენცია ავალდებულებს ხელშემკვრელ სახელმწიფოებს ქვეყანაში ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობისაგან დაცვის ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების ჩამოყალიბებას. კერძოდ, კონვენციის 28-ე მუხლის შესაბამისად, კონფიდენციალურობის წესების დაცვამ ხელი არ უნდა შეუშალოს სპეციალისტებს, შეატყობინონ კომპეტენტურ ორგანიზაციებს ან ხელისუფლების ორგანოებს, თუკი მათ გონივრული საფუძველი აქვთ, ივარაუდონ, რომ ჩადენილია როგორც ოჯახში ძალადობის, ისე ქალთა მიმართ ძალადობის აქტი და რომ, სავარაუდოდ, მოსალოდნელია ძალადობის შემდგომი განმეორება. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევა, ქალთა მიმართ და ოჯახში გამოვლენილი ძალადობის ფაქტების აღკვეთა და პრევენცია, მსხვერპლის უფლებრივი სივრცის გაფართოება მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის და მიერ სტამბულის კონვენციის რატიფიკაციასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გამოხატული ნების შესაბამისად კონვენციით გათვალისწინებული საკითხების შესაბამის საკანონმდებლო აქტებში იმპლემენტაცია. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: სტამბულის კონვენციასთან შესაბამისობის მიზნით წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე და 49-ე მუხლებში და განისაზღვრება, რომ დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს არა მხოლოდ ოჯახში ძალადობის, არამედ ქალთა მიმართ ნებისმიერი ძალადობის შემთხვევაშიც ექნება სახელმწიფო ორგანოსთვის მიმართვის და პაციენტის ან მისი ოჯახის წევრის პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლება. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ცვლილებას ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტით არ დგინდება ფინანსური შედეგი იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის გადასახდელის დადგენას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებული ვალდებულებებს. პირიქით, კანონპროექტის მიხედვით მოხდება საქართველოს იმპლემენტაცია ეროვნულ დონეზე. მიერ ხელმოწერილი ევროპული კონვენციის გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ხელშეკრულებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა სისხლის სამართლის კანონმდებლობის სამუშაო ჯგუფთან, რომელიც შექმნილია სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან სახელმწიფო უწყებათა და შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები. სამუშაო პროცესში განსაკუთრებით აქტიურად იყვნენ ჩართულნი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში, კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“, საქართველოს სახალხო დამცველი, გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UNWOMEN), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, კონვენციის იმპლემენტაციის საკითხებთან დაკავშირებით კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაციები იმართებოდა აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციასთან „საფარი“. კანონპროექტთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა კონსულტაციები გამართა აგრეთვე საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სადაც წინამდებარე რეფორმის პროექტის გარშემო დისკუსიებში მონაწილეობას იღებდნენ ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის იმ მუხლის (მუხლების) მოქმედი სრული რედაქცია, რომელშიც (რომლებშიც) წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება, მათ შორის ხდება მისი (მათი) ამოღება მუხლი 48. ინფორმაციის კონფიდენციალობა 1. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალობა როგორც საექიმო საქმიანობის განხორციელებისას, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, როგორც პაციენტის სიცოცხლეში, ისე მისი სიკვდილის შემდეგ. 2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს გაამჟღავნოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და პირადი ცხოვრების შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია, თუ: ა) პაციენტი აძლევს ინფორმაციის გამჟღავნების უფლებას; ბ) ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხეს უქმნის მესამე პირის (რომლის ვინაობაც ცნობილია) ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს; გ) თუ არსებობს დასაბუთებული ეჭვი სავალდებულო აღრიცხვას დაქვემდებარებულ დაავადებაზე; დ) ინფორმაცია მიეწოდება სამედიცინო მომსახურების მონაწილე სხვა სამედიცინო პერსონალს; ე) ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისათვის; ვ) ინფორმაციის გამჟღავნებას, სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მოითხოვენ სამართალდამცველი ორგანოები; ვ1) ინფორმაცია შეეხება ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს ან/და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება და ეს ინფორმაცია მიეწოდება მხოლოდ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად; ზ) ინფორმაცია მიეწოდება სახელმწიფო ორგანოებს პაციენტისათვის სოციალური შეღავათების დაწესების მიზნით. ამ შემთხვევაში აუცილებელია ინფორმაციის გამჟღავნებაზე პაციენტის თანხმობა; თ) სასწავლო-სამეცნიერო მიზნით ინფორმაციის გამოყენებისას მონაცემები ისეა წარმოდგენლი, რომ შეუძლებელია პიროვნების იდენტიფიკაცია. მუხლი 49. პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში ჩარევა დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტს უფლება აქვს ჩაერიოს პაციენტის ოჯახურ და პირად ცხოვრებაში, თუ: ა) ჩარევა აუცილებელია პაციენტის დაავადების პრევენციისათვის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პალიატიური მზრუნველობისათვის. ამ შემთხვევაში საჭიროა პაციენტის თანხმობა; ბ) ჩაურევლობა სერიოზულ საფრთხეს უქმნის პაციენტის ოჯახის წევრების ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს; გ) პაციენტზე ან/და მისი ოჯახის წევრზე ხორციელდება ოჯახში ძალადობა და არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება, თუკი ჩარევა აუცილებელია პაციენტის უფლებებისა და ინტერესების დასაცავად.