„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
25.12.2014
ავტორი
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/287/8
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 70 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2014-12-29
ბიუროს ნომერი 241

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა;“. 2. მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას.“. 3. მე-8 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) პატიმრობის კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ შემთხვევაში პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის წერილობითი ბრძანება“. ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, თუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ხორციელდება კონკრეტული ფაქტის შესწავლის და გაანალიზების მიზნით მისი ხანგძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს, ხოლო თუ იგი ხორცილდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, შეიძლება გაგრძელდეს ამ პირის მიერ სასჯელის მოხდის ვადის დასრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოპერატიულსამძებრო ღონისძიების დაწყების საფუძველი მანამდე არ აღმოიფხვრა.“. 4. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დეპარტამენტისა და პენიტენციური დაწესებულებების უსაფრთხოების სამსახურებსა და საგამოძიებო დეპარტამენტს;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2015 წლის 1 აპრილიდან. საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართელოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: კანონპროექტის მიღება გამოწვეულია მოცემულ საკანონმდებლო პაკეტში შემავალი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული სასღელაღსრულების სფეროს ინსტიტუციური რეფორმის ფარგლებში პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურების მუშაობის სტანდარტების მოდერნიზაცითა და მათ საქმიანობის ახლებური რეგლამენტაციით. ა.ბ) კანონპროექტის მიზანი: კანონპროექტი მიზნად ისახავს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურების საქმიანობის ახლებურ მოწესრიგებას; სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სისტემაში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ სუბიექტთა მინიმალიზაციას, მომავალში ამ უფლების მქონე სამსახურთა კოორდინაციის ხარისხის ზრდას, მათ საქმიანობაში თანამედროვე სტანდარტების დანერგვას საუკეთესო უცხოური პრაქტიკის გათვალისწინებით და ამ გზით მათი მუშაობის ეფექტიანობის ზრდას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის უფლება ერთმევა სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას. ოპერატიულსამძებრო საქმიანობის უფლება რჩება სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, პენიტენციურ დეპარტამენტსა და პატიმრობისა და დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურებს. ძლიერდება თავისუფლების აღკვეთის და ახალ სტანდარტებზე გადადის პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში უსაფრთხოების სამსახურების ანალიტიკური საქმიანობა უცხოური საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით. შემოდის პენიტენციური დაწესებულების მართვის საინფორმაციოანალიტიკური უზრუნველყოფის სისტემა, რომელიც კონკრეტული მიზნებით გარკვეული ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების შესაძლებლობას ქმნის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების გამოყენებით. ამასთან, ცვლილების თანახმად, კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც, კონკრეტული ფაქტის შესწავლის და გაანალიზების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება შესაძლებელია განხორციელდეს არა უმეტეს 12 თვისა, ხოლო თუ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, შესაძლებელია აღნიშნული ვადა გაგრძელდეს ამ პირის მიერ სასჯელის მოხდის ვადის დასრულებამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების დაწყების საფუძველი მანამდე არ აღმოიფხვრა. ბ) კანონპროექტის ფინანსური დასაბუთება: ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ იწვევს ფინანსურ დანახარჯებს. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები: სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.გ) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომლებზეც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის ოდენობა და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს, ან სხვა სახის გადასახდელს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის დირექტივებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ შეთანხმებებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები. მასში აღინიშნება: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში ექსპერტები ჩართული არ ყოფილან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების) ან/და ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინსისტრო ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა.
იმ მუხლების მოქმედი რედაქცია, რომლებშიც წარმოდგენილი კანონპროექტით შედის ცვლილება
მოქმედი მუხლის სრული რედაქცია, რომელშიც კანონპროექტის მიხედვით შედის ცვლილება მუხლი 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანები ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის ამოცანებია: ა) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენა , აღკვეთა და თავიდან აცილება ; ბ) იმ პირის დადგენა , რომელიც ამზადებს , სჩადის ან რომელსაც ჩადენილი აქვს დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება ; გ) იმ პირის ძებნა შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენის მიზნით , რომელიც , მიუხედავად გამოძახებისა , თავს არიდებს გამოძიების ან სასამართლოს წინაშე გამოცხადებას ; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის ძებნა და შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარდგენა , თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას; დ) დანაშაულებრივი ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა და დადგენა; ე) უგზო - უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა; ვ) სისხლის სამართლის საქმეზე აუცილებელი ფაქტობრივი მონაცემების მოპოვება ; ზ) დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩამდენი პირის იდენტიფიცირება (სახელის, გვარის, ასაკის, მოქალაქეობის დადგენა ). მუხლი 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ცნება 1. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება არის ამ კანონით დადგენილი წესით უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მოქმედება, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ამ კანონის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ ამოცანათა შესრულებას. 2. ამ ამოცანათა შესასრულებლად ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების მიერ ღიად ან კონსპირაციის წესების დაცვით გამოიყენება: ა) პირის გამოკითხვა; ბ) ცნობების შეგროვება და ვიზუალური კონტროლი; გ) საკონტროლო შესყიდვა; დ) კონტროლირებადი მიწოდება; ე) საგნებისა და დოკუმენტების გამოკვლევა; ვ) პიროვნების იდენტიფიკაცია (გაიგივება); ზ) დაკავებულის, დაპატიმრებულისა და მსჯავრდებულის კორესპონდენციის ცენზურა; თ) ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემების მოპოვება; ი) (ამოღებულია - 01.08.2014, N2635); კ) დადგენილი წესით დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა; ლ) დადგენილი წესით კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა. მ) ინტერნეტურთიერთობის მონიტორინგი – გლობალურ საინფორმაციო ქსელში (ინტერნეტში) მიმდინარე ღია და დახურული ხასიათის ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება და მათში მონაწილეობა, ასევე უკანონო კომპიუტერული მონაცემის მიღების სიტუაციის შექმნა, რომელიც ემსახურება დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობის დადგენას. [(ძალადაკარგულია ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც უკავშირდება იმავე ნორმის სიტყვებს ,,ინტერნეტურთიერთობებზე დაკვირვება” ) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2012 წლის 24 ოქტომბრის გადაწყვეტილე ბა № 1 /2/519 - ვებგვერდი , 30.10.2012წ.] 3. ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ ორგანოს შეუძლია ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის XVI1 თავით დადგენილი წესით მოიპოვოს ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელი მონაცემები შემდეგ შემთხვევებში: უგზო - უკვლოდ დაკარგული პირის ძებნისას; ბრალდებულის ან მსჯავრდებულის შესაბამის სახელმწიფო ორგანოში წარსადგენად ძებნისას , თუ ის თავს არიდებს მისთვის შეფარდებული იძულებითი ღონისძიების გამოყენებას ან დანიშნული სასჯელის მოხდას; დანაშაულის შედეგად დაკარგული ქონების ძებნისას. 31. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიებები მოსამართლის მიმართ ასევე შეიძლება ჩატარდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ბრძანებით საქართველოს მთავარი პროკურორის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე. 4. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635). 5. (ამოღებულია - 01.08.2014, N2635). 6. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩამონათვალი შეიძლება შეიცვალოს ან შეივსოს მხოლოდ ამ კანონით. 7. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარებისას დგება ოქმი, რომელშიც აისახება, თუ რა პირობებში იქნა გამოყენებული ტექნიკური საშუალებები. ოქმი მიღებულ მასალებთან ერთად ინახება ამ კანონით დადგენილი წესების დაცვით. 8. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თანამდებობის პირი პირადად მონაწილეობს ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ღონისძიებების ჩატარებაში, ამასთან, მას უფლება აქვს გამოიყენოს კონკრეტული დარგის სპეციალისტების, აგრეთვე ცალკეულ პირთა ნებაყოფლობითი ღია ან ფარული დახმარება. მუხლი 8. ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლები 1. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების საფუძვლებია: ა) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება მის/მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) პროკურორის ან პროკურორის თანხმობით გამომძიებლის დავალება ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში , როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება , რომ მზადდება , ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება , რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება , მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები , რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს; გ) დადგენილება იმ პირის ძებნის შესახებ , რომელიც ემალება გამოძიებას , სასამართლოს ან თავს არიდებს სასჯელის მოხდას; დ) პირის უგზო - უკვლოდ გაუჩინარება , ამოუცნობი გვამის ან უპატრონო ქონების აღმოჩენა; ე) ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოს თხოვნა - შეკითხვა; ვ) საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანიზაციის ან უცხო ქვეყნის სამართალდაცვის ორგანოს თხოვნა - შეკითხვა სამართლებრივი დახმარების შესახებ ხელშეკრულების (შეთანხმების) შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, აგრეთვე იმავე პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, თუ ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელების თხოვნა შეეხება პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ინფორმაციის შეგროვებას მაშინ , როდესაც არ არსებობს გამოძიების დასაწყებად საკმარისი ინფორმაცია , ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს. 3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ოპერატიულ სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა, ოპერატიულ - სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით , პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. 4. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიმართვისას, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე -4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ - სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიმართვისას, საქართველოს მთავარი პროკურორის თანხმობით შეიძლება გაგრძელდეს 12 თვემდე. ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია . მუხლი 12. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები 1. თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლება აქვთ: ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს; ბ) საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს; გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ოპერატიულ ორგანოებსა და საგამოძიებო დანაყოფებს; დ) საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის შიდა ინსპექტირების სამმართველოს, საგამოძიებო დანაყოფის გამომძიებლებს და პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების უსაფრთხოების სამსახურს; ე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ოპერატიულ, საგამოძიებო და სადაზვერვო ქვედანაყოფებს; ვ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიულ ორგანოებს; ზ) პროკურატურის გამომძიებლებს; თ) (ამოღებულია – 03.06.2011, №4732); ი) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი დანაყოფის გამომძიებლებს და ოპერატიული სამმართველოს თანამშრომლებს. 2. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ნუსხა შეიძლება შეიცვალოს მხოლოდ ამ კანონით. 3. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოები მათ წინაშე დასმულ ამოცანებს წყვეტენ დამოუკიდებლად, ურთიერთმოქმედებით, აგრეთვე ცალკეულ პირთა ხელშეწყობით